
თირკმლის დაავადებები ბევრ ადამიანში პანიკურ შიშს იწვევს, რადგან იგი მოულოდნელ და აუტანელ ტკივილთან ასოცირდება. არ აქვს მნიშვნელობა დაავადების შედარებით მსუბუქ ფორმასთან გვაქვს საქმე თუ რთულთან, თირკმლის ფუნქციის მოშლა უამრავ პრობლემას იწვევს, რომელიც პარალელურად ბევრ ორგანოზე ახდენს უარყოფით გავლენას.
როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, ადამიანის ორგანოებიდან ყველაზე მეტი პათოლოგია სწორედ თირკმელს ახასიათებს - ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადება, თირკმლის ავტოიმუნური დაავადებები, თირკმლის ინფექციები და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა აქედან ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა პიელონეფრიტი - მას თირკმლის ავადმყოფობებს შორის როგორც სიხშირით, ასევე სიმძიმით პირველი ადგილი უკავია. ხოლო ზოგადად, ინფექციურ-ანთებით დაავადებებს შორის, ზედა სასუნთქი გზების ანთების შემდეგ, მეორეა.
რა არის პიელონეფრიტი?
პიელონეფრიტი ბაქტერიებით (ძირითადად ნაწლავის ჩხირი) გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ორი სახის მიზეზი აქვს:
- ინფექცია საშარდე გზებიდან აღმავალი გზით ვრცელდება შარდის ბუშტში, შარდსაწვეთებსა და თირკმლებში;
- ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიები თირკმელში შესაძლოა სისხლის საშუალებით მოხვდეს, მაგალითად კანის სტაფილოკოკური ინფექციისას.
მედიკოსები დაავადების ფორმიდან და მიმდინარეობიდან გამომდინარე ადგენენ პიელონეფრიტის ფორმებს - არსებობს მწვავე (სეროზული და ჩირქოვანი) და ქრონიკული, რომელიც მწვავე პიელონეფრიტის არასრულფასოვანი და არასათანადო მკურნალობის შემდეგ ვითარდება.
ამასთან პიელონეფრიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი, ანუ როდესაც ანთება მხოლოდ ერთ თირკმელშია. ორმხრივია, როდესაც ორივე თირკმელია დაავადებული, თუმცა, ეს იშვიათად ხდება.
მართალია, ამ პათოლოგიის მთავარ გამომწვევ მიზეზად ბაქტერიები სახელდება, მაგრამ მედიცინა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ამ ავადმყოფობის მიზეზი იყოს ტუბერკულოზი, სოკოები ან სხვადასხვა ვირუსი.
როგორია დაავადების სიმპტომები
ეს დაავადება იმითაც განსხვავდება ბევრი სხვა პათოლოგიისგან, რომ მოულოდნელად, მთელი სიმწვავით იჩენს თავს.
თუ უეცრად იგრძენით:
- ტკივილი წელის არეში, რომელიც შესაძლოა გადაეცემოდეს მუცლის და საზარდულის არეში;
- აგეწიათ ტემპერატურა 39°-40°C-მდე;
- იგრძენით შემცივნება და კანკალი;
- გაგიხშირდათ და დაგეწყოთ მტკივნეული შარდვა;
- თუ შარდი აგემღვრათ და იგრძენით მკვეთრი სუნი;
- დაგეწყოთ გულისრევა, ღებინება;
- ზოგადი სისუსტე;
- ოფლიანობა.
გახსოვდეთ, ეს ყველაფერი მწვავე პიელონეფრიტის სიმპტომია და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ უროლოგს.
რა უნდა იცოდეთ მწვავე პიელონეფრიტთან დაკავშირებით
მწვავე პიელონეფრიტი ორი სახის არსებობს: პირველადი, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ნაწლავის ჩხირი, შემდეგ სტაფილოკოკი, ენტეროკოკი და იშვიათად კლებსიელდა.
მეორეულის მიზეზი კი ისევ ნაწლავის ჩხირია, თუმცა ამ შემთხვევაში, იგი სხვა მიკრობებთან - ენტეროკოკთან, სტაფილოკოკთან, პროტეუსსა და ფსეუდომონასთან ერთად იწვევს დაავადებას.
მწვავე პიელონეფრიტის დროს ანთებისა და შეშუპების გამო დაზიანებული თირკმელი ზომაში იზრდება და თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის, ან ვითარდება ჩირქოვანი პროცესი - პიელონეფრიტის აპოსტემატური ფორმა, თირკმლის კარბუნკული (ჩირქოვან-ნეკროზული ანთება) ან აბსცესი, ანუ ჩირქგროვა.
