კარიესი — მიზეზები, პრევენცია და მკურნალობა

კბილის კარიესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. რთული ფორმის შემთხვევაში, ის ძლიერ ტკივილს, ინფექციის განვითარებასა და კბილის დაკარგვასაც იწვევს.

კარიესის გავრცელება და ინტენსივობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ფტორი. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ფტორით მარაგდება, კარიესით კბილების დაზიანების რისკიც მცირდება. გარდა ამისა, კარიესის განვითარებაში მნიშვნელოვანია საკვებისა და სასმლის როლი.

რა არის კარიესი? 

კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც კბილის ქსოვილს აზიანებს. ის ინფექციურ დაავადებად არის მიჩნეული, რადგან მის განვითარებაში სპეციფიკური ბაქტერიები მონაწილეობენ. კბილის სტრუქტურის რღვევა სწორედ ამ ბაქტერიების დახმარებით წარმოქმნილი ორგანული მჟავების ზემოქმედებით ხდება.

ბაქტერიები ორგანულ მჟავებს საკვებიდან მიღებული შაქრების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნიან. ეს მჟავები კი კბილის მინანქრის მიკროსტრუქტურას შლის და ამით ინფექციის შემდგომ განვითარებას უწყობს ხელს.

კარიესის დროს შეიძლება გაიზარდოს მგრძნობელობა ცხელი, ცივი ან ტკბილი საკვებისა და სასმელების მიმართ. ასევე ხშირია კბილების გაუფერულების შემთხვევები და ყავისფერი, შავი ან თეთრი ლაქები მის ზედაპირზე. ეს მინანქრის დემინერალიზაციის პირველი მანიშნებელია.

კარიესის მქონე პაციენტი შეიძლება დაღეჭვისას და კბილზე სხვაგვარი ზეწოლისას ტკივილმა შეაწუხოს. დაავადების პროგრესირების ფონზე კბილებში ხვრელებისა და ღრუების სახით ხილული დაზიანებები ჩნდება. ტკივილი კი კარიესის სიმძიმის შესაბამისად იზრდება.

როგორ და რატომ ვითარდება კარიესი? 

კარიესის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ასევე შაქრითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და სასმელია. იქიდან გამომდინარე, რომ პატარებს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ, კარიესი ბავშვებში საკმაოდ ხშირია.

ცუდი ჰიგიენისა და ნახშირწყლებით გაჯერებული საკვებისა თუ სასმლის ხშირი მიღების შედეგად კარიესოგენული მიკროორგანიზმები კბილის ზედაპირს მჭიდროდ ეკვრიან და დროთა განმავლობაში ნადებს წარმოქმნიან, რომლითაც ბაქტერიები იკვებებიან. ამ ნადების გამკვრივება აყალიბებს კბილის ქვას, რომელიც მათთვის დამცველობით ფუნქციას ითავსებს.

დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება მჟავა-ტუტოვან დისბალანსს იწვევს. მჟავების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად კი მინანქრის ზედაპირზე არსებული მიკროსივრცეები დიდდება, რაც მიკროორგანიზმების მინანქარში შეღწევისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

რაც შეეხება დაავადების განვითარების საფეხურებს, კარიესი ბაქტერიების მიერ შაქრის ფერმენტაციის შედეგად წარმოქმნილი მჟავების ზემოქმედებით კბილის მინანქრის დემინერალიზაციით იწყება და ლაქების გაჩენით ხასიათდება, რომლებიც საწყის ეტაპზე ხშირად შეუმჩნეველია.

დროთა განმავლობაში დაზიანებები იზრდება, ყალიბდება კარიესული ღრუ და დაავადება კბილის სიღრმისკენ მიიწევს. მინანქრის გაცვეთის შედეგად ბაქტერიები და მჟავები კბილის მომდევნო შრემდე, დენტინამდე აღწევენ. ამ უკანასკნელს მცირე ზომის მილები აქვს, რომლებითაც კბილის ნერვს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, დენტინამდე კარიესის მიღწევა კბილების მგრძნობელობის ზრდას განაპირობებს.

მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში კარიესი კიდევ უფრო პროგრესირებს და კბილის უფრო ღრმა შრეში აღწევს. ეს პულპაა, კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუში არსებული სირბილე. თუ კარიესი პულპამდე მიაღწევს, ამან შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს, რაც უფრო რთულ სტომატოლოგიურ მკურნალობას საჭიროებს. როდესაც ანთების გავრცელებისთვის ღრუში სივრცე აღარ რჩება, ნერვზე ზეწოლის გამო ტკივილი იწყება. პროცესი შეიძლება კბილის ფესვის გარეთაც გავრცელდეს.

დაავადების ბოლო და ყველაზე მტკივნეული სტადია პაროდონტის კარიესია. პაროდონტი იმ ქსოვილთა კომპლექსია, რომლებიც კბილს კბილბუდეში აფიქსირებს.

კარიესის ტიპები 

კარიესის ტიპებს მისი მდებარეობის, დაზიანების სიღრმის, მიმდინარეობის სიჩქარისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით განასხვავებენ.

