
ნოლპაზა კუჭის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებებისა და გასტროეზოფაგალურ რეფლუქსთან დაკავშირებული სიმპტომების საწინააღმდეგო წამალია. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ის გულძმარვის, ყლაპვისას ტკივილის სამკურნალოდაა განკუთვნილი.
მისი მიღება თვითნებურად არ არის რეკომენდებული. თუკი მიიჩნევთ, რომ მსგავსი პრეპარატი გესაჭიროებათ, მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით დაიწყეთ წამლის მიღება.
რადგანაც გულძმარვასა და შემდეგ კუჭში ეროზიულ პროცესებს მარილმჟავას მომატება იწვევს, ნოლპაზას მოქმედება სწორედ ამ მჟავის წარმოქმნის საწინააღმდეგოა. ის სპეციფიკური ფერმენტის დახმარებით ბლოკავს მარილმჟავას სინთეზს.
რაც მთავარია, ნოლპაზას მოქმედება გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და, შესაბამისად, ხელს არ უშლის საკვების დაშლისა და მონელების პროცესს.
პსპ-ს სააფთიაქო ქსელში წამალი ორი სხვადასხვა დოზირებით შეიძლება, შევიძინოთ — 20მგ და 40მგ-იანი ტაბლეტები. ნოლპაზას 40მგ-იანი ტაბლეტები 14 და 28-ცალიან შეფუთვებში გვხვდება. ამავე რაოდენობებითაა წარმოდგენილი შეფუთვაში ნოლპაზა 20 მგ-იც.
ნოლპაზას ანოტაცია
ნოლპაზა ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით გვხვდება. მასში მოქმედი მთავარი ნივთიერება პანტოპრაზოლ ნატრიუმის სესქვიჰიდრატია, ხოლო დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის კარბონატი, უწყლო, სორბიტოლი, კალციუმის სტეარატი.
რაც შეეხება ხსნად გარსს, მის შედგენილობაში შედის: ჰიპრომელოზა, პოვიდონი, ტიტანიუმის დიოქსიდი, E171, რკინის ოქსიდის საღებავი ყვითელი, E172, პროპილენგლიკოლი, მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), 30% დისპერსია (ეუდრაჰიდის L30D დისპერსია, მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერის და წყლის გარდა, ემულგატორის სახით შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს (0,7%, გათვლილია დისპერსიაში მშრალ ნივთიერებაზე) და პოლისორბატ 80 (2,3%, გათვლილია დისპერსიაში მშრალ ნივთიერებაზე)), ტალკი, მაკროგოლი 6000.
წამლის ანოტაცია ფაქტობრივად, იდენტურია დოზირების მიუხედავად. ნოლპაზა 40მგ-იანის ანოტაცია იმავე ინფორმაციას აწვდის პაციენტს, რასაც ნოლპაზა 20მგ-ის ანოტაცია.
რას მკურნალობენ პრეპარატის დახმარებით?
ნოლპაზა გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და პათოლოგიური კუჭის ჰიპერსეკრეციის სხვა მდგომარეობები.
ნოლპაზათი მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობის გამორიცხვა. ეს სხვადასხვა მეთოდით შეიძლება მოხდეს — იქნება ეს ენდოსკოპიური კონტროლი, თუ ბიოფსია. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუჭის წყლულის მკურნალობის შემთხვევაში. თუკი ამ წარმონაქმნების არსებობა არ გამოირიცხება, მკურნალობით შეიძლება მათი სიმპტომები შეინიღბოს და სწორი დიაგნოზის დასმა გადავადდეს.
ნოლპაზას გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა ყველა წამლის მიღებას, ნოლპაზას გამოყენებასაც შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები. ცხადია, ეს სიმპტომები ყველა პაციენტში არ ვლინდება და საკმაოდ იშვიათია, თუმცა, გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს.
