
ნოვარესტი მცენარეული წარმოშობის სედაციური (დამამშვიდებელი) საშუალებაა, რომელიც მომატებული ნერვული აგზნებადობისა და ძილის დარღვევების დროს გამოიყენება. პრეპარატი ტაბლეტების სახით დიდ ბრიტანეთში იწარმოება. მუყაოს კოლოფში სამი ბლისტერია, თითოეულში 10-10 ტაბლეტით.
PSP-ის აფთიაქებში ასევე ხელმისაწვდომია იტალიური წარმოების ნოვარესტი ქიდსი სიროფი, რომელიც, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ისიც დამამშვიდებელ საშუალებას წარმოადგენს
ტაბლეტებიც და სიროფიც აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ნოვარესტის ანოტაცია
ნოვარესტი მომატებული ნერვული აგზნებადობის, დაძაბულობისა და გაღიზიანების წინააღმდეგ გამოიყენება. მისი დახმარებით ებრძვიან ასევე შფოთვის შეტევებსა და დათრგუნულობას. ნოვარესტი წარმატებით გამოიყენება ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, ასთენიის დროს და გახშირებული გულისცემისას.
პრეპარატი ეფექტიანია ძილის დარღვევებთან საბრძოლველადაც და ხელს უწყობს დეპრესიულ მდგომარეობებთან გამკლავებას.
ნოვარესტი კუნთების ტკივილისა და სპაზმების დროსაც დადებითად მოქმედებს. მაგალითად, მისი დახმარებით მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის სპაზმის შემთხვევაში. ამასთან, პრეპარატი ორსულებში საშვილოსნოს ტონუსის მომატებას ებრძვის.
გარდა დამამშვიდებელი მოქმედებისა, ნოვარესტი ორგანიზმში მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის ნაკლებობასაც ავსებს.
პრეპარატი ჯანმრთელობის ამ პრობლემებს მასში შემავალი კომპონენტების დახმარებით უმკლავდება. კერძოდ კი, ნოვარესტის 1 ტაბლეტი პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტისგან (150 მგ), კუნელის მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტისგან (150 მგ), ბარამბოს მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტისგან (100 მგ), მაგნიუმის ლაქტატ დიჰიდრატისა (150 მგ) და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდისგან (3 მგ) შედგება.
ნოვარესტის ინსტრუქცია
ნოვარესტის ტაბლეტები პერორალურად, პირის ღრუს გავლით, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით მიიღება. პრეპარატის გამოიყენება რეკომენდებულია მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პასიფლორას ექსტრაქტი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ძილის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ასევე შფოთვასა და ნევროზულ მდგომარეობას ამცირებს. გარდა ამისა, ექსტრაქტი გლუვი კუნთების სპაზმს ხსნის და გულის მუშაობას აუმჯობესებს.
ნოვარესტში შემავალი კუნელის ექსტრაქტიც სპაზმოლიზური (სპაზმის საწინააღმდეგო) მოქმედებით ხასიათდება და ის შერჩევითად აფართოებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს. ექსტრაქტი ხელს უწყობს არტერიული და ვენური წნევის დაბალანსებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ფუნქციებს და მსუბუქი სედაციური ეფექტიც აქვს.
ბარამბოს ექსტრაქტს ანქსიოლიზური (დამამშვიდებელი), ანტიდეპრესიული, სპაზმოლიზური (სპაზმის საწინააღმდეგო), იმუნომოდულაციური (ააქტიურებს იმუნურ სისტემას), ანტივირუსული, ანტიალერგიული და ანტიმიკრობული თვისებები ახასიათებს.
