
ეტაციდი თურქული წარმოების დოზირებული ნაზალური სპრეია, რომელიც ალერგიული რინიტის, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შეიქმნა.
ცხვირის სპრეის ერთ ფლაკონში 18 გ ნარევია მოთავსებული, რომლიდანაც პრეპარატის 140 დოზა გამოდის — ერთი დოზა 50 მკგ-ით არის განსაზღვრული. ეტაციდი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და მისი შეძენა PSP-ის აფთიაქებში, რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.
პრეპარატი ვარგისია წარმოების თარიღიდან 3 წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.
ეტაციდის ანოტაცია
ეტაციდი ცხვირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალებების, კორტიკოსტეროიდების ფარმაცევტულ ჯგუფს მიეკუთვნება. ის აქტიურ ნივთიერება მომეტაზონს შეიცავს. კერძოდ, სუსპენზიის (ნარევი) 1 გ-ში 0,5 მგ მომეტაზონის ფუროატი შედის.
რაც შეეხება სხვა დამხმარე ნივთიერებებს, მათ შორის არის მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ციტრატი, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოლისორბატ 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი.
ეტაციდის სპრეი სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის სიმპტომების, კერძოდ, ცხვირის გაჭედვის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის არის განკუთვნილი. მისი გამოყენება რეკომენდებულია როგორც მოზრდილებში, ისე მოზარდებსა და 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
გარდა ამისა, ეტაციდი გამოიყენება მწვავე სინუსიტის, ცხვირის დანამატი წიაღების (სინუსების) ანთების მიმდინარეობის დროსაც. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სპრეი რეკომენდებულია მხოლოდ 12 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის.
აღნიშნული ნაზალური სპრეით მკურნალობენ მწვავე რინოსინუსიტის, ცხვირისა და ერთი ან რამდენიმე პარანაზალური სინუსის ლორწოვანი გარსის ანთების დროსაც. მას მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნიშნავენ. თუმცა ეტაციდის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ დაავადება მძიმე ბაქტერიული ინფექციის ნიშნების გარეშე მიმდინარეობს.
ეტაციდი ეფექტიანია ნაზალური პოლიპების მკურნალობის დროსაც. კერძოდ კი, სპრეი დაავადების არასასიამოვნო სიმპტომებს, მათ შორის ცხვირის გაჭედვასა და ყნოსვის უნარის დაკარგვას ებრძვის. ამ შემთხვევაში ეტაციდის გამოყენება 18 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის არის დასაშვები.
ეტაციდის ინსტრუქცია — როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი
ეტაციდის სპრეი ინტრანაზალურად, ცხვირის ღრუს გავლით მიიღება. მის გამოყენებამდე კი ფლაკონის ძლიერად შენჯღრევაა საჭირო. თუ სპრეი პირველად უნდა გამოიყენოთ, მანამდე აუცილებელია მისი „კალიბრირება“, რაც მადოზირებელ ხელსაწყოზე ხელის 10-ჯერ დაჭერით ხდება. მსგავსი პროცედურა უნდა ჩატარდეს მაშინაც, თუ პრეპარატი მოხმარებიდან 14 ან მეტი დღის განმავლობაში გამოყენებული არ არის.
ეტაციდში შემავალი ძირითადი ნივთიერება, მომეტაზონის ფუროატი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებით ხასიათდება ისეთ დოზებში, რომლებიც სისტემურ ეფექტებს არ იწვევს. კერძოდ, ინტრანაზალური გზით მიღებისას პრეპარატის სისტემური ბიოშეღწევადობა 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ნაზალური ინჰალაციის შემდეგ ორგანიზმში მოხვედრილი მომეტაზონის ფუროატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სუსტად შეიწოვება. ნივთიერების შეწოვილი, მცირე ნაწილი კი შარდში ან ნაღველში ექსკრეციამდე (ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავებული მავნე ან გამოუყენებელი პროდუქტების გამოყოფის პროცესი) ღვიძლში აქტიურ პირველად მეტაბოლიზმს, ქიმიურ გარდაქმნას განიცდის.
ეტაციდის გამოყენების წესი და დოზირება
ეტაციდის ნაზალური სპრეი სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, პაციენტების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, განსხვავებული დოზით გამოიყენება.
სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის სიმპტომების პროფილაქტიკასა და მკურნალობისას მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ეტაციდის 2 ინჰალაცია (100მკგ) ინიშნება. პაციენტმა პრეპარატი თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში ერთხელ უნდა შეისხუროს. სადღეღამისო დოზა 200 მკგ-ის შეადგენს.
რაც შეეხება 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ამ შემთხვევაში 1 ინჰალაციაა (50 მკგ) რეკომენდებული. პაციენტმა პრეპარატი ასევე თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში ერთხელ უნდა შეისხუროს. აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებისთვის სადღეღამისო დოზად 100 მკგ-ია განსაზღვრული. ჩვეულებრივ, კლინიკური ეფექტი სპერის გამოყენებიდან 12 საათის განმავლობაში მიიღწევა.
პაციენტებმა, რომლებიც სეზონური ალერგიული რინიტით არიან დაავადებულნი, პროფილაქტიკა კლინიკური სიმპტომების შესაძლო გაჩენამდე 2-4 კვირით ადრე უნდა დაიწყონ.