ნოლპაზას გამოყენების თანმდევი, ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
- პერიფერიული შეშუპებები;
- ჰიპერთერმია;
- სისუსტე;
- სარძევე ჯირკვლების მტკივნეული დაჭიმულობა;
- ტრიგლიცერიდების დონის მომატება;
- ჭინჭრის ციება,
- ანგიონევროზული შეშუპება;
- სტივენს – ჯონსონის სინდრომი;
- პოლიმორფული ერითემა;
- ლაილის სინდრომი;
- ფოტოსენსიბილიზაცია (ე.წ. მზის ალერგია);
- ინტერსტიციალური ნეფრიტი;
- დეპრესია;
- მიალგია;
- ანაფილაქსიური რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი);
- ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და გამა-გლუტამინტრანსფერაზის (გგტ) მომატება;
- ღვიძლის მძიმე დაზიანებები, რომელსაც მოყვება სიყვითლე ღვიძლის უკმარისობით ან მის გარეშე;
- ლეიკოპენია;
- თრომბოციტოპენია
იშვიათი გვერდითი მოვლენებია:
- ართრალგია;
- პირის სიმშრალე
არახშირი გვერდითი მოვლენებია:
- გულისრევა,
- ღებინება;
- თავბრუსხვევა,
- მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა).
- ქავილი და გამონაყარი;
შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენებია:
- მუცლის ტკივილი,
- დიარეა,
- შეკრულობა,
- მეტეორიზმი;
- თავის ტკივილი
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ სიმპტომების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს, ხოლო მძიმე მოვლენების განვითარებისას შევწყვიტოთ მიღება და გავიაროთ კონსულტაცია.
ნოლპაზას მიღების წესი
ნოლპაზა მოზრდილ პაციენტებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. მიუხედავად იმისა, რომ ნოლპაზას აქტიური ნივთიერების, პანტოპრაზოლის მიღება ინტრავენურადაც შეიძლება, რეკომენდებულია, რომ პაციენტმა პრეპარატი პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით, ყლაპვით) მიიღოს.
ექიმები გვეუბნებიან, რომ არ შეიძლება ტაბლეტის ჩაღეჭვაც — ნოლპაზა ნაწლავში ხსნადი მედიკამენტია, ამიტომაც ის მთლიანი უნდა გადავყლაპოთ, მცირეოდენი წყლის საშუალებით.
როგორც წესი, ინიშნება ერთი ტაბლეტი დღეში. თუმცა, დაავადებისა და მისი სიმძიმის გათვალისწინებით, დღიური დოზა, შესაძლოა, 80 ან 160 მგ-საც გაუტოლდეს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მკურნალი ექიმის მიერ უნდა იყოს მიღებული.
მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიული პროცესების სამკურნალოდ, როგორც წესი, დღეში 1 ტაბლეტი — 40 მგ ინიშნება. მაგრამ, ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და პათოლოგიური კუჭის ჰიპერსეკრეციის სხვა მდგომარეობების სამართავად, შესაძლოა, ექიმმა დოზა 80 ან 160 მგ-მდე გაზარდოს.
ნოლპაზათი მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ასეთია:
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას - 2 კვირა;
- კუჭის წყლულოვანი დაავადებებისას - 4-8 კვირა;
ზოლინგერ – ელისონის სინდრომისა თუ სხვა პათოლოგიური ჩვენებების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, შესაბამისი კვლევების შემდეგ.
თუკი ნოლპაზათი მკურნალობის 4 კვირის თავზე პაციენტს სასურველი ეფექტი არ აღენიშნება, განმეორებითი კვლევები უნდა ჩატარდეს.
თუკი პაციენტს აწუხებს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, პანტოპრაზოლის (აქტიური ნივთიერების) დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 40მგ-ს. გარდა ამისა, აუცილებელია, მკურნალობას ზედამხედველობდეს ექიმი და რეგულარულად აკონტროლებდეს ღვიძლის ფერმენტების დონეს. ამ ფერმენტების აქტივობის ზრდის შემთხვევაში ნოლპაზათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პანტოპრაზოლის დღიური დოზა 40 მგ-ია მაშინაც, თუკი პაციენტი ხანდაზმულია, ან თირკმლის დაავადებები აქვს.
რა ხდება წამლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში?
როგორც ცნობილია, ადამიანებში პანტოპრაზოლის გადაჭარბებული დოზით მიღებისას სიმპტომები უცნობია.
თუმცა, თუკი პაციენტმა დანიშნულ დოზაზე მეტი მედიკამენტი მიიღო და ინტოქსიკაციის ჩვეული ნიშნები აქვს (თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა), მკურნალობა სიმპტომურია. როგორც წესი, შეიძლება მიმართონ დეზინტოქსიკაციურ ღონისძიებებს.
