
დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ფორმით. მას თან ახლავს მოწყენილობა, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის კარგვა ისეთი რაღაცების მიმართ, რაც ადრე გაბედნიერებდათ.
ბუნებრივია, დეპრესია არ გამოიხატება მხოლოდ შინაგანი გრძნობებითა და ეფექტებით — ის თანაბრად ზემოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პირად ურთიერთობებზე და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე. საზოგადოება დეპრესიას, ხშირად, ზედაპირულად, პრიმიტიულად იაზრებს და მკურნალობას აუცილებლად არ თვლის — ეს დიდი შეცდომაა, რადგან სათანადოდ მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, დეპრესიის გავლენით უმძიმესი შედეგებიც დადგეს.
შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტურ მკურნალობას, რომელიც დაგეხმარებათ, დაიბრუნოთ კონტროლი ემოციებსა და ყოველდღიურობაზე. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ციპრალექსია, მედიკამენტი, რომელმაც დეპრესიის სიმპტომებთან ეფექტიანი ბრძოლით გაითქვა სახელი — ის დაგეხმარებათ სეროტონინის ბალანსის აღდგენაში და დაგიბრუნებთ ჯანსაღ ყოველდღიურობასა და ცხოვრების ხალისს.
რა არის ციპრალექსი — ანოტაცია
ციპრალექსი ანტიდეპრესანტია — შექცევადი მოქმედების სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორი, მის მოქმედ ნივთიერებას ესციტალოპრამი წარმოადგენს. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება იწვევს სინაფსურ ნაპრალში ამ ნეირომედიატორის კონცენტრაციის ზრდას, პოსტსინაფსური რეცეპტორულ უბნებზე ახდენს მოქმედების გაძლიერებასა და პროლონგირებას. ესციტალოპრამს არ აქვს, ან ძალიან სუსტი უნარი გააჩნია დაუკავშირდეს რეცეპტორების რიგს, მათ შორის: 5-HT1a, 5-HT2 რეცეპტორებს, დოფამინის D1 და D2 რეცეპტორებს, a1-, a2-, ß- ადრენო რეცეპტორებს, ჰისტამინურ H1, მუსკარინულ ქოლინორეცეპტორებს, ბენზოდიაზეპინურ და ოპიატურ რეცეპტორებს.
ციპრალექსი ინიშნება ნებისმიერი სიმძიმის დეპრესიული ეპიზოდების დროს. პსპ-ის აფთიაქებში ვხვდებით მედიკამენტს 10მგ-იანი ტაბლეტების სახით.
ციპრალექსი 10მგ-ის შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ესციტალოპრამის ბიო-შეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%-ს. მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ, სისხლის პლაზმაში პრეპარატი მაქსიმალურ კონცენტრაციას, საშუალოდ, 4 საათში აღწევს. განაწილების სავარაუდო მოცულობა პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) მიღების შემდეგ, შეადგენს 12-დან 26ლ/კგ-მდე. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. ძირითადი სუბსტანცია და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივად გამოიყოფა გლუკურონიდების სახით.
ნახევრად გამოყოფის პერიოდი, პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ, დაახლოებით 30 საათს შეადგენს. პერორალური გამოყენებისას კლირენსის მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 0.6 ლ/წთ-ს. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა ღვიძლით (მეტაბოლური გზა) და თირკმელებით. პრეპარატის უდიდესი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.
როგორია პრეპარატის მიღების წესი
როგორც ნებისმიერი მედიკამენტის, ისე ციპრალექსის შემთხევაში, მნიშვნელოვანია, მკაცრად დაიცვათ მიღების წესი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოთ. შესაბამისად, ნუ მიიღებთ პრეპარატს ექიმის დანიშნულების გარეშე — ასე საკუთარ თავს საუკეთესოდ გაუფრთხილდებით.
დეპრესიული ეპიზოდების დროს, როგორც წესი, ინიშნება ციპრალექსის 10მგ-იანი დოზა დღე-ღამეში.
ექიმის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალურ რეაქციაზე დაკვირვებით, სადღეღამისო დოზა შეიძლება ციპრალექსის 20მგ-მდეც გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ანტიდეპრესიული ეფექტი ერთ წუთში არ მოდის — როგორც წესი, ამას მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირა სჭირდება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგაც — თერაპია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
ციპრალექსი გამოიყენება პანიკური დარღვევების დროსაც, რომელთაც თან სდევს აგორაფობია (ხალხმრავალი ადგილების, გაშლილი სივრცეების შიში). მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, სადღეღამისო დოზა 5მგ ციპრალექსს შეადგენს, რომელიც მოგვიანებით 10მგ-მდე იზრდება. მაქსიმალური დოზა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს დღეში 20მგ-ს. თერაპიული ეფექტი, საშუალოდ, 3 თვეში მიიღწევა და როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გრძელდება.
გაფრთხილება: მიუხედავად ბლოგში მოცემული დოზებისა, მაინც მოერიდეთ ციპრალექსის დამოუკიდებლად მიღებას და მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან.
გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები
როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, გვერდითი მოვლენები ციპრალექსსაც ახასიათებს — ჩამონათვალი ნუ შეგაშინებთ! ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და მიღების წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, მათი გამოვლენის რისკი მინიმალურია.
გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენენ მკურნალობის 1-ელ კვირას ან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ მათი ინტენსიურობა ნელ-ნელა იკლებს და ისინი უფრო იშვიათად იჩენენ თავს ხანგრძლივი თერაპიისას.
შედარებით ხშირად ვხვდებით გულისრევას, მადის დაქვეითებას, ფაღარათს, ყაბზობას, უძილობას ან ძილიანობას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, გაძლიერებულ ოფლიანობას, ჰიპერთერმიას, სინუსიტებს, ლიბიდოს დაქვეითებას, ეაკულაციის დარღვევასა და ანორგაზმიას ქალებში.
