
ყველაზე ხშირად გამოყენებად მედიკამენტებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი სიცხის დამწევ საშუალებებს უკავია. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ტემპერატურის მატება გაციებასა და ინფექციურ თუ ანთებით დაავადებებს თითქმის ყოველთვის თან სდევს.
სიცხის დამწევი საშუალებები გამოდის სხვადასხვა ფორმით: ტაბლეტები, სიროფი, სანთელი... სიროფსა და სანთელს ძირითადად ბავშვებში იყენებენ, სანთელს უპირატესობა ენიჭება მაშინ, თუ ბავშვი აღებინებს და სიროფის ან ტაბლეტის მიღება არ შეუძლია.
ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ სიცხის დამწევ პრეპარატ პანადოლზე, მისი მოქმედების მექანიზმზე, გამოყენების აუცილებლობასა და უსაფრთხოების წესებზე.
რა არის პანადოლი და რა ფორმითაა ხელმისაწვდომი?
პანადოლი გამაყუჩებელი ეფექტის მქონე სიცხის დამწევი პრეპარატია, რომლის საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდებაა პარაცეტამოლი. იგი გამოდის როგორც ტაბლეტების, ასევე სიროფის და სანთლების სახითაც.
პანადოლის ყოველი ტაბლეტი 500 მგ პარაცეტამოლს შეიცავს, ხოლო პანადოლის 100 მლ სიროფი — 2,4 გ პარაცეტამოლს.
პანადოლის ტაბლეტის შედგენილობაში შედის დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახემებელი, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, ტალკი, სტეარინის მჟავა, წყალი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტრიაცეტინი.
პანადოლის ტაბლეტს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აბლოკირებს ციკლოოქსიგენაზას და მოქმედებს ტკივილისა და თერმორეგულაციაზე. პრაქტიკულად არ ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, არ აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსებს. არ ახდენს ზეგავლენას წყალ-მარილოვან ცვლაზე, ვინაიდან არ მოქმედებს პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე.
პანადოლის სიროფი გამჭვირვალე, ვარდისფერი, მოტკბო გემოს, ბლანტი, ჟოლოს სუნის მქონე სითხეა, რომლის შედგენილობაშიც შედის პარაცეტამოლი, პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი, გლიცერინი, საკვები სორბიტი, ნიპაზოლი, ნიპაგინი, ჟოლოს ესენცია, ღია წითელი ფერის C 121 საღებავი და გასუფთავებული წყალი.
რა დროს მიიღება პანადოლი?
პრეპარატი, ტაბლეტის ფორმით, მიიღება სხვადასხვა გენეზის ტკივილის (შაკიკის, თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, კბილის ტკივილის, კუნთების ტკივილის, წელის ტკივილისა და მტკივნეული მენსტრუაციის) და მაღალი ტემპერატურის დროს.
პანადოლის სიროფი ძირითადად გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში და მიიღება სხეულის ტემპერატურის დასაწევად, გაციების, გრიპის და ბავშვთა ინფექციური დაავადებების დროს, როგორებიცაა: ჩუტყვავილა, წითელა, წითურა, ყივანახველა, ქუნთრუშა, ეპიდემიური პაროტიტი და სხვა.
ასევე იგი გამოიყენება ბავშვებში ტკივილის გასაყუჩებლად, კბილის ტკივილის დროს, მათ შორის კბილების ამოჭრის პერიოდში, თავის ტკივილის, ყურის ტკივილის და ყელის ტკივილის დროს.
2-3 თვემდე ბავშვებს შეგიძლიათ მისცეთ ერთჯერადად, სხეულის ტემპერატურის დასაქვეითებლად ვაქცინაციის შემდეგ.
რა უკუჩვენებები აქვს პანადოლს?
პანადოლის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის და პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. მან შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების დარღვევები.
არ შეიძლება პანადოლის აბების მიღება 9 წლამდე ასაკისა და 35 კილოგრამზე ნაკლებწონიან ბავშვებში (რაც არ ეხება სიროფს).
გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოების ზომები
რეკომენდებულ დოზებში პანადოლი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, თუმცა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა, მაგალითად: კანზე გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება. უფრო იშვიათად ვლინდება – სისხლის სისტემის მხრივ დარღვევები (თრომბოციტოპენია, მეთჰემოგლობინემია, ანემია).
მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას ჩნდება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საშიშროება (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციული ნეფრიტი, არასპეციფიკური ბაქტერიურია, პაპილური ნეკროზი) და აუცილებელია სისხლის კონტროლი.
რაც შეეხება პანადოლის სიროფს, პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია წარმოიშვას გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილები, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება). სიროფის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას კი შესაძლებელია განვითარდეს ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, მეთჰემოგლობინემია. ხანგრძლივად დოზით მიღებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.
პანადოლი სიფრთხილით გამოიყენება კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიის (მათ შორის ჟილბერის სინდრომის დროს), ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის, ალკოჰოლიზმის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
არ გამოიყენოთ პანადოლი პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
2-3 თვემდე ასაკის ბავშვებში და ასევე დღენაკლულებში საბავშვო პანადოლის (პანადოლი ბეიბი) მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის 7 დღეზე მეტ ხანს გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.
როგორია პანადოლის მიღების წესი და დოზირება?
მოზრდილებსა და ხანდაზმულებში მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი, ერთჯერადი დოზის — 2 ტაბლეტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4-ჯერ (8 ტაბლეტი) 24 საათის განმავლობაში.
ბავშვებში (9-12 წელი) 1 ტაბლეტი მიიღება 4 -ჯერამდე დღეში. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი, ერთჯერადი დოზის — 1 ტაბლეტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ 4-ჯერ (4 ტაბლეტი) 24 საათის განმავლობაში.
პანადოლის სიროფი კი ინიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში — 2,5-5 მლ სიროფი (0,5-1 ჩაის კოვზი), 1-დან 3 წლამდე - 5-7,5 მლ სიროფი (1-1,5 ჩაის კოვზი), 3-დან 6 წლის ასაკამდე - 7,5-10 მლ (1,5-2 ჩაის კოვზი), 6-დან 12 წლამდე – 10-15 მლ (2-3 ჩაის კოვზი), 12 წელზე უფროს ბავშვებში - 15-25 მლ (3-4 ჩაის კოვზი). მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ მიღებას შორის არა ნაკლებ 4 სთ-ის ინტერვალით.
გამოყენებამდე ფლაკონის შიგთავსი კარგად უნდა შეინჯღრეს. შეფუთვაში მოთავსებულია საზომი შპრიცი, რომელი სწორ და რაციონალურ დოზირებას უზრუნველყოფს.
ნუ მიიღებთ პანადოლს ექიმის დანიშნულების გარეშე 5 დღეზე მეტ ხანს, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას და 3 დღეზე მეტ ხანს, როგორც სიცხის დამწევ საშუალებას. პრეპარატის დღიური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
რა შეიძლება მოხდეს, თუ პანადოლის დოზას გადააჭარბებთ?
პანადოლის დოზის გადაჭარბებას შესაძლოა მოჰყვეს მწვავე მოწამვლის ნიშნები, როგორებიცაა: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები (ტკივილი ღვიძლის არეში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება). შედარებით მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობაც კი.
პანადოლის ჭარბი დოზით მიღებისას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მანამდე რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ენტეროსორბენტების მიღება (აქტივირებული ნახშირი, პოლიფეპანი). პარაცეტამოლით მოწამვლისას სპეციფიკური ანტიდოტი არის აცეტილცისტეინი.
პანადოლის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პანადოლი ხანგრძლივად მიღებისას აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს, როგორებიცაა მაგალითად: ვარფარინი და სხვა კუმარინები, ეს კი ზრდის სისხლდენების რისკს.
ღვიძლში მიკროსომული ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები, როგორებიცაა: ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, დიფენინი, ზიდოვუდინი, ეთანოლი, ფლუმეცინოლი, ფენიტოინი, ფენილბუტაზონი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჭარბი დოზირებისას ზრდიან ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) კი ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას.
პანადოლს ასევე შეუძლია შეამციროს ურიკოზურიული პრეპარატების აქტივობა.
პანადოლთან ერთობლივად კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას, რაც აძლიერებს ღვიძლში ე.წ. პირველი გავლის ინტენსივობის ეფექტს და აფერხებს სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციის თერაპიული დონის მიღწევას.
საბავშვო პანადოლის გამოყენება ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან და რიფამპიცინთან ერთად ასევე ზრდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს. ხოლო პრეპარატის ლევომიცეტინთან ერთად მიღება, ზრდის ამ უკანასკნელის ტოქსიურობას.
საბავშვო პანადოლში შემავალი პარაცეტამოლი, ხანგრძლივი მიღებისას, აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტის მოქმედებას, რამაც შესაძლებელია გაზარდოს სისხლდენის რისკი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account