პროლია — საინიექციო პრეპარატი ძვლის დაავადებების სამკურნალოდ

პროლია თურქული წარმოების საინიექციო პრეპარატია, რომელიც აქტიურ ნივთიერება დენოსუმაბს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით ხსნარში ასევე შედის ძმარმჟავა (სუფთა), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატი 20, სორბიტოლი (E420) და საინექციო წყალი.

პროლია წინასწარ შევსებულ შპრიცებშია მოწოდებული. თითოეული 1 მლ მზა შპრიცი 60 მგ დენოსუმაბს (60 მგ/მლ) შეიცავს. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რისთვის იყენებენ პროლიას? 

პროლიაში შემავალი დენოსუმაბი პროტეინია, რომელიც სხვა ცილასთან (მონოკლონური ანტისხეული) ურთიერთქმედებს. ის ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და მოტეხილობის რისკს ამცირებს.

ძვალი მუდმივად განახლებად, ცოცხალი ქსოვილია. ქალის ჰორმონი ესტროგენი ძვლების ჯანმრთელობას უწყობს ხელს, მენოპაუზის შემდეგ კი მისი დონე იკლებს, რაც ძვლების გათხელებას და მტვრევადობას იწვევს. სწორედ ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, რომელსაც ოსტეოპოროზი ეწოდება.

ოსტეოპოროზის, ძვლის დაკარგვის რისკის წინაშე ასევე შეიძლება დადგენენ მამაკაცები. ამის მიზეზი ზოგჯერ არის დაბერება ან/და მამრაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის დონის შემცირება.

დაავადება შეიძლება გამოუვლინდეთ პაციენტებს, რომლებიც გლუკოკორტიკოიდებს იღებენ. ოსტეოპოროზის მქონე პირების უმეტესობაში სიმპტომები არ იჩენს თავს, თუმცა იზრდება მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ბარძაყისა და მაჯის, ასევე ხერხემლის ძვლებში.

ძუძუს ან პროსტატის კიბოს სამკურნალოდ გამოყენებულმა მედიკამენტებმა ან ქირურგიულმა ოპერაციამ, რომლებიც ესტროგენის ან ტესტოსტერონის გამომუშავებას აჩერებს, ასევე შეიძლება ოსტეოპოროზი გამოიწვიოს.

აქედან გამომდინარე, პროლია გამოიყენება:

  • ოსტეოპოროზის დროს პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებსა და მამაკაცებში მოტეხილობების მაღალი რისკის შესამცირებალდ.
  • ოსტეოპოროზის დროს, რომელიც ჰორმონების დონის დაქვეითებით არის გამოწვეული, ქირურგიული ჩარევის ან მედიკამენტური თერაპის გამო (მკერდის ან პროსტატის კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას).
  • მოტეხილობის მაღალი რისკის მქონე პირებში გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად გამოწვეული ძვლის დაკარგვისას.

როგორ კეთდება საინიექციო ხსნარი? 

პროლიას რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ მზა შპრიცს, რომელიც 60 მგ დენოსუმაბს შეიცავს. ის ერთჯერადი ინიექციის სახით, კანქვეშ ყოველ 6 თვეში უნდა გამოიყენოთ.

პრეპარატის შესაყვანად საუკეთესო ადგილები ზედა ბარძაყი და მუცელია. პროლიას ინიექცია შესაძლებელია მკლავის გარე ნაწილშიც.

პროლიათი მკურნალობის პარალელურად, ექიმი, ჩვეულებრივ, კალციუმისა და D ვიტამინის დანამატების გამოყენების რეკომენდაციას გასცემს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატის გამოყენება არ არის დაშვებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

რაც შეეხება უშუალოდ გამოყენების წესს, პირველი ნაბიჯი მისი გამოსაყენებლად მომზადებაა. შპრიცი ბლისტერის შეფუთვიდან უნდა ამოიღოთ, პარალელურად კი შეაგროვოთ ინიექციისთვის საჭირო მასალა, მათ შორის ალკოჰოლური ტილოები, ბამბა ან მარლა, დოლბანდი და ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერი, რომელსაც ნემსი ვერ დააზიანებს.

