
ლევომიცეტინი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია, რომელიც გამოდის ტაბლეტებისა და თვალის წვეთების სახით. დღევანდელ ბლოგში ორივე მათგანს განვიხილავთ.
ლევომიცეტინის (500მგ) აბები (ქლორამფენიკოლი) – თეთრი ან სუსტი მოყვითალო ელფერის კრისტალური ფხვნილია, რომელსაც დამახასიათებელი, მწარე გემო აქვს. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად და აქტიურია გრამდადებით (taphylococcus spp., Streptococcus spp.) და გრამუარყოფით (Neisseria gonorrhoeae, N.meningitidis) კოკებთან, ბაქტერიებთან (Escherichia coli, Haemophilus influenza, Salmonella spp., Shigella spp., Yersinia spp., Proteus spp., Klebsiella spp., Serratia spp.), სპიროქეტებთან, რიკეტციებთან და ზოგიერთ მსხვილ ვირუსებთან მიმართებაში.
იგი ასევე მოქმედებს იმ მიკროორგანიზმების შტამებზე, რომლებიც მდგრადია პენიცინილის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდებისადმი.
როდის ნიშნავენ ლევომიცეტინს?
ლევომიცეტინი ნაჩვენებია ისეთი ინფექციურ-ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ქლორამფენიკოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათს შორის:
- მუცლის ტიფი, სალმონელოზის გენერალიზებული ფორმები, ბრუცელოზი, დიზენტერია, პარატიფიტულარემია, ქუ ცხელება;
- ყივანახველა;
- მენინგიტი;
- რიკეციოზი;
- ქლამიდიოზი, საშარდე გზების ინფექციები;
- პნევმონია, ჩირქოვანი პერიტონიტი, ნაღველგამომყოფი გზების ინფექციები, ჩირქოვანი ოტიტი;
- ფურუნკულები, კარბუნკულები, კანის ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, ინფიცირებული ჭრილობები.
ხოლო ლევომიცეტინის თვალის წვეთები აქტიურად გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, თვალის ისეთი ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, როგორებიცაა:
- კონიუქტივიტი;
- ბლეფარიტი;
- ბლეფაროკონიუქტივიტი;
- კერატიტი;
- კერატოკონიუქტივიტი.
ლევომიცეტინის მიღების წესები და დოზები
ლევომიცეტინის ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ (გულისრევის ან ღებინების შემთხვევაში). მოზრდილებში რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა 250-500მგ, დღიური დოზა – 2000მგ (2გ), მძიმე ინფექციების შემთხვევაში (მაგ: მუცლის ტიფი, პერიტონიტი) შესაძლებელია დოზის გაზრდა (სტაციონარის პირობებში) 3 - 4გ-მდე დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა ნაწილდება 3-4 მიღებაზე.
მკურნალობის კურსია 7-10 დღე, თუმცა ჩვენებების მიხედვით, პრეპარატის კარგად გადატანისას, შეიძლება კურსი 2 კვირამდეც გაგრძელდეს.
რაც შეეხება ლევომიცეტინის წვეთებს, პრეპარატი უნდა ჩაიწვეთოთ თვალის კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 5-15 დღეს.
ინიშნება თუ არა ლევომიცეტინი ბავშვებში?
ლევომიცეტინი მიიღება ბავშვთა ასაკშიც, თუმცა 4 კვირამდე ახალშობილებში და ე.წ. დღენაკლულ ბავშვებში მხოლოდ აუცილებელი ჩვენებითა და ექიმის დანიშნულებით.
ბავშვებში რეკომენდებული დოზებია: 3 წლამდე — ერთჯერადი დოზაა 10-15მგ/კგ, 3-დან 8 წლამდე – 0,15-0,2გ, 8 წლის ზემოთ – 0,2-0,3გ. მიიღება 3-4-ჯერ დღეში.
თვალის წვეთების გამოყენება დაუშვებელია 1 თვემდე ახალშობილებში. პრეპარატის დოზას 1 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში ადგენს მკურნალი ექიმი.
რა შეიძლება მოჰყვეს ლევომიცეტინის დოზების გადაჭარბებას?
