რა არის პარლაზინი და როგორ ეხმარება ის ჩვენს ორგანიზმს

პარლაზინი უნგურლი წარმოების ალერგიის სიმპტომების საწინააღმდეგო პრეპარატია. ის ფარმაცევტულ მაღაზიებში ექიმის რეცეპტის გარეშე, უშუალოდ დახლიდან გაიცემა. 

 

ამ ბლოგში გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს მის შესახებ, ასევე განვიხილავთ თუ როგორ მოქმედებს პრალაზინი ჩვენს ორგანიზმზე და როდის არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მკურნალობაში. 

 

პრეპარატის აღწერა — როდის და რა დოზით გამოიყენება ის

პარლაზინი სიმპტომური მკურნალობის პრეპარატია, რაც გულისხმობს გამოვლენილი ალერგიული სიმპტომების, მაგალითად ცემინების ან ქავილის შეგრძნების, ჩაცხრომას და არა ალერგიის პრევენციას. აქედან გამომდინარე პარლაზინის მოხმარება რეკომენდებულია მხოლოდ სიმპტომების ჩაცხრობამდე, ხანმოკლე ვადით. 

 

პრეპარატი პირადი მოხმარებისთვის ძირითად უსაფრთხოა. პარლაზინი ბავშვების ალერგიული სიმპტომების სამკურნალოდაც გამოიყენება, თუმცა 6 წლამდე ბავშვებისთვის, პრეპარატის მიღებამდე, მაინც რეკომენდებულია ექიმთან შეთანხმება.

 

ზოგადად, მისი უკუჩვენებების და გვერდითი მოვლენების სანახავად შეგიძლიათ ანოტაციაში არსებულ პარლაზინის ინსტრუქციას მიჰყვეთ.

 

პარლაზინი ტაბლეტების ან თხევადი (წვეთების) სახით გაიცემა. ორივე სახის მედიკამენტი ერთი და იგივე ნივთიერებას შეიცავს. განსხვავება პარლაზინის წვეთებსა და პარლაზინის აბებს შორის მათი მიღების ფორმით გამოიხატება.  

 

პარლაზინის 10მგ-იანი ტაბლეტი რეკომენდებულ დღიურ დოზას წარმოადგენს. ტაბლეტების გამოყენება უმჯობესია 12 წელზე უფროსებისთვის, რომელთაც რეგულარული დოზირება ესაჭიროებათ. პარლაზინის წვეთები კი დოზის შერჩევის ან ცვლილების უფრო ფართო შესაძლებლობას გვთავაზობს. 

 

ცხადია, შეგიძლიათ პარლაზინის ტაბლეტის ეკვივალენტური 10მგ მიიღოთ წვეთების სახითაც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის ნაკლები მოცულობა არის მიზანშეწონილი. 

 

წვეთების გამოყენება უმჯობესია ბავშვებისთვის, რადგან პარლაზინის საბავშვო დოზა დღის განმავლობაში 5-2.5 მილიგრამს მოიცავს. ასევე წვეთების მიღება უფრო კომფორტულია მცირეწლოვანი ბავშვისთვის მათთვის რთულად გადასაყლაპი ტაბლეტებისგან განსხვავებით. წვეთების მიღება ხელსაყრელია 65 წელზე უფროსებისთვისაც და იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც პარლაზინის სპეციფიკური, ექიმის მიერ დანიშნული, მოცულობა ესაჭიროება, მაგალითად თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობების მქონე პაციენტებს. 

 

მისაღები წვეთების გამოანგარიშება ადვილია, 1მგ - 2 წვეთი პროპორციით. პარლაზინის 5მგ-იანი დოზა გულისხმობს პარლაზინის 10 წვეთს, ხოლო 2.5 მგ - 5 წვეთს. პარლაზინის წვეთების მიღება შეგიძლიათ მცირე ოდენობის წყალთან გაზავებით.       

 

როგორია პრეპარატის მოქმედების მექანიზმი 

პრეპარატის მოქმედების გამოსარკვევად, პირველ რიგში, შეგვიძლია განვიხილოთ თუ რა ხდება მისი მიღების დროს უმცირეს უჯრედულ დონეზე. 

მედიკამენტ პარლაზინში გვხვდება აქტიურ ნივთიერება ცეტრიზინის ჰიდროქლორიდი. ცეტრიზინს, როგორც ზოგადად სხვა ალერგიების საწინააღმდეგო პრეპარატებს ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს მიაკუთვნებენ. თუმცა რა არის ჰისტამინი და რატომ გვჭირდება მასთან შეწინააღმდეგება?