შედარებით იშვიათად შეიმჩნევა გემოს რეცეპტორების ფუნქციონირების დაქვეითება და უძილობაც. შესაძლებელია განვითარდეს ორთოსტატური ჰიპოტენზია, ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია, მხედველობის დარღვევა, პირღებინება, სიმშრალე პირის ღრუში, ანაფილაქსიური რეაქციები, ღვიძლის ფუნქციონირების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვალებადობა, ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვითი შეტევები, ტრემორი, მოძრაობის დარღვევები, სეროტონინური სინდრომი, ჰალუცინაციები, მანია, ცნობიერების დაბინდვა, აგზნება, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, გაძლიერებული გაღიზიანებადობა, შარდის შეკავება, გალაქტორეა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ეკიმოზი, პურპურა და ანგიონევროზული შეშუპება.
გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ციპრალექსით თერაპიის უცებ შეწყვეტამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის წარმოქმნა. ესციტალოპრამის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პირღებინება, რომლებიც არ არის მკვერთად გამოხატული და მათი ხანგრძლივობა ასევე შეზღუდულია.
პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა კრუნჩხვითი შეტევები. არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში გამოყენება, რომელთაც აწუხებთ არასტაბილური ეპილეფსია; იმ შეტევებისას რომლებიც ექვემდებარება კონტროლს, აუცილებელია დეტალური დაკვირვება. კრუნჩხვითი შეტევების ზრდის შემთხვევაში, მკურნალობა სუი-ით, ესციტალოპრამის ჩათვლით, უნდა შეწყდეს.
ესციტალოპრამის მიღებისას შესაძლებელია კანზე სისხლჩაქცევების განვითარება (ეკქიმოზი და პურპურა). ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ სისხლდენისკენ, და ასევე იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს და პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე.
რაც შეეხება სიფრთხილის სხვა ზომებს, ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით) რეკომენდებულია ჩვეულებრივი დოზის ნახევრის გამოყენება (ანუ სულ 5 მგ დღეში) და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზის გამოყენება (10 მგ დღეში).
თუ პაციენტს თირკმელების ფუნქცია დაქვეითებული აქვს — თირკმელების მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას დოზა არ მოითხოვს კორექციას. პაციენტებს გამოხატული თირკმელების უკმარისობით, ციპრალექსი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში.
არ არის რეკომენდებული ციპრალექსის გამოყენება 15 წლამდე ბავშვებში და ქალებისთვის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პაციენტი პანიკური აშლილობით სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით (სუი) მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება შეაწუხოს გაძლიერებულმა შფოთვამ. ამგვარი პარადოქსალური რეაქცია, როგორც წესი, ქრება მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში. ასევე, პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ესციტალოპრამმა შეიძლება შეამციროს გლუკოზის დონე სისხლში. ამიტომ შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.
ციპრალექსის ზედოზირება საკმაოდ სახიფათოა, ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები, ტაქიკადრია, არითმია, სუნთქვის დათრგუნვა, გულისრევა, რაბდომიოლიზი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალემია. ასეთ დროს არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი, შესაბამისად უნდა მიმართოთ კუჭის ამორეცხვას, ადექვატურ ოქსიგენაციას, გულისა და სისხლძარღვების და სასუნთქი სისტემის ფუნქციების მონიტორინგს.
როგორია ციპრალექსის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ციპრალექსით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ყველა იმ წამლის შესახებ, რომელსაც პარალელურად იღებთ, რადგან, შესაძლოა კონკრეტულ მედიკამენტთან ციპრალექსი უარყოფითად ურთიერთქმედებდეს.
შესაძლებელია სერიოზული არასასურველი რეაქციების წარმოქმნა ციპრალექსისა და მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას. ასევე მაო-ს ინჰიბიტორების მიღებისას იმ პაციენტების მიერ, რომლებმაც მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს ციპრალექსის მიღება. ამგვარ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სეროტონინური სინდრომი.
ერთდროულმა გამოყენებამ სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, ტრამადოლთან, სუმატრიპტანთან და სხვა ტრიპტანინებთან) შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის განვითარება.
სისხლის შედედების დარღვევა შეიძლება წარმოიქმნას ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების და წამლების მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე ერთდროული დანიშვნისას. ამგვარ შემთხვევებში ესციტალოპრამით თერაპიის დაწყებისას ან დასრულებისას, აუცილებელია სისხლის შედედების დეტალური მონიტორინგი.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩამონათვალი სრული არ არის, ამიტომ, როგორც უკვე აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმმა იცოდეს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პარალელურად იღებთ.
შენახვის პირობები და სხვა მონაცემები
ციპრალექსი შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლის სხივებისათვის დაფარულ ადგილას. ასევე, შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე. დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ ვადაში იგულისხმება თარიღში აღნიშნული თვის ბოლო დღე, ხოლო ამ კონკრეტული პროდუქტის ვარგისობა 2 წელიწადს შეადგენს.
ციპრალექსი 10მგ-ს პსპ-ის აფთიაქების ქსელში ვხვდებით 14 და 28 ტაბლეტიანი შეფუთვებით.
საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, ყურადღების მიღმა გარემოც არ უნდა დაგრჩეთ — ნუ გადააგდებთ ციპრალექსს გამდინარე წყალში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მორჩენილი პრეპარატების უტილიზაციაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
საბოლოოდ, გახსოვდეთ, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკურზე. სწორედ ამიტომ, ყოველთვის დაეყრდენით პროფესიონალურ გამოსავალს და არა ახლობლების რჩევებს — ციპრალექსი პრეპარატია, რომელიც მაშინაც კი თქვენს გვერდითაა, როცა მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account