რაც შეეხება მაგნიუმს, ის უჯრედისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. მაგნიუმი ნივთიერებათა ცვლის ბევრ პროცესში იღებს მონაწილეობას. როდესაც ორგანიზმი მაგნიუმის დეფიციტს განიცდის, ეს იწვევს სხვადასხვა გართულებას: კუნთების სისუსტეს, ტრემორს (კუნთების უნებლიე რიტმული მოძრაობა), ტეტანიას (კრუნჩხვითი შეკუმშვები), ატაქსიას (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), რეფლექტორული აგზნებადობის მომატებას, გაღიზიანებადობას, ძილის დარღვევების, გულის რითმის დარღვევას ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას დიარეით. ელემენტის ორგანიზმისთვის მიწოდების შედეგად კი ეს პრობლემები აღმოიფხვრება.
დაბოლოს, ნოვარესტის მიღების შემდეგ ორგანიზმში აღწევს პირიდოქსინი (ვიტამინი B6). ის არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. პირიდოქსინი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მაგნიუმის უფრო სწრაფ ათვისებას, უჯრედებში მის შეღწევასა და შეკავებას უწყობს ხელს.
ნოვარესტის მიღების წესი
თუ პაციენტში მომატებულია ნერვული აგზნებადობა, აწუხებს გაღიზიანებადობის, შფოთვისა და დათრგუნვის შეგრძნება, ასეთ დროს, როგორც წესი, დღეში 2-3-ჯერ, თოთო ჯერზე 1 ტაბლეტი ნოვარესტი უნდა მიიღოს. მაქსიმალურ სადღეღამისო დოზად 3 ტაბლეტია განსაზღვრული.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ძილის დარღვევებს ან უძილობას უჩივის, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, პრეპარატის 2 ტაბლეტის მიღებაა რეკომენდებული.
როდის არ უნდა მივიღოთ ნოვარესტი?
როგორც წესი, ნოვარესტს ორგანიზმი ადვილად იღებს და პრეპარატის გამოყენებას თან მნიშვნელოვანი ან ხშირი უკუჩვენებები არ ახლავს. თუმცა იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები და სისუსტე.
თუ ნოვარესტი ჭარბი დოზით მიიღეთ, შეიძლება დაგეწყოთ თავბრუსხვევა და სპაზმური ტკივილები მუცლის არეში. ასევე მოსალოდნელია მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში და თვალის გუგების გაფართოება. ზედოზირებამ შეიძლება გულისრევა და ღებინებაც გამოიწვიოს. ამ პრობლემებთან გამკლავების გზა კი კუჭის ამორეცხვა და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური თერაპიაა.
ნოვარესტი ქიდსი — ანოტაცია
ნოვარესტი ქიდსი სიროფი ბავშვებში ძილის დარღვევების დროს გამოიყენება, როგორიცაა უძილობა, მოუსვენარი ძილი, ხშირი გამოღვიძება და რთულად ჩაძინება.
პრეპარატი ასევე დადებითად მოქმედებს დაძაბულობისა და შფოთვის, სტრესისა და შიშების, ნევროზული მდგომარეობისა და მომატებული აგზნებადობის დროს.
მას პატარებს ხშირად უნიშნავენ კბილების ამოჭრის პერიოდში და ბიოლოგიური რითმის დარღვევისას, რასაც დღე-ღამური ციკლის დარღვევასაც უწოდებენ.
ნოვარესტი ქიდსის სიროფით მკურნალობენ კრუნჩხვისადმი მიდრეკილ ბავშვებს, მათ შორის კრუნჩხვის გადატანის შემდგომ პერიოდშიც.
ეს პრეპარატი გამოიყენება ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებში, გარდა ამისა, ფსიქომოტორული დაავადებების, ჰორმონული და ასაკობრივი დარღვევების დროს.
ნოვარესტი ქიდსი ქრონიკულ დაღლილობას, ფიზიკურ თუ გონებრივ გადაღლასაც ებრძვის. მას ასევე მიმართავენ ბავშვებში მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების დაქვეითებისა.
პრეპარატი ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებების, მათ შორის ნაწლავური კოლიკისა და მეტეორიზმის დროსაც წარმატებით გამოიყენება.