ჩირქოვანი პროცესები უკვე დაავადების მძიმე ფორმაა, რის გამოც მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ამ დროს ტემპერატურა მკვეთრად იცვლება. შეიძლება დილით დაფიქსირდეს 35-36 °C, საღამოს კი 40-41°C.
თუ ადამიანს აქვს თირკმელში კენჭები და ამ დროს მწვავე პიელონეფრიტით დაავადდება შეიძლება, განუვითარდეს თირკმლის ჭვალი, ე.წ. კენჭის გავლა.
დაიმახსოვრეთ, მწვავე პიელონეფრიტის დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება ინფექცია სისხლში გადავიდეს და სეფსისი განვითარდეს, რაც სიცოცხლისათვის სახიფათოა.
ასევე დაავადების ხშირად განმეორებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის შეჭმუხნა, რაც თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას და მაღალ არტერიულ წნევას იწვევს.
ვინ არის დაავადების რისკ-ჯგუფში?
ბაქტერიებისგან არავინაა დაცული და, რა თქმა უნდა, პიელონეფრიტით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაინფიცირდეს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც გარკვეულ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან და, შესაბამისად, მათი დაავადების ალბათობაც გაცილებით მაღალია. ესენი არიან ის ადამიანები ვისაც აქვთ:
- ქრონიკული ცისტიტი;
- პროსტატიტი;
- შარდ-კენჭოვანი დაავადება;
- პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.
მედიცინის წარმომადგენლები აკონკრეტებენ წლოვანებასაც, რომელ ასაკში უფრო ხშირია პიელონეფრიტის შემთხვევები.
ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, თირკმლის ეს ინფექცია ხშირად გვხვდება 7 წლამდე მოზარდებში და 18-დან 30 წლამდე გოგონებსა და ქალებში. მიზეზს სქესობრივი ცხოვრების დაწყებით, ორსულობით და მშობიარობით ხსნიან.
ფეხმძიმობის დროს პიელონეფრიტის რისკის მიზეზია გადიდებული საშვილოსნო, რომელიც შარდსაწვეთებს აწვება და ნაწილობრივ ახშობს შარდის ნორმალურ გამოდინებას. ეს კი ბაქტერიების აღმა სვლას უწყობს ხელს.
გარდა ახალგაზრდა ასაკისა, ეს დაავადება ხშირად გვხვდება ხანდაზმული მამაკაცებში, რომლებიც პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით არიან დაავადებულნი.
ამასთან, ექიმები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ ლაბორატორიული კვლევების დროს - დააკვირდეთ ჰიგიენის წესების დაცვას, რადგან პიელონეფრიტი შეიძლება განვითარდეს უროლოგიური კვლევის, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციების (შარდსაწვეთის კათეტერიზაცია, აღმავალი ურეთროპიელოგრაფია და სხვ.) დროს.
პიელონეფრიტი ბავშვებში — როგორ ავირიდოთ ის თავიდან
როგორც მედიკოსები ადასტურებენ, საშარდე გზების ინფექცია ძალიან ხშირია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში - ის სიხშირით სასუნთქი გზების ინფექციების შემდეგ მეორეა. თუმცა ცისტიტი ან პიელონეფრიტი ამ ასაკში 8-10-ჯერ უფრო ხშირია გოგონებთან – ეს მათი გენიტალიების ანატომიურ თავისებურებებს უკავშირდება, რის გამოც ინფექცია აღმავალი გზით ადვილად ვითარდება.
ზოგადად მოზარდებში ინფექცია ძირითადად გამოწვეულია შარდის უკუდინებით ბუშტიდან შარდსაწვეთებში.
იმისთვის, რომ მოზარდი პიელონეფრიტით არ დაავადდეს, ექიმები პირველ რიგში მშობლებს ურჩევენ, კარგად დაიცვან ბავშვის ჰიგიენა, რადგან დაავადების განვითარების რისკი, განსაკუთრებით გოგონებში ძალიან მაღალია, დაახლოებით 60 %.
