
ბოტულიზმი არის სერიოზული, მაგრამ იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ადამიანის სხეულის ნერვებს აზიანებს. მას იწვევს ბაქტერია Clostridium botulinum (C. botulinum). ეს უკანასკნელი წარმოქმნის ნეიროტოქსინს, შხამს, რომელიც თავს ესხმის ნერვულ სისტემას.
საკვებით გამოწვეული დაავადებების მრავალი სახეობიდან ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია — მას შეუძლია ადამიანის პარალიზება და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა.
ბოტულიზმის გავრცელების გზები
ბოტულიზმის ბაქტერია შეიძლება კონსერვში აღმოჩნდეს და სწორედ ამ გზით მოხვდეს ის ადამიანის ორგანიზმში. თუმცა ბოტულიზმის გავრცელების სხვა გზებიც არსებობს.
ბოტულიზმი ჩვილ ბავშვებში
შესაძლოა, ჩვილების ორგანიზმში Clostridium botulinum ბაქტერიის სპორები მოხვდეს და ისინი ამ ტიპის ბოტულიზმით დააავადოს. ეს ბაქტერია ჩვეულებრივ გვხვდება მტვერსა და ნიადაგში, ასევე შეიძლება აღმოჩნდეს იატაკზე და ხალიჩაზე. ასევე შესაძლოა, ჩვილმა ბაქტერიის სპორები შეისუნთქოს.
ჩვილ ბავშვებში ბოტულიზმი შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ის ჭამს თაფლს, რომელშიც ასევე შეიძლება აღმოჩნდეს სპორები. ასაკის მატებასთან ერთად კი ბავშვებს ნაწლავებში თავდაცვის მექანიზმი უყალიბდებათ.
როგორც წესი, ამ ტიპის ბოტულიზმი, ზემოქმედებს 6 თვეზე უმცროს ბავშვებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვილებში ბოტულიზმის რისკი 1 წლამდე არსებობს.
ჭრილობით გავრცელება
ბოტულიზმის ბაქტერიის სპორები შეიძლება ადამიანის ორგანიზმში ღია ჭრილობების საშუალებით მოხვდეს. ამან შეიძლება გაართულოს სუნთქვა, გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და სიკვდილიც კი. ადამიანები, რომლებსაც კანში ან კუნთებში ნარკოტიკები შეჰყავთ, სწორედ ამ ტიპის ბოტულიზმის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან პაციენტი, რომელსაც გადატანილი აქვს ტრავმა, როგორიცაა ოპერაცია ან ავტოსაგზაო შემთხვევა, ასევე შეიძლება ამ ტიპის ბოტულიზმით დაავადდეს.
შესუნთქვით გავრცელება
ბოტულიზმის ეს ტიპი ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბაქტერიას ჰაერიდან შეისუნთქავს. მისი გავრცელება შეიძლება მოხდეს შემთხვევით ან მიზანმიმართულად, მაგალითად, ბიოტერორიზმის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოტულიზმის ამ სახით გავრცელება იშვიათია.
ზრდასრულთა ნაწლავის ტოქსემია
ეს ძალიან იშვიათი სახეობა ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმის მსგავსია. ბაქტერიების სპორები ხვდება ზრდასრული ადამიანის ნაწლავებში, სადაც ისინი იზრდება და ვრცელდება. მას ასევე უწოდებენ ნაწლავების კოლონიზაციას. ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან მოზრდილები, რომლებსაც ნაწლავებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აწუხებთ.
იატროგენული ბოტულიზმი
შესაძლოა, ადამიანი ამ ტიპის ბოტულიზმით დაავადდეს, თუ კოსმეტიკური ან სამედიცინო პროცედურის დროს მის ორგანიზმში ძალიან დიდი მოცულობის ბოტოქსის ტოქსინს შეიყვანენ.
როგორია ბოტულიზმის გამომწვევი მიზეზები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვეულებრივ, ბოტულიზმს იწვევს ბაქტერია Clostridium botulinum. თუმცა ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს Clostridium butyricum ან Clostridium baratii ბაქტერიებით. მათი სპორები იზრდება გარკვეულ პირობებში, მათ შორის არის:
- ჟანგბადის დაბალი დონე ან მისი საერთოდ არარსებობა;
- კერძის დაბალ ტემპერატურაზე მომზადება;
- საკვების თბილი ტემპერატურის პირობებში შენახვა და ა. შ.
