პრივიტუსი — სიროფი ხველასთან საბრძოლველად

პრივიტუსი იტალიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ხველის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. სუსპენზიის 100 მლ L-კლოპერასტინის ფენდიზოატს 708 მგ დოზირებით შეიცავს, რაც 400 მგ ქლოპერასტინის ჰიდროქლორიდის ეკვივალენტურია. სიროფში დანამატების სახით ასევე შედის: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატიზატორი და გამოხდილი წყალი.

პრეპარატის ერთ ბოთლში 200 მლ სუსპენზიაა მოთავსებული. პრივიტუსი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

როდის მივიღოთ ან შევიკავოთ თავი პრეპარატის გამოყენებისგან? 

პრივიტუსი ვირუსული ინფექციებით ან გამაღიზიანებლებით გამოწვეული ხველის მოსახსნელად არის განკუთვნილი. პრეპარატი განსაკუთრებით სასარგებლოა ღამის ხველის ეპიზოდების დროს, რის გამოც ძილის ხარისხი უარესდება.

პრივიტუსის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

გარდა ამისა, კვლევების სიმწირის გამო, სუსპენზიის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებში. მისი დახმარებით მკურნალობაზე უარის თქმა მოუწევთ ორსულებსაც, განსაკუთრებით ორსულობის პირველი და ბოლო თვეების განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევებში მკურნალობისას ექიმის მეთვალყურეობა აუცილებლია.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელ და მასტიმულირებელ სუბსტანციებთან. არსებობს ანტიჰისტამინური/ანტისეროტონული სუბსტანციების მოქმედების გაძლიერების რისკი. ასევე შეიძლება შემცირდეს მიორელაქსანტების რაოდენობა, მაგალითად, როგორიცაა პაპავერინი.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრივიტუსი? 

ზრდასრულ პაციენტებში პრივიტუსის რეკომენდებული დოზა 5 მლ-ს შეადგენს. პრეპარატი დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ.

ამავე დოზირებით (5მლ), თუმცა დღეში ორჯერ მისაღებად ინიშნება პრივიტუსის სუსპენზია 7-დან 15 წლამდე ბავშვებში. რაც უფრო იკლებს ასაკი, პრეპარატის დოზებიც მცირდება - 4-დან 7 წლამდე ბავშვებში რეკომენდებული დოზა 3 მლ-ს შეადგენს; 2-დან 6 წლამდე ბავშვებში კი - 2 მლ-ს. ორივე შემთხვევაში რეკომენდებულია სუსპენზიის დღეში ორჯერ მიღება.

რაც შეეხება პრივიტუსის გამოყენების წესს, ის ორალურად მისაღები მედიკამენტია. გამოყენებამდე პრეპარატის ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ კი სუსპენზიის დოზა სპეციალური დანაყოფებიანი ჭიქით განსაზღვრეთ. ჭიქა პრეპარატის შეფუთვაში სუსპენზიის ბოთლთან ერთად არის მოთავსებული.

ბოთლის გასახსნელად საჭიროა, თავსახურს ქვემოთ დააწვეთ და მარცხნივ დაატრიალოთ. როდესაც პრეპარატს გამოიყენებთ, თავსახური მარჯვნივ დაატრიალეთ და ბოთლი ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე შეინახეთ.

დოზის გადაჭარბებისას სპეციალისტების რჩევაა, ჩაიტაროთ ზოგადი პროცედურები, მათ შორის ზონდის მეშვეობით კვება, აქტივირებული ნახშირი და სხვა. პარალელურად, დააკვირდით, ხომ არ აღგენიშნებათ აღგზნებადობის მომატება.

რა გვერდით მოვლენებს ველოდოთ პრეპარატის გამოყენების შემდეგ? 

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება პრივიტუსის გამოყენების შემდეგაც გამოვლინდეს. კლინიკური ექსპერიმენტების დროს, ცდისპირებს, რომლებიც სუსპენზიას იღებდნენ, იშვიათ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის მსუბუქი დარღვევები (აშლილობა) აღენიშნათ.

პრეპარატის ხველის საწინააღმდეგო მოქმედებამ შეიძლება ზოგიერთ მომხმარებელში მსუბუქი სედაცია გამოიწვიოს. ამავე მიზეზით ზოგჯერ თავს იჩენს პირის ან ყელის სიმშრალე. ეს ჩვეულებრივი რეაქციაა მედიკამენტებზე, რომლებიც ხველის რეფლექსისკენაა მიმართული.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები მსუბუქი და, როგორც წესი, დროებითია. თუ შედარებით მძიმე ან ხანგრძლივი ეფექტები აღგენიშნათ, პრეპარატის გამოყენება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.