შპრიცი ინიექციის წინ ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დატოვოთ. ხელები კარგად უნდა დაიბანოთ და პრეპარატის შესაყვანი ადგილი გაისუფთაოთ. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს: ბარძაყის ზედა ნაწილი; მუცელი, ჭიპიდან მინიმუმ 5 სმ-ის დაშორებით და მკლავის გარე ნაწილი (თუ ინიექციას სხვა გიკეთებთ).

ამის შემდეგ, შერჩეული ადგილი სპირტიანი ხელსახოცით გაიწმინდეთ და კანის გაშრობას დაელოდეთ. ინექციის წინ გასუფთავებულ ადგილს აღარ შეეხოთ.

ნაცრისფერი ნემსის თავსახური ფრთხილად მოხსენით და ინიექციის ადგილს მყარი ზედაპირის შესაქმნელად ხელი მოუჭირეთ. ინიექციის დროს კანი დაჭიმული უნდა იყოს. შეიყვანეთ ნემსი კანში, ისე რომ გაწმენდილ ადგილს არ შეეხოთ. როდესაც ხსნარი ორგანიზმში შევა, ნემსი კანიდან ამოიღეთ.

გამოყენებული მასალა წინასწარ მომზადებულ, წვეტიანი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში მოათავსეთ. თუ როგორ გაანადგუროთ ნარჩენები, ამის შესახებ შეგიძლიათ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ჰკითხოთ.

თუ ინიექციის ადგილზე სისხლს შეამჩნევთ, ნანემსარს ბამბის ან მარლის ნაჭრით ფრთხილად დააჭირეთ. საჭიროების შემთხვევაში, სახვევის დამაგრებაც შეგიძლიათ.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები პროლიას გამოყენებისას 

მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შესაძლოა პროლიას გამოყენების შემდეგაც გამოვლინდეს.

პროლიას ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს შორისაა ძვლების, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. პაციენტების დიდ ნაწილში აღინიშნება კიდურების, მათ შორის მკლავის ან ფეხის ტკივილი.

პრეპარატის ხშირ გვერდით მოვლენებს შორისაა გახშირებული შარდვა, სისხლი შარდში, შეუკავებლობა და ტკივილი შარდვისას. ასევე ხშირად ვლინდება ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რადიკულიტი, დისკომფორტი მუცლის არეში, ყაბზობა, გამონაყარი, კანის ქავილი, ეგზემა და ალოპეცია (თმის ცვენა).

პროლიას გამოყენების შემდეგ შედარებით ნაკლები სიხშირით იჩენს თავს ღებინება და მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, ასევე ცხელება, ყურის ინფექცია, წყლულები პირის ღრუში ან გამონაყარი კანზე.

პრეპარატი იშვიათად იწვევს ტკივილს, შეშუპებას ან წყლულების შეხორცების შეფერხებას პირის ან ყბის არეში. მან შეიძლება დაბუჟება ან კბილის დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ეს შეიძლება ყბის ძვლის დაზიანების, ოსტეონეკროზის ნიშნები იყოს, ამიტომ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ.

ასევე იშვიათ შემთხვევებში ვლინდება სპაზმი, ტიკები ან კუნთების კრუნჩხვები. გარდა ამისა, ამავე სიხშირით შეიძლება აღინიშნოს დაბუჟება ან ჩხვლეტა თითებში ან პირის გარშემო, დაბნეულობა ან გონების დაკარგვა. ეს შეიძლება მიუთითებდეს სისხლში კალციუმის დაბალ დონეზე, ჰიპოკალციემიაზე. ექიმს ამ შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ.

პროლიას გამოყენების შემდეგ იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები, მათ შორის სახის, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ასევე გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ქოშინი და ა.შ. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე უკუმოქმედება აღგენიშნათ, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს მიმართოთ.