როგორია ბოტულიზმის სიმპტომები?
მიუხედავად იმისა, თუ რა გზით დაავადდება ადამიანი ბოტულიზმით, სიმპტომები, როგორც წესი, ერთნაირია. ყველაზე გავრცელებულია სისუსტე, ხოლო სხვა ადრეული სიმპტომები შემდეგია:
- გაორებული ან ბუნდოვანი მხედველობა;
- ზედა ქუთუთოების დაშვება ან თვალების მოძრაობის გაძნელება;
- ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;
- ბუნდოვანი მეტყველება;
- ქოშინი;
- კვების შენელებული ან განსხვავებული ჩვევები;
- შეკრულობა;
- კუნთების დასუსტება.
სხვა შემდგომი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ღებინებას, მუცლის ტკივილს და დიარეას. მოგვიანებით კი შესაძლოა გამოვლინდეს შარდვის გაძნელება და ძლიერი შეკრულობა.
თუ პაციენტი არ იმკურნალებს, მისი სიმპტომები შეიძლება გადაიზარდოს ხელების და ფეხების, ასევე სუნთქვისთვის საჭირო კუნთების დამბლაში.
როგორ ავიცილოთ ბოტულიზმი?
თუ საკვებს სახლში თავად აკონსერვებთ დარწმუნდით, რომ თქვენი ხელები, კონტეინერები და ჭურჭელი მაქსიმალურად სუფთაა. გულდასმით გაასუფთავეთ და შეინახეთ საკვები, რათა დაბინძურების შანსები შეამციროთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ბოტულიზმის ტოქსინის განადგურება შესაძლებელია მაღალ ტემპერატურაზე. გარდა ამისა, სათანადო გაგრილება ასევე ხელს უშლის C. botulinum-ის ზრდას.
ქვემოთ მოცემულია კონსერვების ბოტულიზმით შესაძლო დაბინძურების რამდენიმე ნიშანი:
- ქილა ამობურცულია;
- გახსნისას, ქილიდან გადმოდის ქაფი ან სითხე;
- შიგთავსს უჩვეულო ან უსიამოვნო სუნი აქვს.
როგორ მკურნალობენ ბოტულიზმს?
ბოტულიზმით დაავადების შემთხვევაში, პაციენტს ექიმი გადაგიყვანს საავადმყოფოში, სადაც მას შეიძლება რამდენიმე ტიპის მკურნალობა ჩაუტარდეს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. მათ შორისაა:
ანტიტოქსინები. ბოტულიზმის სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება მედიკამენტი, რომელსაც ანტიტოქსინი ეწოდება. ის პაციენტის სისხლში მოხვედრილ ტოქსინებს ებრძვის. ეს მედიკამენტი ხშირად ხელს უწყობს სიმპტომების გაუარესების შეჩერებას.
ანტიბიოტიკები. შესაძლოა, ექიმმა ანტიბიოტიკები დაგინიშნოთ, თუ დაავადება თქვენს ორგანიზმში ჭრილობის საშუალებით მოხვდა. ეს ბაქტერიების გამანადგურებელი მედიკამენტები სხვა ტიპის ბოტულიზმის სამკურნალოდ არ გამოიყენება.
დამხმარე სასუნთქი საშუალება. თუ ბოტულიზმმა სერიოზულად იმოქმედა თქვენს სასუნთქ კუნთებზე, შეიძლება საჭირო გახდეს სუნთქვისთვის დამხმარე აპარატის გამოყენება. თუ მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა, ამ ტიპის მკურნალობა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.
თერაპია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, შეიძლება დაგჭირდეთ პროგრამები, რომლებიც დაგეხმარებათ მეტყველების, ყლაპვისა და სხეულის სხვა ფუნქციების ამუშავებაში.
როგორია ბოტულიზმის ინკუბაციის პერიოდი?
საკვებისმიერი ბოტულიზმის ინკუბაციური პერიოდი, 12-36 საათს შეადგენს. თუმცა ის შეიძლება ტოქსინის მიღებიდან 6 ან თუნდაც 10 დღის შემდეგ გამოვლინდეს.
ჩვილების ბოტულიზმის ან შესუნთქვის გზით დაავადების შემთხვევაში ზემოქმედების ზუსტი დროის დადგენა რთულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account