ვინ არ უნდა მიიღოს ნოლპაზა?
ნოლპაზას მიღება არ არის რეკომენდებული, თუკი:
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ხართ იშვიათი გენეტიკური აუტანლობის მატარებელი ფრუქტოზის მიმართ, რადგან ნოლპაზა შეიცავს სორბიტოლს;
- გაქვთ ნევროზული გენეზის დისპეფსია;
- აღგენიშნებათ ციანკობალამინის (ვიტამინ B12) დეფიციტის რისკ ფაქტორები (განსაკუთრებით ჰიპო და აქლორჰიდრიის ფონზე).
მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან 18 წლამდე პაციენტებში მისი ეფექტიანობა თუ უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ასევე, ნოლპაზას მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ ორსულებს. სპეციალისტების რეკომენდაციაა, ნოლპაზა ორსულებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნოს, თუკი დედისთვის მიცემული სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის არსებულ რისკებს.
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რა რაოდენობით ან საერთოდ თუ გამოიყოფა პანტოპრაზოლი დედის რძეში. სწორედ კვლევების არარსებობის გამო კიდევ ერტი რეკომენდაციაა, რომ ლაქტაციაზე მყოფმა დედებმაც მხოლოდ მაშინ მიიღონ ნოლპაზა, როცა წამლის დადებითი ეფექტი დედისთვის ბევრად მეტია, ვიდრე შესაძლო ზიანი.
როგორც ცნობილია, ნოლპაზას მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიკურ საშუალებებთან მუშაობაზე.
ნოლპაზას მოქმედება სხვა წამლებთან
ნოლპაზა მარილმჟავას სინთეზს ბლოკავს, შესაბამისად, კუჭში სიმჟავის დონეს ამცირებს. სწორედ ამიტომ, ის იმ პრეპარატების შეწოვას უშლის ხელს, რომლებიც ორგანიზმში შეღწევადობაც კუჭის შიგთავსის PH-ზეა დამოკიდებული და მხოლოდ მჟავე მაჩვენებლებისას შეიწოვება.
ასეთი პრეპარატებია, მაგალითად, ე.წ. აზოლების ჯგუფი — სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები. მათი მიღება ნოლპაზასთან ერთად უშედეგო შეიძლება იყოს და თუკი პაციენტში ორივე პრეპარატის მიღების საჭიროება დგას, გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს — როგორ წარიმართოს მკურნალობის კურსი.
ნოლპაზას შემადგენელი აქტიური ნივთიერება პანტოპრაზოლი აქვეითებს ატაზანავირის შეღწევადობასაც. სწორედ ამიტომ, ატაზანავირის შემცველობით პრეპარატსა და ნოლპაზას, როგორც წესი, ერთად არ ნიშნავენ. მათი ერთდროული მიღების შესახებაც აუცილებლად უნდა გავესაუბროთ ექიმს და არ მივიღოთ გადაწყვეტილება თვითნებურად.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს, რეკომენდებულია პროთრომბინული დროის, საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების კონტროლი ნოლპაზას დანიშვნის, ამ წამლით მკურნალობის დასრულებისა და არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში.
ნოლპაზას მთავარი აქტიური ინგრედიენტი, პანტოპრაზოლი ღვიძლში ციტოქრომ P450 – ის ფერმენტული სისტემის საშუალებით მეტაბოლიზდება. ამავე სისტემით მეტაბოლიზდება ძალიან ბევრი აქტიური ნივთიერებაც, თუმცა, ზოგიერთ მათგანთან პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება ამ დრომდე დადგენილი არ არის. ეს ნივთიერებებია: დიგოქსინი, დიაზეპამი, დიკლოფენაკი, ეთანოლი, ფენიტოინი, გლიბენკლამიდი, კარბამაზეპინი, კოფეინი, მეტოპროლოლი, ნაპროქსენი, ნიფედიპინი, პიროქსიკამი, თეოფილინი და პერორალური კონტრაცეპტივები.
ასევე, არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა პანტოპრაზოლის ანტაციდებთან ერთად მიღებისას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account