ნოვარესტი ქიდსის 1 ფლაკონი 150მლ სიროფს შეიცავს, 10მლ სიროფი კი პასიფლორას ექსტრაქტის (140 მგ), კუნელის ექსტრაქტის (140 მგ), ბარამბოს ექსტრაქტის (100 მგ), მაგნიუმისა (42 მგ) და ვიტამინი B6-ისგან (2 მგ) შედგება.
ნოვარესტი ქიდსი: ინსტრუქცია
ნოვარესტი ქიდსის მიცემა ბავშვებისთვის 0 წლის ასაკიდან, ჩვილობის პერიოდიდან არის შესაძლებელი. ვინაიდან პრეპარატი სიროფის სახითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, ის პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება.
ნოვარესტი ქიდსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მასში შემავალი პასიფლორას ექსტრაქტი დამამშვიდებელ, ნერვული აშლილობებისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას ავლენს, ასევე ძილს აწესრიგებს.
რაც შეეხება კუნელის ექსტრაქტს, ის სპაზმოლიზური მოქმედებით ხასიათდება და მსუბუქი სედაციური ეფექტი აქვს. ეს ექსტრაქტი, მასში შემავალი ნივთიერებების მეშვეობით, სანერვე-კუნთოვან გადაცემასაც აუმჯობესებს.
ბარამბოს ექსტრაქტი, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ტაბლეტების მსგავსად, ანქსიოლიზურ (დამამშვიდებელი), ანტიდეპრესიულ, სპაზმოლიზურ (სპაზმის საწინააღმდეგო), იმუნომოდულაციურ (ააქტიურებს იმუნურ სისტემას), ანტივირუსულ, ანტიალერგიულ და ანტიმიკრობულ თვისებებს ავლენს.
ნოვარესტი ქიდსის მიღება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კი, როგორც ნოვარესტის ტაბლეტების შემთხვევაში აღვნიშნეთ, ამ ელემენტის ეფექტიანად ათვისებას უწყობს ხელს.
ნოვარესტი ქიდსი: გამოყენების წესი და დოზირება
ნოვარესტი ქიდსი ჭამის შემდეგ მიიღება, მსუბუქი მდგომარეობის შემთხვევაში დღეში 1 ან 2-ჯერ. მძიმე შემთხვევების დროს ჩვეულებრივ რეკომენდებულია სიროფის დღეში 2-3-ჯერ მიღება. თუმცა დოზები ასაკის შესაბამისად განსხვავებულია:
0 - 1 წელი:
ერთჯერადი დოზა 2მლ; მაქსიმალური დღიური დოზა 6მლ.
1 - 3 წელი:
ერთჯერადი დოზა 3,5მლ; მაქსიმალური დღიური დოზა 10,5მლ.
3 - 5 წელი:
ერთჯერადი დოზა 5მლ; მაქსიმალური დღიური დოზა 15მლ.
5 - 8 წელი:
ერთჯერადი დოზა 7მლ; მაქსიმალური დღიური დოზა 21მლ.
8 - 12 წელი:
ერთჯერადი დოზა 10მლ; მაქსიმალური დღიური დოზა 30მლ.
12 წლის ზემოთ:
ერთჯერადი დოზა 15მლ; მაქსიმალური დღიური დოზა 45მლ.
ნოვარესტი ქიდსით მკურნალობის კურსი 1-დან 3 თვემდე პერიოდს შეადგენს.
ნოვარესტი ქიდსი: უკუჩვენება
ნოვარესტის ტაბლეტების მსგავსად, უკუჩვენებები სიროფისთვისაც იშვიათადაა დამახასიათებელი, ისიც მსუბუქი ფორმით. გვერდით მოვლენებს შორის შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები და სისუსტე. დოზის გადაჭარბება კი ამ შემთხვევაშიც გულისრევასა და ღებინებას იწვევს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account