ჰისტამინი ქიმიური ნაერთია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს. ის იმუნურ სისტემას სხვადასხვა დაზიანებების შემჩნევაში ეხმარება. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჰისტამინი იმუნური სისტემის ერთ-ერთი გუშაგია, რომელიც ორგანიზმში შემოჭრილი დამაზიანებლების შემჩნევისას, განგაშის ზარს სცემს და მოუწოდებს იმუნური სისტემის უჯრედებს, რომ სასწრაფოდ გააქტიურდნენ. 

 

ზოგჯერ ჰისტამინის გუშაგი იბნევა და ორგანიზმისთვის უსაფრთხო ნივთიერება (საკვები, მტვრის ნაწილაკები და სხვა.) საშიში ეჩვენება, ამიტომ ის კვლავ ატეხს განგაშს და ააქტიურებს იმუნურ სისტემას. 

 

ახლა რაც აღვწერეთ არის ჩვენთვის ნაცნობი ალერგიული რეაქციების მიზეზი. ანტიჰისტამინები სწორედ ასეთ დროს გვეხმარებიან. ისინი ტყუილად შეშინებულ ჰისტამინებს ამშვიდებენ და შესაბამისად აცხრობენ ჩვენ იმუნურ რეაქციას: ცემინებას, შეშუპებას, წვის ან სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. 

უშალოდ ანტიჰისტამინი - ცეტრიზინი, უერთდება H1 ჰისტამინურ რეცეპტორს, რაც აჩერებს მათ განგაშს და შესაბამისად აფერხებს ალერგიულ სიმპტომებს. ცერტიზინი ასევე არეგულირებს პოხიერ უჯრედებს, რომლებიც ალერგიული რეაქციის დროს უფრო და უფრო მეტ ჰისტამინებს გამოყოფენ. 

პარლაზინი მიღებიდან მალევე აქტიურდება. ის დაახლოებით 15-30 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას. პრეპარატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 24 საათით, შვებას ანიჭებს ორგანიზმს და ათავისუფლებს სიმპტომებისგან. 

 

რა სახის ალერგიული რეაქციების დროს გამოიყენება პარლაზინი 

პარლაზინი ყველაზე მეტად ხელსაყრელია სეზონური ან ზოგადი, შედარებით მსუბუქი ალერგიების გამკლავებისთვის. მას ხშირად იყენებენ ალერგიული რინიტის სიმპტომების დასაცხრობად. ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა და ძირითადად გამოწვეულია მცენარეული მტვრის ან უბრალოდ მტვრის ნაწილაკებით, ასევე ობის სოკოს ან შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად. ალერგიული რინიტი ხასიათდება გაციების მსგავსი შემაწუხებელი სიმპტომებით, როგორიც არის:

  • ცემინება; 
  • ცხვირის ქავილის შეგრძნება; 
  • ხშირი გამონადენი ცხვირიდან ან პირიქით გაჭედილი ნესტოები;
  • თვალების სიწითლე და თვალების ქავილის შეგრძნება;
  • ხველება და სასის ქავილის შეგრძნება.

პარლაზინის გამოყენება შეგვიძლია კანის ალერგიული დაზიანების დროს. კანის ალერგიები ხშირად გამოწვეულია მწერის ნაკბენის ან საკვების მიერ. მათი სიმპტომები ძირითადად კანზე გამონაყარით, წვისა და ქავილის შეგრძნებით ხასიათდება.

პარლაზინი ხშირად გამოიყენება ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის, იგივე ჭინჭრის ციების საწინააღმდეგოდაც. ჭინჭრის ციება აუცილებლად ალერგიული რეაქციით არ არის გამოწვეული, თუმცა პარლაზინი მისი ანტიჰისტამინური თვისებით, მაინც გვეხმარება სიმპტომების დაძლევაში. 

 

ჭინჭრის ციება ხასიათდება შეშუპებული ამობურცული კანის არეებით, რომლებიც ჰგავს ჭინჭრის ნასუსხს. დაზიანებულ კანს თან ახლავს ტკივილის და ქავილის შეგრძნება. შეშუპება შეიძლება აღინიშნებოდეს ტუჩების, თვალების ან ყელის არეებშიც.

გაითვალისწინეთ, რომ პარლაზინის გამოყენება არ არის ნაჩვენები მწვავე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიის) მკურნალობისთვის.