როგორ ვითარდება ქრონიკული პიელონეფრიტი
როგორც მიხვდით, მწვავე პიელონეფრიტი საკმაოდ რთული და სახიფათო დაავადება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სრულფასოვან მკურნალობას და რაც მთავარია, ბოლომდე მიიყვანოთ ექიმის დანიშნულება, რადგან დაუსრულებელმა თერაპიამ შეიძლება დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიყვანოს, რაც ასევე ძალიან სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
მწვავე პიელონეფრიტის მკურნალობისას პაციენტს ანთებითი პროცესი უქრება და შესაბამისად, ტკივილი და უსიამოვნო სიმპტომებიც ეხსნება. ამის გამო ისინი ხშირად მკურნალობის კურსს წყვეტენ. არადა, ანთების ჩაქრობა ყველა მიკრობის განადგურებას და შარდის ნორმალური ნაკადის აღდგენას არ ნიშნავს. ბაქტერიები აგრძელებენ გამრავლებას და თირკმლის ფუნქციის მოშლას. სწორედ ამ დროს იღებს დაავადება ქრონიკულ სახეს.
ქრონიკული პიელონეფრიტი თირკმლის ქსოვილის ბაქტერიული ანთებაა, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული. პაციენტთა 25%-ში ქრონიკული პიელონეფრიტი ფიქსირდება მხოლოდ ერთ თირკმელში, უმეტესად მარჯვნივ, დანარჩენ შემთხვევაში კი დაზიანება აღინიშნება ორივე ორგანოში, სხვადასხვა ხარისხით. პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი ამ შემთხვევაშიც ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ენტეროკოკი, ფსეუდომონა, კლებსიელლა, ენტერობაქტერია და სხვა ბაქტერიებია.
ამ დაავადების სიმპტომი წელის ყრუ ტკივილში გამოიხატება, განსაკუთრებით ცივ ამინდში. გამწვავების შემთხვევაში კი მწვავე პიელონეფრიტის ყველა ნიშანი იჩენს თავს.
ქრონიკული პიელონეფრიტი ძირითადად ძალიან ნელა პროგრესირებს, დაახლოებით 20 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, თუმცა საბოლოო შეიძლება ბაქტერიები სისხლში გადავიდეს და მეორე თირკმლის ან სხვა ორგანოების ინფიცირებაც გამოიწვიოს. ამგვარი გართულება იშვიათად მაგრამ მაინც იწვევს თირკმლების ატროფიას (განლევა) ან პროგრესირებად უკმარისობას, რისთვისაც საბოლოოდ დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია ხდება საჭირო.
და კიდევ ერთი ფორმა - ქრონიკული პიელონეფრიტის ერთ-ერთი სახეა ქსანტოგრანულომატოზური პიელონეფრიტი. პათოლოგიის ამ ფორმას თირკმლის კენჭები იწვევს. ხშირად თირკმელში ჭარბად ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც აზიანებს მას. ასევე ჩნდება ჩირქგროვები, რაც ცხელებასა და ძლიერ ტკივილს იწვევს.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
როგორც ჩვენი ბლოგის წაკითხვისას მიხვდით, პიელონეფრიტი იმდენად სახიფათო და მძიმე შედეგების გამომწვევი დაავადებაა, რომ მის განკურნებას საკუთარი მეთოდებით არც უნდა ეცადოთ. სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ უროლოგს და ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები, რომ დაავადების ანამნეზიდან გამომდინარე, დაგენიშნოთ მკურნალობის სრულფასოვანი კურსი.
პიელონეფრიტის გაიდლაინით დიაგნოზის დასადგენად პირველ რიგში ტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. კერძოდ:
- შარდის საერთო ანალიზი - დგინდება შარდში ლეიკოციტების, ბაქტერიების და ცილების მოცულობა;
- შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი;
- სისხლის საერთო ანალიზი - იკვლევენ ლეიოციტოზს, ერითროციტების დალექვის სიჩქარეს, ნეტროფილიზმს და ანემიას;
- საშარდე სისტემის ექოსკოპია.
- მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევა – მიქციური ცისტოგრაფია, რომლითაც დგინდება, ხდება თუ არა შარდის ბუშტიდან თირკმელში შარდის უკუდენა ანუ რეფლუქსი.
სწორედ ამ კვლევების საფუძველზე ნიშნავს ექიმი ანტიბაქტერიულ, დეზინტოქსიკაციურ და იმუნომასტიმულირებელ თერაპიას, რისთვისაც შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია საჭირო. ამ დროს ექიმები ხშირად არჩევანს Urostrong - უროსთრონგზე აკეთებენ, რადგან ესპანეთში წარმოებული მედიკამენტი ეფექტიანია მთლიანად შარდსასქესო გზების ინფექციების - ურეთრიტის, ცისტიტის და, რაღა თქმა უნდა, პიელონეფრიტი სამკურნალოდ.
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, უროლოგი განსაზღვრავს პაციენტს შეუძლია სახლში გააგრძელოს მკურნალობა თუ საჭიროა მისი სტაციონარში მოთავსება.
თუ პაციენტს არ აქვს გულისრევა ან ღებინება, გაუწყლოვნების ნიშნები, იმუნური სისტემის დამასუსტებელი დაავადებები (მაგ. ზოგი სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი, შიდსი) დაბალი არტერიული წნევა ან ცნობიერების მოშლა და ა.შ, ამ შემთხვევაში ექიმები არჩევენ სახლის პირობებში, ანტიბიოტიკის ტაბლეტებით მკურნალობას, რომელიც 14 დღე გრძელდება. თუმცა, თუ მამაკაცებში, ინფექციის გამომწვევი მიზეზი პროსტატიტია, ამ დროს კურსი შესაძლოა 6 კვირამდეც გახანგრძლივდეს.
მაგრამ, თუ ადამიანი პიელონეფრიტით ხშირად, განმეორებით ავადდება, შესაძლებელია უროლოგმა ანტიბიოტიკის კურსი პროფილაქტიკის მიზნით გაახანგრძლივოს, მაქსიმუმ ერთი წლით ან განუსაზღვრელი დროით.
მკურნალობა დასრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც განმეორებითი ანალიზების ჩატარების შემდეგ შარდში მიკრობები სრულად განადგურებულია და ორგანიზმი განკურნებულია.
იმ შემთხვევაში თუ პიელონეფრიტის მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე, ამ დროს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, სადა პირველი ორი დღის განმავლობაში ანტიბიოტიკს ვენაში უსხამენ და შემდეგ გადადიან დასალევ აბებზე.
ჩირქოვანი პროცესის, ან შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, თუ არ ხდება კენჭის გამოდევნა თვითნებურად ან ინსტრუმენტული გზით, შესაძლოა საჭორო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ქსანტოგრანულომატოზური პიელონეფრიტის დროს კი, ვითარება უფრო მძიმდება - ამ შემთხვევაში ხშირად ინფიცირებული თირკმლის ამოკვეთაა აუცილებელი, რადგან თავიდან აიცილონ ინფექციის მრავალჯერადი გამეორება. იგივე ხდება ქრონიკული პიელონეფრიტით დაავადებულ პაციენტებშიც, რომლებსაც თირკმლის გადანერგვა აქვთ დაგეგმილი. ორგანოს ამოკვეთა ხდება იმიტომ, რომ არ დააზიანოს გადანერგილი თირკმელი.
გახსოვდეთ, პიელონეფრიტის მკურნალობის პროცესში არ არის სასურველი ორსულობა, ამასთან ექიმთან აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია, რამდენად უსაფრთხოა ანტიბიოტიკის მიღება ფეხმძიმობის პერიოდში.
როგორ ავიცილოთ თავიდან პიელონეფრიტი
გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ საკმაოდ რთული დაავადების თავიდან აცილება საკმაოდ მარტივი წესების დაცვით შეგიძლიათ.
- რაც სავალდებულოა: დალიეთ ბევრი წყალი, რომ გაზრდილმა შარდის მოცულობამ ბაქტერიები სრულად გამოდევნოს საშარდე გზებიდან;
- ხშირად სვით C ვიტამინით მდიდარი მჟავე წვენები, რადგან მჟავა ბაქტერიების ზრდას აფერხებს;
- არ შეიკავოთ შარდი, ეცადეთ მოშარდოთ სურვილის გაჩენისთანავე;
- არ დაგავიწყდეთ მოშარდვა სქესობრივი აქტის დაწყებამდე და შემდეგ, განსაკუთრებით ქალებმა;
- მოშარდვის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ წინიდან - უკან, რათა ბაქტერიები სწორი ნაწლავიდან არ მოხვდნენ შარდსადინარ მილში;
- დაიცავით ყოველდღიური ჰიგიენა.
ერთი სიტყვით, პიელონეფრიტი საშიში დაავადება ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ იმკურნალებთ სრულფასოვნად და დანიშნულ კურსს არ მიიყვანთ ბოლომდე. ამიტომ პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ უროლოგს, რომელიც ამ ბაქტერიების დამარცხებაში დაგეხმარებათ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account