სინუსიტის მწვავე ეპიზოდების დროს ეტაციდი, როგორც დამხმარე თერაპია, მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება. პირველ ეტაპზე ინიშნება 2 ინჰალაცია, რაც თითოეულ ნესტოში მედიკამენტის დღე-ღამეში 2-ჯერ შესხურებას გულისხმობს. სადღეღამისო დოზა 400 მკგ-ის შეადგენს. თუ მკურნალობის მიუხედავად დაავადების სიმპტომები არ შემსუბუქდა, სადღეღამისო დოზა 4 ინჰალაციამდე იზრდება, თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში 2-ჯერ. შესაბამისად, იზრდება სადღეღამისო დოზაც, 800 მკგ-მდე. თუ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და სიმპტომები იკლებს, აუცილებელია, პრეპარატის მისაღები დოზა თანდათან შემცირდეს.
იმ შემთხვევაში, თუ მწვავე რინოსინუსიტი მძიმე ბაქტერიული ინფექციის ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში პრეპარატის 2 ინჰალაცია ინიშნება, თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა 400 მკგ-ია.
ცხვირის ღრუს პოლიპების სამკურნალოდ 18 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებს 2 ინჰალაციას (100 მკგ) უნიშნავენ, თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღე-ღამეში. დაავადების სიმპტომების, მათ შორის ცხვირით სუნთქვის გაძნელებისა და ყნოსვის დაკარგვის შემსუბუქებასთან ერთად დოზა უნდა შემცირდეს და 2 ინჰალაცია თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში ორის ნაცვლად, ერთხელ გაკეთდეს.
განსაკუთრებული მითითებები
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზის დიაგნოზი აქვს დასმული, ეტაციდის გამოყენებისას სიფრთხილე მართებს. მან პრეპარატის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მაშინაც, თუ სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემური ვირუსული ინფექცია დაუდგინდა. თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალება კი ექიმთან კონსულტაცია და მისი მითითებების შესრულებაა.
ამასთან, პაციენტებმა, რომლებიც ეტაციდის სპრეის რამდენიმე თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად მოიხმარენ, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შესაძლო ცვლილებების გამოვლენის მიზნით შემოწმება პერიოდულად უნდა გაიარონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მომეტაზონის ფუროატით 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ატროფია (ქსოვილის ან ორგანოს განლევა) ჯერჯერობით არ გამოვლენილა.
თუ ეტაციდით მკურნალობის პერიოდში პაციენტს ცხვირის ან ხახის ადგილობრივი სოკოვანი ინფექცია განუვითარდება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოს და ექიმის მითითებით სპეციალური მკურნალობა ჩაიტაროს.
მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს მაშინაც, თუ ცხვირის ან ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ხანგრძლივად ნარჩუნდება.
პრეპარატი თანდათანობით უნდა მოიხსნას, თუ კორტიკოსტეორიდები, ამ შემთხვევაში მომეტაზონის ფუროატი, რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ან პაციენტებში მომატებული მგრძნობელობის ფონზე გამოიყენება.
აქვე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდებით (ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) მკურნალობისას მათი ინფიცირების რისკი იზრდება, ვინაიდან ორგანიზმის იმუნური რეაქცია დაქვეითებულია. მაგალითად, მათ ინფიცირებულებთან კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება ადვილად გადაედოთ ჩუტყვავილა ან წითელა.
როდის არ უნდა მივიღოთ ეტაციდი — უკუჩვენებები
სხვა პრეპარატების მსგავსად, უკუჩვენებები ეტაციდის გამოყენების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს. მათ შორის, სპრეის მოხმარების შემდეგ, ზოგჯერ მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მგრძნობელობა იმატებს.
პაციენტების ნაწილს პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღენიშნოს ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ასევე ცხვირის ან ხახის კანდიდოზი. თუმცა მსგავსი გვერდითი მოვლენები იშვიათია.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეტაციდის სპრეის მოხმარებისას თავს იჩენს თვალის დაავადებების, მათ შორის კატარაქტის ან გლაუკომის განვითარება.
მნიშვნელოვანი უკუჩვენებები არც დოზის გადაჭარბებისას გამოვლენილა. ამის მიზეზი ის არის, რომ პრეპარატი დაბალი, 1%-ზე ნაკლები სისტემური ბიოშეღწევადობით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში, ჭარბი დოზირებისას რაიმე ზომების მიღება საჭირო არ არის.
როგორც დადგენილია, ეტაციდის გამოყენება პაციენტების ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს. პრეპარატი არ ზემოქმედებს ასევე სამუშაოების შესრულის ხარისხზე, რომლებიც ყურადღების მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს.
რაც შეეხება ორსულობას, ვინაიდან მაქსიმალური თერაპიული დოზების გამოყენებისასაც კი მომეტაზონი სისხლის პლაზმაში მინიმალური კონცენტრაციითაც კი არ რჩება, პრეპარატის მოქმედება ნაყოფზე უმნიშვნელო იქნება. ამავე მიზეზით მისი გავლენა დაბალი იქნება რეპროდუქციულ ფუნქციაზეც.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ორსულებში პრეპარატის მოქმედებასთან დაკავშირებული სპეციალური კვლევები ჯერჯერობით ჩატარებული არ არის. აქედან გამომდინარე, ეტაციდით მკურნალობის დანიშვნა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი ნაყოფის ან ჩვილისთვის პოტენციურ რისკს აღემატება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account