თვალის ანთება — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

თვალის ანთება ბავშვებში, ასევე ზრდასრულებსა და მოხუცებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს მდგომარეობა ჩვენს ოთხფეხა ცხოველებსაც ხშირად აწუხებთ. თვალები სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოებია, ამიტომ ისინი ძალიან მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ, იქნება ეს: ბაქტერიები, ვირუსები თუ სხვადასხვა სახის მექანიკური დაზიანება. 

 

თვალის ანთება სიმპტომების მიხედვით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამ გამოიწვია ანთებითი პროცესი და თვალის რა ნაწილში მიმდინარეობს ის. ზოგადად, ამ მდგომარეობას ახასიათებს: სიწითლე, ტკივილი და დისკომფორტი, დასივება, გამონადენი, ქავილი, წვა, მხედველობის დაბინდვა და სხვა.  

 

მსუბუქ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, თვალის ანთება მკურნალობას საჭიროებს, რადგან გართულების დროს, შესაძლოა, ამ პრობლემამ მხედველობის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. შესაბამისად, ნუ შეებრძოლებით თვალის ანთებას ხალხური საშუალებებით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუკი სიმპტომები მსუბუქი დისკომფორტის საზღვრებს გასცდება. 

 

მოდით, ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ. 

რას მოიცავს მხედველობის ორგანოს ანთებითი პროცესი და რა იწვევს ამ მდგომარეობას?

ეს მდგომარეობაა, რომლის დროსაც თვალში ანთებითი პროცესი იჩენს თავს. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა იმუნური სისტემა ინფექციას  ებრძვის. ანთება შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როცა იმუნური სისტემა თვალის ჯანმრთელ ქსოვილებს ესხმის თავს. 

აღნიშნულ ოფთალმოლოგიურ პრობლემას, როგორც წესი, შემდეგი ფაქტორები იწვევს:

  • ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები; 
  • ალერგია, იქნება ეს ყვავილის მტვერზე, ოთახის მტვერსა თუ შინაურ ცხოველებზე;
  • დაზიანება მექანიკური ტრავმით ან თვალში უცხო ობიექტების მოხვედრით; 
  • სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, მათ შორის კვამლი და ქლორი;
  • ავტოიმუნური დაავადებები, მათ შორის წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი

ანთებითი პროცესი თვალის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება გაჩნდეს: ლორწოვან გარსში (კონიუნქტივიტი), რქოვანაში (კერატიტი) ან კაკლის სისხლძარღვოვან გარსში (უვეიტი); ანთებამ თავი შეიძლება იჩინოს გარე ნაწილებშიც, მათ შორის ქუთუთოების კიდეებში (ბლეფარიტი). 

ცნობისთვის, სწორედ ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლის ინფექციითაა გამოწვეული ჯიბლიბო — თვალის ანთება, რომელიც წამწამების ზოლის შეშუპებით, სიწითლით, ტკივილითა და დაჩირქებით გამოიხატება. ეს მდგომარეობა არ უნდა აგვერიოს ქალაზიონში, რომლის დროსაც ქუთუთოზე კისტა ჩნდება. ამას ცხიმოვანი ჯირკვლის დახშობა იწვევს და დაჩირქება იშვიათად ახასიათებს.  ქალაზიონი ჯიბლიბო, თვალის ანთება, არ არის, თუმცა ზოგჯერ იგი ჯიბლიბოს მოუშუშებლობის გამოც ჩნდება. 

