
სტიმულოტონი (Stimuloton) არის ანტიდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
- დეპრესია;
- ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები (ფსიქიკური დაავადება, რომელიც განმეორებით არასასურველ აზრებს ან აკვიატებებს იწვევს);
- პანიკური აშლილობები;
- პოსტტრავმული სტრესული დარღვევები;
- სოციალური შფოთვის მდგომარეობები.
სტიმულოტონი ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, რომლებიც 50მგ ან 100მგ აქტიურ ნივთიერებას — სერტრალინს შეიცავს. მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია პსპ-ს აფთიაქებში.
როგორია პრეპარატის მიღების წესები და დოზირება?
სტიმულოტონი ყოველთვის ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით უნდა გამოიყენოთ. ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად, ხოლო დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმის მიერ, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, განისაზღვრება. როგორც წესი, დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს, მოზრდილებში საწყისი დღიური დოზა 50მგ-ს შეადგენს.
პანიკური აშლილობებით დაავადებული ადამიანებისთვის რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა 25 მილიგრამი, ანუ 1/2 ტაბლეტია. ერთ კვირაში დღიური დოზა შეიძლება 50მგ-მდე გაიზარდოს. საგულისხმოა, რომ ამ სამედიცინო მდგომარეობის მქონე პაციენტები მედიკამენტის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან და, შესაძლოა, მათ გარკვეული გვერდითი ეფექტები განუვითარდეთ.
გაითვალისწინეთ: თუ თერაპიული ეფექტი არასაკმარისია, დღიური დოზა შეიძლება კვირაში ერთხელ 50მგ-ით — მაქსიმუმ 200 მგ-მდე გაიზარდოს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი პრეპარატს კარგად იტანს.
სტიმულოტონის მოხმარებისას დამაკმაყოფილებელი თერაპიული შედეგები შეიძლება მკურნალობის კურსის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში იქნას მიღწეული, თუმცა სრული თერაპიული ეფექტის გამოვლენას 2-4 კვირა სჭირდება. ამასთან, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების დროს სიმპტომების ინტენსივობის დაქვეითება კიდევ უფრო ნელა მიმდინარეობს. ამ სამედიცინო მდგომარეობის შებრუნების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, სიმპტომების შესუსტების დაწყებიდან, მკურნალობის 6-12 თვის განმავლობაში გაგრძელება. პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების საფუძველზე უნდა შეწყვიტოთ და არა — თვითნებურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების რეციდივის განვითარება.
ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის მქონე 13-17 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებული საწყისი სადღეღამისო დოზა 50მგ-ს შეადგენს, ხოლო 6-12 წლის ბავშვების შემთხვევაში — 25მგ-ს. ეს უკანასკნელი შეიძლება 1 კვირის შემდეგ 50მგ-მდე გაიზარდოს.
თუ მკურნალობის კურსი დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ გამოიღებს, ექიმს შეუძლია, სადღეღამისო დოზა 200მგ-მდე გაზარდოს.
რაც შეეხება ხანდაზმულ პაციენტებს, მათთვის დოზის სპეციალური შერჩევა არ არის საჭირო.
გაფრთხილება: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები, სტიმულოტონის გარსიანი ტაბლეტებით მკურნალობისას, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მათთვის შეიძლება აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება ან მედიკამენტის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
რა უკუჩვენებები აქვს სტიმულოტონს?
სტიმულოტონის ანოტაციის თანახმად, პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- არასტაბილური ეპილეფსია.
ამასთან, სტიმულოტონის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ფენფლურამინს, ტრიპტოფანს ან მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, როდესაც ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლა იგეგმება, აუცილებელია მკურნალობის 14 დღის განმავლობაში შეწყვეტა.
გაფრთხილება: სტიმულოტონით მკურნალობის დროს ასევე დაუშვებელია სპირტიანი სასმელების მიღება.
გარდა ამისა, ეს მედიკამენტი არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ პაციენტს ექიმმა შეიძლება სტიმულოტონი მხოლოდ შესაძლო რისკებისა და სარგებლის ზედმიწევნით განხილვისა და შედარების შემდეგ დაუნიშნოს.