ლევომიცეტინის ტაბლეტური ფორმის შემთხვევაში, ჭარბი დოზირებისას შესაძლოა გამოვლინდეს:
- ფსიქომოტორულ დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;
- დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი);
- პირის ღრუს, ხახის, სასქესო ორგანოების, ანუსის ლორწოვანი გარსების გაღიზიანება;
- ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით.
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას, სასწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ლევომიცეტინის თვალის წვეთების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა. პრეპარატის დოზა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები
ლევომიცეტინის აბების მიღებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
- დისპეფსია, გულისრევა, ღებინება (აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა მცირდება პრეპარატის მიღებისას კვებიდან 1 სთ-ის შემდეგ), ფაღარათი;
- პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება დერმატიტი, დისბაქტერიოზი;
- რეტიკულოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია. იშვიათად – აგრანულოციტოზი;
- ფსიქომოტორული დარღვევები, თავის ტკივილი, დეპრესია, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, პერიფერიული ნევრიტი;
- ალერგიული რეაქციები: აკნე, ანგიონევროზული შეშუპება;
- მეორადი სოკოვანი ინფექციები;
- კოლაფსი (1 წლამდე ბავშვებში).
რაც შეეხება უკუჩვენებებს, ლევომიცეტინის აბები არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენ გაქვთ:
- კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაზიანებები);
- მომატებული მგრძნობელობა ქლორამფენიკოლისადმი;
- სისხლწარმოქმნის პროცესების დათრგუნვა ძვლის ტვინში;
- ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა;
თვალის წვეთების გამოყენების ერთადერთი გვერდითი მოვლენაა მხოლოდ მსუბუქი წვის შეგრძნება თვალში, რომელიც სწრაფად გაივლის.
რაც შეეხება თვალის წვეთების გამოყენების უკუჩვენებებს, იგი უკუნაჩვენებია:
- პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;
- ჰემოპოეზის დარღვევის დროს;
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის შემთხვევაში;
- კანის დაავადებების (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები) დროს;
- თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებებისას.
ლევომიცეტინის როგორც ტაბლეტების, ასევე თვალის წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში!
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე?
ლევომიცეტინის აბების მაღალ დოზებში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაბინდვა და ცნს-ის სხვა დარღვევები, ამიტომ, ავტომობილის მართვისას საჭიროა სიფრთხილით გამოყენება.
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით, მისი რეკომენდაციის მკაცრი დაცვით.
მკურნალობის პერიოდში, საჭიროა სისხლის სურათის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.
დაუშვებელია ლევომიცეტინის თვითნებური მოხმარება ინფექციური პროცესების მსუბუქი მიმდინარეობისას, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.
რაც შეეხება, ლევომიცეტინის თვალის წვეთებს, არ შეიძლება მისი გამოყენება საპროფილაქტიკოდ. ასევე საჭიროა სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ციტოსტატიკებით და სხივურ თერაპიას იტარებენ.
ლევომიცეტინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლევომიცეტინის ტაბლეტების ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას ამ პრეპარატების მეტაბოლიზმი და გამოყოფა ნელდება, ხოლო სისხლში მათი კონცენტრაცია იმატებს.
ლევომიცეტინის ერთდროული მიღება პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან მათ ანტიბაქტერიულ აქტივობას ამცირებს, ხოლო ერითრომიცინთან, ლინკომიცინთან და კლინდამიცინთან ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელთა ეფექტი სუსტდება.
თუ ლევომიცეტინი ინიშნება სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად (სულფანილამიდები, ციტოსტატიკები), რომლებიც გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე ღვიძლში, გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იმატებს.
პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად მიღებისას, ლევომიცეტინი აძლიერებს მათ მოქმედებას, ღვიძლში მეტაბოლიზმის დათრგუნვისა და სისხლში კონცენტრაციის ზრდის ხარჯზე. მიელოტოქსიკური პრეპარატები კი ზრდიან ლევომიცეტინის ჰემატოტოქსიკურობას.
რაც შეეხება თვალის წვეთების გამოყენებას, არ არის რეკომენდებული სულფანილამიდურ საშუალებებთან ერთად, სისხლის მიმოქცევაზე მისი დამთრგუნველი მოქმედებიდან გამომდინარე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account