
სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის სიხშირის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წამყვან პრობლემას წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – დაწყებული გულის იშემიური დაავადებით, მიოკარდიუმის ინფარქტით, ინსულტითა და გულის უკამარისობით დამთავრებული.
აღნიშნული დაავადებები უმეტესად 50 წელს ზემოთ ასაკში გვხვდება, თუმცა შესაძლებელია უფრო ახალგაზრდებშიც იჩინოს თავი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კაცებში შედარებით ადრეულ ასაკში ვითარდება, ვიდრე ქალებში, რასაც ხელს უწყობს ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება და ნაკლები ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა, აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორს წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი, არტერიული წნევა, ზედმეტი წონა და ქოლესტერინის შემცველობა სისხლში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორიც.
რაც შეეხება პათოლოგიის განვითარებას ქალებში, გასათვალისწინებელია, რომ მენოპაუზის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი უტოლდება კაცებში არსებულ რისკს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები საჭიროებს სერიოზულ მიდგომას და მკურნალობას. პათოლოგიის მართვისთვის მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და რისკფაქტორების კონტროლი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სპექტრი ფართოა, თუმცა მათი მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილითა და აუცილებლად ექიმის დანიშნულებით.
დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ ნებილეტს — გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს.
რისთვის გამოიყენება ნებილეტი?
ნებილეტი 5მგ და ნებილეტ პლუსი, წარმოადგენს ნებივოლოლისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოდის ტაბლეტების სახით და გამოიყენება სისხლის მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონიის) და მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობისთვის, 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში, ძირითადად როგორც დანამატი.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებივოლოლი აფართოებს სისხლძარღვებს, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. ხოლო მის შემადგენლობაში არსებული ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს და ზრდის გამომუშავებული შარდის რაოდენობას.
პრეპარატის მიღების წესები და დოზები
გაითვალისწინეთ, რომ ნებილეტი ყოველთვის ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ იმ პაციენტებმა რომლებსაც აწუხებთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
ნებილეტი უნდა მიიღოთ ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მისი მიღება ასევე შეგიძლიათ კვების რეჟიმის მიუხედავად.
რაც შეეხება დოზებს, იგი დაავადების სიმძიმესა და ხარისხზეა დამოკიდებული:
- სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) მკურნალობისას, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. სასურველია პრეპარატი მიიღოთ დღის ერთსა და იმავე დროს;
- ხანდაზმულ და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებისათვის საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს ნახევარ ტაბლეტს დღეში.
- მაღალი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს დღეში 1/4 (მეოთხედი) ტაბლეტით და დოზა ნახევარ ტაბლეტამდე უნდა გაზარდოთ 1-2 კვირაში.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 2 ტაბლეტი (10 მგ) დღეში.
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ოპტიმალური ეფექტი კი დაახლოებით 4 კვირაში მიიღწევა.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას პრეპარატის დოზას ადგენს მკურნალი ექიმი. პრეპარატის პირველი მიღებიდან პრეპარატის დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა 2 საათის განმავლობაში.
პრეპარატი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში. მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება.
რა გვერდითი მოვლენები აქვს ნებილეტს?
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, გვერდითი მოვლენები ნებილეტსაც გააჩნია, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ნებილეტის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ქავილისა და ჩხვლეტის უჩვეულო შეგრძნებები;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- ღებინება;
- ქოშინი;
- კიდურების ოფლიანობა;
- შენელებული გულისცემა ან სხვა ჩივილი გულის მხრივ;
- სისხლის დაბალი წნევა;
- სიარულისას ტკივილი ქვედა კიდურებში;
- მხედველობის დარღვევა;
- იმპოტენცია;
- დათრგუნვის შეგრძნება;
- საჭმლის მონელების გაძნელება;
- კუჭში ან ნაწლავებში აირების დაგროვება;
- გამონაყარი კანზე, ქავილი;
- სუნთქვის გაძნელება;
- კოშმარული სიზმრები და ძილში შფოთვა.
- გულყრა;
- ფსორიაზის მსგავსი კერების წარმოქმნა;
გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- გულისცემის შენელება;
- თავბრუსხვევა.
- გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება;
- დაბალი წნევა;
- გულის მუშაობის სუსტი დარღვევა;
- ქვედა კიდურების შეშუპება.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენების სიმძიმე იზრდება, ან ვითარდება ისეთი ეფექტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი არ არის, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!
რა უნდა იცოდეთ ნებილეტის მიღებამდე — როდის არ შეიძლება პრეპარატის მიღება?
ნებილეტის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში:
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები;
- ბრადიკარდია (წუთში 60-ზე ნაკლები გულისცემა);
- გულის რითმის დარღვევები (მაგალითად მე-2 და მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევა);
- გულის უკმარისობის გვიანი სტადია ან კარდიოგენული შოკი;
- ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა (თუნდაც ანამნეზში);
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან დაქვეითება;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
შეიძლება თუ არა ნებილეტის მიღება ბავშვთა ასაკში და ორსულობა-ლაქტაციის დროს?
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნებილეტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმი დარწმუნებულია მისი დანიშვნის აუცილებლობაში.
როგორ უნდა მოიქცეთ ჭარბი დოზირების ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში?
ნებილეტის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს პულსის ძალიან დაბალი სიხშირე (ბრადიკარდია), სისხლის წნევის დაწევა (ჰიპოტენზია) შესაძლო გონების დაკარგვით, ქოშინი, რომელიც მოგვაგონებს ასთმის შეტევას (ბრონქოსპაზმი) და გულის მწვავე უკმარისობა.
აქედან გამომდინარე, თუ თქვენ პრეპარატის ჭარბი დოზა მიიღეთ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ექიმის მოსვლამდე კი საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება.
თუკი პირიქით, ნებილეტის მიღება დაგავიწყდათ ან ძალიან ცოტა რაოდენობით მიიღეთ, დღის ჩვეულებრივი დოზის მიღება მოგვიანებით შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მკურნალობა შემდეგი ჩვეულებრივი დოზიდან გააგრძელეთ.
რატომ არ შეიძლება ნებილეტის გამოყენების უეცარი შეწყვეტა?
ნებილეტით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის მიმდინარეობის დროებითი გაუარესება.
ამიტომ თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა აუცილებელია, მაშინ დოზა თანდათან უნდა შეამციროთ.
ნებილეტის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემსაც, ამის შესახებ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებილეტთან ერთად იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:
- სისხლის წნევის საკონტროლო ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად: ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპინი, ფლეკაინიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მეთილდოპა, მექსილეტინი, მონონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი);
- სედაციური და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, (მაგალითად: ბარბიტურატები, ფენოთიაზინები, თიორიდაზინი, ამიტრიპტილინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი);
- ქირურგიული ოპერაციების დროს ანესთეზიისათვის გამოსაყენებელი პრეპარატები;
- ასთმის, ზემო სასუნთქი გზების ან თვალის გარკვეული დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა) სამკურნალო პრეპარატები ან გუგის გამაფართოებელი პრეპარატები.
ნებილეტთან ერთად მიღებისას ყველა ამ პრეპარატს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სისხლის წნევასა და/ან გულის მუშაობაზე. ამიტომ აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ მედიკამენტთან ერთად სხვა საშუალებებსაც იღებთ.
ნებილეტი და ალკოჰოლი
ნებილეტით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, რადგან შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა.
ამიტომ პრეპარატის მიღების პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავეთ ნებისმიერი ალკოჰოლის მიღებისაგან, ღვინის, ლუდის ან მსუბუქი ალკოჰოლური კოქტეილების ჩათვლით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account