გაითვალისწინეთ: რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც სტიმულოტონით მკურნალობენ, ჩასახვის საწინააღმდეგო უსაფრთხო საშუალებები უნდა გამოიყენონ.
საგულისხმოა, რომ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება დედის რძეში გადადის — ამ მიმართულებით ადამიანზე ჩატარებულ კონტროლირებად კვლევებზე დაფუძნებული საკმარისი მონაცემები კი არ არსებობს. ამიტომ, ზოგადად, ლაქტაციის პერიოდში სტიმულოტონით მკურნალობა არ არის რეკომენდებული. თუ ამის აუცილებლობა მაინც არსებობს, ექიმთან ერთად უნდა გადაწყდეს საკითხი ბავშვის ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტის შესახებ.
გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში სტიმულოტონის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, სტიმულოტონის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორია მედიკამენტის გვერდითი მოვლენები?
სტიმულოტონის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ პაციენტებს, მედიკამენტის გამოყენებისას, შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოუვლინდეთ:
- ოფლიანობა;
- პირის სიმშრალე;
- ეაკულაციის დარღვევა;
- გაღიზიანებადობა;
- უძილობა;
- ძილიანობა;
- ტრემორი (სხეულის ნაწილის რიტმული მოძრაობა, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება);
- თავბრუსხვევა;
- ლიბიდოს დაქვეითება;
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინება;
- ანორექსია (კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის წონის გამიზნული დაკლებით, სიმსუქნის ძლიერი შიშით და საკუთარი სხეულის დამახინჯებული აღქმით);
- დიარეა;
- დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა);
- მეტეორიზმი;
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
- კანის სიწითლე;
- სისუსტე;
სერტრალინის მიღებისას აღწერილ სიმპტომებს შორის არის ასევე:
- კრუნჩხვები;
- გალაქტორეა (სარძევე ჯირკვლებიდან რძიანი გამონადენი, რომელიც ლაქტაციის დროს წარმოქმნილ რძესთან კავშირში არ არის);
- დისკინეზია (ნებისმიერი სახის მოძრაობის უნარის დარღვევა);
- ჰიპერპროლაქტინემია (მდგომარეობა, როდესაც სისხლში პროლაქტინის დონე ნორმაზე მაღალია. პროლაქტინი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც ჰიპოფიზის წინა ნაწილში გამომუშავდება და ძირითადად ლაქტაციის სტიმულირებაზეა პასუხისმგებელი);
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- გამონაყარი კანზე, იშვიათ შემთხვევაში კი მულტიფორმული ერითემა (კანისა და ზოგჯერ ლორწოვანი გარსების იმუნური რეაქცია, რომელიც ვლინდება მრავალფეროვანი გამონაყარით, მათ შორის დამახასიათებელი „სამიზნის” ფორმის ლაქებით).
თუმცა აღსანიშნავია, რომ მედიკამენტთან ამ გვერდითი მოვლენების მიზეზობრივი კავშირი დამტკიცებული არ არის.
ამასთან, მოტორული დარღვევები, ძირითადად, შეიმჩნეოდა პაციენტებში, რომლებსაც ადრე ამგვარი მოვლენები აღენიშნებოდათ ან მათში, ვინც იღებდა ნეიროლეფსიურ საშუალებებს (ასევე ცნობილი, როგორც ანტიფსიქოზური პრეპარატები — ისინი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კლასს მიეკუთვნება და გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ფსიქოზების, მათ შორის შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის, სამკურნალოდ).
აღსანიშნავია, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მედიკამენტის მოხსნით გამოწვეული სიმპტომები თავს იშვიათად იჩენს, თუმცა შეიძლება განვითარდეს:
- შფოთვითი მდგომარეობა;
- დეპრესიის სიმპტომები;
- პარესთეზია (ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება);
- ჰალუცინაციები;
- ჰიპესთეზია (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის მგრძნობელობის დაქვეითებით);
- აგზნება;
- აგრესიული რეაქციები;
- ფსიქოზი.
საგულისხმოა, რომ ამ ნიშნების ძირითადი დაავადების სიმპტომებისგან განსხვავება ძნელია და ისინი შეიძლება სხვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობისასაც აღინიშნებოდეს.
გაითვალისწინეთ: ეს გვერდითი მოვლენების სრული სია არ არის და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account