
კოსმოკოლი ავსტრალიასა და გერმანიაში წარმოებული საფაღარათო საშუალებაა. დიდებში გამოსაყენებლად პრეპარატი ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებით -კოსმოკოლი ლიმონი და ლაიმი, სპეციალურად პატარებისთვის კი შექმნილია კოსმოკოლი პედიატრიული.
კოსმოკოლი პედიატრიულის ერთ პაკეტში შედის აქტიური ინგრედიენტები: მაკროგოლი 3350 (6.563 გ), ნატრიუმის ქლორიდი (0.1754 გ), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (0.0893 გ) და კალიუმის ქლორიდი (0.0233 გ). საბავშვო კოსმოკოლის ერთ შეკვრაში 30 პაკეტია.
რაც შეეხება დიდებისთვის განკუთვნილ პრეპარატს, კოსმოკოლი ლიმონი და ლაიმი შეიცავს: მაკროგოლს 3350 (13.125 გ), ნატრიუმის ქლორიდს (0.3507 გ) ნატრიუმის წყალბადის კარბონატსა (0.1785 გ) და კალიუმის ქლორიდს (0.0466 გ). ამ შემთხვევაში, ერთ შეკვრაში 20 პაკეტია მოთავსებული.
PSP-ის აფთიაქებში კოსმოკოლის ორივე ვერსია რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რისთვის გამოიყენება კოსმოკოლი?
კოსმოკოლი არის საფაღარათო საშუალება, რომელიც ხანგრძლივი, ქრონიკული შეკრულობისა და ფეკალომის დროს გამოიყენება. ფეკალომი მუდმივი შეკრულობაა, როდესაც განავლის დიდი მასა სწორი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის გაუვალობას იწვევს.
პრეპარატში შემავალი მაკროგოლი 3350 განავლის დარბილებას უწყობს ხელს და მის გადაადგილებას აადვილებს, ეს კი დეფეკაციის შემსუბუქებას განაპირობებს. ელექტროლიტები (მარილები), შეკრულობის მკურნალობის პერიოდში, ორგანიზმში ნატრიუმის, კალიუმისა და წყლის ნორმალური დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
დიდებისთვის განკუთვნილი პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პატარებში კოსმოკოლი პედიატრიული გამოიყენება, რომელიც 2-11 წლის ბავშვებში ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ შეიქმნა.
ამავე პრეპარატით შეკრულობას მკურნალობენ ბავშვებში 5 წლის ასაკიდან, როდესაც დიდი რაოდენობით განავლის გამო სწორი ნაწლავი და/ან მსხვილი ნაწლავი იბლოკება.
როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი?
კოსმოკოლი პერორალური გზით მისაღები პრეპარატია. მის გამოსაყენებლად პაკეტი უნდა გახსნათ და შიგთავსი ჭიქაში ჩაყაროთ. ფხვნილს დაახლოებით 125 მლ წყალი დაასხით ან ჭიქა წყლით მეოთხედამდე გაავსეთ. იმისათვის, რომ ფხვნილი წყალში გაიხსნას, კარგად მოურიეთ, შემდეგ კი მთლიანად დალიეთ.
ქრონიკული შეკრულობის მკურნალობის დროს, მოზრდილებში, 12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში პრეპარატის - კოსმოკოლი ლიმონი და ლაიმი - რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ პაკეტს, დღე-ღამეში 1-3-ჯერ მისაღებად.
ჩვეულებრივ, შეკრულობის დროს პრეპარატით მკურნალობის კურსი 2 კვირაზე მეტს არ უნდა აჭარბებდეს.
ფეკალომის მკურნალობის დროს მოზრდილებში, 12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 8 პაკეტს დღე-ღამეში მისაღებად. კოსმოკოლის მიღებამდე ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ პაციენტს ეს მდგომარეობა ნამდვილად აღენიშნება.
ფეკალომით გამოწვეული შემდგომი პრობლემების პროფილაქტიკის მიზნით ექიმმა შეიძლება პრეპარატის მიღების გაგრძელება გირჩიოთ. ამ შემთხვევაში ქრონიკული შეკრულობის სამკურნალო დოზა უნდა გამოიყენოთ.
რაც შეეხება საბავშვო კოსმოკოლს, ქრონიკული ყაბზობის დროს რეკომენდებული დოზა განისაზღვრება ასაკისა და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. ჩვეულებრივ, 2-6 წლის ასაკის ბავშვებში მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება დღეში 1 პაკეტი, ხოლო 7-11 წლის ასაკის ბავშვებში მკურნალობა დღეში 2 პაკეტით იწყება.
ექიმმა შესაძლოა პაკეტების რაოდენობა მანამდე გაზარდოს, სანამ განავალი სასურველ დონემდე არ დარბილდება. საჭიროების შემთხვევაში, დოზის გაზრდა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ყოველ დღე. თუმცა, ჩვეულებრივ, დოზამ დღეში 4 პაკეტს არ უნდა გადააჭარბოს.
ბავშვისთვის მთლიანი დოზის ერთიანად მიცემა აუცილებელი არ არის, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ნახევარი დოზა დილით და მეორე ნახევარი კი საღამოს მიიღოს. პატარებში ხანგრძლივი მკურნალობა სულ მცირე 6-12 თვემდე გრძელდება.
შეკრულობის შემთხვევაში ექიმმა კოსმოკოლი პედიატრიულის მიღებამდე უნდა დაადასტუროს, რომ პატარას ნამდვილად ეს პრობლემა აწუხებს. ამის შემდეგ კი, 5-11 წლის ბავშვებში, დაახლოებით 7-დღიანი მკურნალობის კურსი, შემდეგი დოზირებით ინიშნება:
დღე |
პაკეტების რაოდენობა |
1 |
4 პაკეტი |
2 |
6 პაკეტი |
3 |
8 პაკეტი |
4 |
10 პაკეტი |
5 |
12 პაკეტი |
6 |
12 პაკეტი |
7 |
12 პაკეტი |
თითოეულ დღეს დოზა შეიძლება 12 საათზე გადანაწილდეს. თუ პატარა კუჭში გადის დიდი რაოდენობით და/ან წყლიანი დიარეა აღენიშნება, ესე იგი წამალი მოქმედებს. როგორც კი პრეპარატის ეფექტიანობა შესამჩნევი გახდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შეკრულობით გამოწვეული შემდგომი პრობლემების პროფილაქტიკის მიზნით ექიმმა შესაძლოა მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცეს. ამ შემთხვევაში პატარას ქრონიკული ყაბზობისთვის განკუთვნილი დოზა უნდა მივცეთ.
რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?
პრეპარატების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება კოსმოკოლის მიღების შემდეგაც აღინიშნოს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე უკურეაქცია გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
მათ შორის, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, თუ აღგენიშნათ ალერგიის ნიშნები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი. კოსმოკოლის მიღების შემდეგ შეიძლება ორგანიზმში სითხისა და ელექტროლიტების დონე შეიცვალოს, რაც ვლინდება შეშუპებაში, სისუსტის შეგრძნებაში, ძლიერ დაღლილობასა ან წყურვილში, რომელსაც თავის ტკივილი ახლავს თან.
ამის გარდა, კოსმოკოლის გვერდით მოვლენებს შორისაა ტკივილი მუცლის არეში, მსუბუქი დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა და ბუყბუყი, მეტეორიზმი და ტკივილი ანალურ არეში.
თუ პრეპარატის მიღების შემდეგ, ჩამოთვლილის გარდა რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა აღგენიშნებათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account