მაგალითად, მდებარეობის მიხედვით განარჩევენ ფესვის კარიესს, რომელსაც კბილის ყელის კარიესსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ამ მიდამოს აზიანებს. დაავადების აღნიშნული ტიპი ხშირად ღრძილების რეცესიის ფონზე მიმდინარეობს, რაც ძირითადად ხანდაზმულებში შეიმჩნევა. ამ ჯგუფში შედის ასევე საღეჭი ზედაპირის კარიესი, რომელიც მოიცავს კბილების საღეჭ ბორცვებსა და ფოსოებს და აპროქსიმალური კარიესი, რომელიც აღინიშნება კბილების გვერდით ზედაპირებზე, მათ შორის კონტაქტის წერტილებში.

დაზიანების სიღრმის მიხედვით კი გამოყოფენ, მაგალითად, ზედაპირულ კარიესს. ამ შემთხვევაში დაავადება მხოლოდ მინანქარს მოიცავს და დენტინამდე არ აღწევს. არსებობს ღრმა კარიესიც, რომელიც პულპასთან ახლოსაა და ძლიერ ტკივილს იწვევს. ამავე ჯგუფში შედის საწყისი კარიესი, რომელიც კბილის ზედაპირზე ლაქების გაჩენით ვლინდება და საშუალო კარიესი, რომელიც დენტინს აზიანებს, თუმცა ვერ აღწევს პულპამდე.

რაც შეეხება მიმდინარეობის სიჩქარეს, ამ შემთხვევაში განასხვავებენ მწვავე, ქრონიკულ და სტაბილურ კარიესს. შესაბამისად, მწვავე კარიესს სწრაფი პროგრესირება ახასიათებს, ქრონიკული - ნელა ვითარდება, სტაბილური კარიესის შემთხვევაში კი დამაზიანებელი პროცესი ჩერდება, რასაც რემინერალიზაცია ან კბილის მეორადი დენტინით შევსება განაპირობებს.

გარდა ამისა, კარიესის კიდევ რამდენიმე ფორმას განასხვავებენ. მათ შორისაა ბოთლის კარიესი. დაავადების ეს ტიპი იმ ბავშვებში ვითარდება, რომლებიც რძეს ან ტკბილ სასმელებს ბოთლით დიდხანს სვამენ.

როგორ შეგვიძლია კარიესის პრევენცია  

კარიესის პრევენციაში დიდ როლს თამაშობს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა. ამისთვის, საჭმლის ან სასმლის მიღების შემდეგ, კბილების დღეში მინიმუმ ორჯერ გახეხვაა (უმჯობესია ფტორიანი კბილის პასტით) აუცილებელი.

ზოგი კბილის პასტა კონკრეტულად ამ დაავადების წინააღმდეგაა მიმართული, მაგალითად, ასეთია კურასეპტი, რომელიც კარიესთან, აბრაზიასა და ეროზიასთან საბრძოლველად შეიქმნა. ის მინანქრისა და დენტინის აღდგენას უწყობს ხელს.

კარიესის განვითარების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ კბილის ძაფი, რომლის დახმარებითაც კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების მოშორებას შეძლებთ. ასევე დადებითი შედეგი აქვს ფტორით გამდიდრებული პირის ღრუს სავლების გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ ზოგი საკვები, მაგალითად, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ნერწყვის გამოყოფას აუმჯობესებს და საკვების ნარჩენების მოცილებას უწყობს ხელს.

კარიესის განვითარების რისკის შემცირებაში საკვები რაციონიდან დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვებისა და სასმლის ამოღებაც დაგეხმარებათ.

დაავადების პრევენციისთვის საუკეთესო ნაბიჯი კი რეგულარული სტომატოლოგიური გამოკვლევებია. ეწვიეთ სტომატოლოგს კბილების პროფესიონალური წმენდისთვისა და პირის ღრუს დასათვალიერებლად. ამ გზით, პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და აღმოიფხვრას შეძლებთ.

როგორ ვუმკურნალოთ კარიესს  

კარიესის მკურნალობა დაავადების განვითარების სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუ კარიესი ადრეულ სტადიაშია, ფტორით მკურნალობამ შესაძლოა, მინანქრის რემინერალიზაციას შეუწყოს ხელი, რაც დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს.

იმ შემთხვევაში, თუ კარიესმა მინანქრის მიღმა შეაღწია და ღრუები ჩამოაყალიბა, კბილის მთლიანობის აღსადგენად დაზიანებების ამოვსებაა საჭირო.

როდესაც კარიესი უფრო ღრმად არის წასული, ხელოვნურ საფარს მიმართავენ. ის კბილის ბუნებრივ გვირგვინს ცვლის. ხელოვნური გვირგვინი გამძლე ფაიფურის, მეტალთან შერეული ფაიფურის ან სხვა ნივთიერებისგან მზადდება.

თუ კარიესი პულპას მიაღწევს, მაშინ ფესვის არხების დამუშავებაა საჭირო. ასე მძიმე დაზიანების ან ინფიცირებული კბილის გადარჩენაც შეიძლება. რაც შეეხება პროცედურას, პაციენტს დაავადებული პულპა უნდა მოსცილდეს, ინფექციის არსებობის შემთხვევაში კი არხში მედიკამენტი მოთავსდეს. ამის შემდეგ, პულპას სპეციალური შიგთავსით ცვლიან.

უფრო მძიმე შემთხვევებში, როდესაც დაზიანებული კბილის აღდგენა შეუძლებელია,  მისი ამოღებაა საჭირო.