მექსიდოლი -  ნერვული სისტემის სამკურნალო საშუალება

ნერვული სისტემის სხვადასხვა სამკურნალო საშუალება არის ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელებში, ამ ბლოგში ერთ-ერთ პრეპარატს გაგაცნობთ, ეს მექსიდოლია. 

 

ანოტაციის მიხედვით, მექსიდოლი სწორედ ნერვული სისტემის სამკურნალო საშუალებების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. 

 

ქალა ტვინის მსუბუქი ტრავმა, ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები, ვეგეტაციური დისტონიის სინდრომი, შფოთვითი მდგომარეობა და სხვა ათეულობით ჩვენებაა ნახსენები ანოტაციაში, თუ რა დროს არის რეკომენდებული მექსიდოლის მიღება. მაგრამ ყურადღებით იყავით და მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და თქვენზე მორგებული სამკურნალო გეგმით. 

 

მექსიდოლი ტაბლეტი, მექსიდოლის კაფსული, მექსიდოლის ამპულა — მედიკამენტი სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ აფთიაქებში. თუ რომელს მიიღებთ და რა დოზირებით, დამოკიდებულია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ჩივილებსა და მკურნალი ექიმის დანიშნულებაზე. 

 

უკუჩვენებები, სიფრთხილის ზომები, გვერდითი ეფექტები

 

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მის შედგენილობას, რადგანაც თუკი რომელიმე კომპონენტის მიმართ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, მექსიდოლი არ უნდა მიიღოთ. 

 

პრეპარატის მიღება არ შეიძლება ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისთვის, იმ პირებისთვის, რომელთაც ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მწვავე დარღვევები აქვთ. 

 

თუკი, მექსიდოლის პარალელურად, სხვა სამკურნალო საშუალებებსაც იღებთ, გაითვალისწინეთ, რომ იგი ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ ეფექტებს და ასევე აძლიერებს ბენზოდიაზეპინური პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ანქსიოლიტიკების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების და პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას. 

 

თუკი თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, სანამ ექიმი ამ პრეპარატს დაგინიშნავთ, აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონე შეიმოწმოთ და შემდეგაც ექიმთან შეთანხმებით გააგრძელოთ გლუკოზის დონის კონტროლი. 

თუკი მართავთ ავტომობილს, ან სხვა სახის ტრანსპორტს, აუცილებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტის მიღებისა და მართვის დროს.

 

თუკი პრეპარატის მიღება დაიწყეთ და გამოგივლინდათ ისეთი ჩივილები, როგორიცაა ძილიანობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ან ალერგიული რეაქციები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგანაც ეს სიმპტომები აღწერილია, როგორც მექსიდოლის გვერდითი ეფექტები.

 

როგორ მოვიხმაროთ პრეპარატი — მიღების ინსტრუქცია

 

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ინსტრუქცია და მითითებებიც უნდა გასცეს თქვენმა მკურნალმა ექიმმა. 

 

რაც შეეხება მექსიდოლის ანოტაციაში გაწერილ ინსტრუქციას, თუკი იღებთ მექსიდოლის აბებს, ყურადღება მიაქციეთ მის გრამობას. მაგალთად აბების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 800 მგ. 125-250მგ აბები შეიძლება მიიღოთ სამჯერ დღე-ღამეში. გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა გადააჭარბოს 800მგ-იან დოზას. 

 

პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ დოზების მომატებით, მაგალითად 125-250მგ-იანი აბები, 1-2-ჯერ დღეში და ასევე მკურნალობის კურსი უნდა შეწყდეს თანდათან დოზების შემცირებით. 

 

მაგალითად, გულის იშემიური დაავადებების მქონე პაციენტებში თერაპიული კურსის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 1,5-2 თვე. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის იქნება უკეთესი, თუკი ასეთ დეტალებს დააზუსტებთ თქვენს მკურნალ ექიმთან და მხოლოდ მის დანიშნულებასა და მითითებებს დაიცავთ.

 

გაითვალისწინეთ, რომ რუსეთში წარმოებული მედიკამენტი — მექსიდოლი, ფართოდ არის ხელმისაწვდომი რუსეთსა და საქართველოში, თუმცა იგი არ არის დამტკიცებული აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ.