რას ნიშნავს გულის უკმარისობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

გულის უკმარისობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც გულის კუნთი ვერ ტუმბავს სისხლს ისე, როგორც ეს საჭიროა. შესაბამისად, გული ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით ვერ ამარაგებს. ამ მდგომარეობას ზოგჯერ გულის შეგუბებით უკმარისობასაც უწოდებენ. 

 

გულის უკმარისობის დროს ხშირად სისხლი იღვრება ფილტვებში, რაც სუნთქვის უკმარისობას და ქოშინს იწვევს.

 

ექიმის მიერ გულის უკმარისობის მკურნალობისთვის დანიშნული მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს დაავადების სიმპტომები და ზოგიერთ ადამიანს სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმაროს. ამასთან, პაციენტის მდგომარეობა შეიძლება ცხოვრების წესის ცვლილებამაც გააუმჯობესოს.

 

თუმცა გულის უკმარისობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეიძლება მძიმე სიმპტომები აწუხებდეთ. ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს გულის გადანერგვა ან მოწყობილობა, რომელიც ამ ორგანოს უკეთ მუშაობაში დაეხმარება.

 

აღსანიშნავია, რომ გულის უკმარისობა ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოწვეულია გულის თანდაყოლილი დეფექტებით. ზოგჯერ, ზოგიერთმა სამედიცინო დარღვევამ შეიძლება ბავშვებში გულის დეფექტების განვითარება ან ამ ორგანოს დაზიანება გამოიწვიოს, რაც გულის უკმარისობას განაპირობებს.

როგორია გულის უკმარისობა სიმპტომები?

დაავადების სიმპტომები შეიძლება სწრაფად განვითარდეს — ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გულის მწვავე უკმარისობასთან. სიმპტომების თანდათან, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში განვითარების შემთხვევას კი გულის ქრონიკული უკმარისობა ეწოდება. ამ დაავადების რამდენიმე შესაძლო სიმპტომია:

  • სუნთქვის გაძნელება აქტივობის ან წოლის დროს;
  • დაღლილობა და სისუსტე;
  • ფეხების, მუხლებისა და ტერფების შეშუპება;
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
  • ვარჯიშის უნარის დაქვეითება;
  • ხიხინი;
  • ხველა, რომელიც არ ქრება ან, რომელსაც თან ახლავს თეთრი ან ვარდისფერი ლორწო სისხლის ლაქებით;
  • შეშუპება მუცლის არეში;
  • წონის სწრაფი მატება ქსოვილებში სისხლის დაგროვების გამო;
  • გულისრევა და მადის ნაკლებობა;
  • კონცენტრაციის გაძნელება ან სიფხიზლის დაქვეითება;
  • გულმკერდის ტკივილი, თუ გულის უკმარისობა გამოწვეულია გულის შეტევით.

 

გაფრთხილება: ეს ან სხვა სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს გულის უკმარისობით, თუმცა მრავალი სხვა შესაძლო მიზეზიც არსებობს. მათი გამოვლენის შემთხვევაში, ნუ ეცდებით დიაგნოზის თავად დასმას — აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, გულის უკმარისობის მკურნალობა მას მიანდეთ. 

 

გულის უკმარისობის სტადიები

გულის უკმარისობის 4 სტადია არსებობს: A, B, C და D. ეს დაყოფა ეფუძნება სიმპტომების სიმძიმეს და იმას, თუ როგორ მუშაობს თქვენი გული დაავადების პროგრესირებისას:

 

სტადია A: თქვენ არ გაქვთ სიმპტომები, მაგრამ შესაძლოა გულის უკმარისობის რისკის ქვეშ იყოთ.

სტადია B: აღგენიშნებათ არატიპური ცვლილებები გულის სტრუქტურაში ან ფუნქციაში, მაგრამ არ გაქვთ გულის უკმარისობის სიმპტომები.

სტადია C: აღგენიშნებათ გულის უკმარისობის სიმპტომები.

სტადია D: გულის უკმარისობის სიმპტომები ზემოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია.

 

როგორია გულის უკმარისობის რისკ ფაქტორები?

ქვემოთ ჩამოთვლილია იმ დაავადებებისა და სამედიცინო მდგომარეობების არასრული სია, რომლებიც გულის უკმარისობის რისკებს ზრდის:

  • კორონარული არტერიების დაავადება;
  • გულის შეტევა;
  • გულის სარქვლის დაავადება;
  • მაღალი წნევა;
  • არარეგულარული გულისცემა;
  • თანდაყოლილი გულის დაავადება;
  • დიაბეტი;
  • ძილის აპნოე;
  • ჭარბწონიანობა;
  • ვირუსული ინფექციები.

გარდა ამისა, გულის უკმარისობის სხვა რისკ-ფაქტორები მოიცავს დაბერებას, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას.

 

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გულის უკმარისობა?

გულის უკმარისობის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა მისი გამომწვევი სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობა და კონტროლია.

 

ამ დაავადების პრევენციას ასევე ხელს შეუწყობს შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

  • უარი თქვით თამბაქოს მოხმარებაზე;
  • ივარჯიშეთ;
  • იკვებეთ ჯანსაღად;
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
  • შეამცირეთ და მართეთ სტრესი;
  • მიიღეთ მედიკამენტები ექიმის მითითებების შესაბამისად.