თვალის ანთება ბავშვებში 

ეს პრობლემა ბავშვებში უფრო ხშირად იჩენს თავს, ვიდრე უფროსებში. მსგავსი რამ რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას:

 

  • ინფექციები ამ ასაკობრივ კატეგორიაში უფრო მარტივად ვრცელდება, რადგან სკოლასა და საბავშვო ბაღში პატარებს ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი აქვთ;
  • ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება, ამიტომ სხვადასხვა მიკროორგანიზმს იგი ეფექტიანად შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. ეს ინფექციებისა და თვალის ანთების რისკს ზრდის; 
  • პატარები ჰიგიენას ზოგჯერ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და თვალს უფრო ხშირად ეხებიან დაუბანელი ხელებით. ასე ინფექციის შეჭრის საფრთხე უფრო მაღალია; 
  • ბავშვები თამაშის დროს უფრო ხშირად იზიანებენ თვალებს, ამან კი შეიძლება ანთებით პროცესამდე მიგვიყვანოს. 

 

გახსოვდეთ, რომ პატარების თვალები გაცილებით ფაქიზია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. შესაბამისად, გართულებების თავიდან ასარიდებლად ექიმს მაშინვე უნდა მიმართოთ, როგორც კი ანთების სიმპტომებს შენიშნავთ. 

რა სიმპტომები ახასიათებს ამ ტიპის ანთებას

ამ პრობლემის სიმპტომები ხშირად უეცრად იწყება. ესენი შეიძლება იყოს:

 

  • თვალის ტკივილი, სიწითლე, წვა, ქავილი და დასივება;
  • ცრემლიანობა ანდა ყვითელი/მწვანე გამონადენი;
  • სინათლისადმი მგრძნობელობის ზრდა;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • მხედველობის არეში შავი ლაქებისა და მიხვეულ-მოხვეული ხაზების გაჩენა.

გაითვალისწინეთ, რომ ამ პრობლემებმა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც შეიძლება შეაწუხოს. კატისა და ძაღლის თვალის ანთება, ჩვეულებრივ, მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. შეიძლება ამ მდგომარეობას თან ახლდეს მოთენთილობა, გაღიზიანება და აქტიურობის შემცირებაც. 

როგორ მკურნალობენ თვალის ანთებას?

მკურნალობა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუკი ანთება ბაქტერიული ინფექციის შედეგია, ამ დროს ანტიბიოტიკური საშუალების გამოყენებაა მიზანშეწონილი. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ტობრექსის თვალის წვეთები, რომელიც ანტიბიოტიკ ტობრამიცინს შეიცავს. 

როცა ანთების მიზეზი ინფექცია არაა — მაგალითად, ავტოიმუნური დაავადების, ალერგიის ან მექანიკური ტრავმის დროს — მის მოსაშუშებლად ექიმები ზოგჯერ სტეროიდებს ნიშნავენ (დაუშვებელია მათი ურეცეპტოდ გამოყენება). 

ნებისმიერი სახის პრეპარატი სხვადასხვა ფორმით არის ხელმისაწვდომი. თვალის ანთებას წვეთებით ხშირად მკურნალობენ , თუმცა სამკურნალო საშუალებები მალამოების, აბებისა და ინიექციების სახითაც გვხვდება. ექიმი გადაწყვეტს, რომლის გამოყენებაა მიზანშეწონილი. 

საბოლოო ჯამში, მკურნალობა მაინც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. უკეთესი შედეგებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ გამოირიცხოს ზოგიერთი დაავადება (მათ შორის ავტოიმუნური პრობლემები), რომელთაც ოფთალმოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია. 

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თვალის ანთება ძაღლებში შეიძლება განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებდეს; სხვაგვარ მიდგომას შეიძლება მოითხოვდეს კატის თვალის ანთებაც, რადგან  ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ზოგიერთი პრეპარატის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან. 

შესაბამისად, თუკი თქვენს შინაურ ცხოველს ოფთალმოლოგიური პრობლემები შეაწუხებს, რჩევისათვის ვეტერინარს მიმართეთ და ნუ გამოიყენებთ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ექიმმა თავად დაგინიშნათ. 

საჭიროების შემთხვევაში ანთების სამკურნალო პრეპარატების შეძენას PSP-ს ონლაინ აფთიაქიდანაც შეძლებთ.