ზურგის ტკივილი — ყველაფერი, რაც ამ სიმპტომის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ზურგის ტკივილი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები სამედიცინო დახმარებას მიმართავენ. ზურგზე შეიძლება ტკივილი, პულსაცია ან წვა მრავალი მიზეზის გამო იგრძნოთ. ასეთებია, მაგალითად: კუნთების დაჭიმვა; ხერხემლის მალთაშორის დისკებთან დაკავშირებული პრობლემები; ნერვის დაზიანება; კენჭები თირკმელში; ართრიტი და ორსულობაც კი. 

 

თუმცა არსებობს გარკვეული ზომები, რომელთა მიღებაც პაციენტებს (განსაკუთრებით 60 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებს) დაეხმარება, თავიდან აიცილონ ან შეამსუბუქონ ზურგის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ზურგის ტკივილის სამკურნალოდ ოპერაცია იშვიათად არის საჭირო.

რა შეიძლება ითქვას ზურგის ტკივილის ტიპებზე?

 

ზურგის ტკივილი სამედიცინო პროფესიონალების მიერ რამდენი გზით არის კლასიფიცირებული. შეგიძლიათ ეს პრობლემა მისი მდებარეობის მიხედვით აღწეროთ: ზურგის ტკივილი შეიძლება კონკრეტულად მის ცენტრს, მარცხენა ან მარჯვენა მხარეს მოიცავდეს, ასევე — ზედა ან ქვედა ნაწილზე ვრცელდებოდეს. ეს სამედიცინო მდგომარეობა ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგი კრიტერიუმით — მსუბუქია ის, ზომიერი, თუ ძლიერი? გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ზურგის ტკივილი წარმოადგენდეს მწვავე ეპიზოდს, რომელიც მოულოდნელია, ხანმოკლეა და ხშირად დაზიანებასთან არის დაკავშირებული. ქრონიკული ზურგის ტკივილი კი ნიშნავს, რომ ის 3-6 თვეზე მეტხანს გრძელდება.

 

როგორია ზურგის ტკივილის სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები? 

 

ეს სამედიცინო მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით, დაწყებული კუნთის ტკივილით, დასრულებული წვის ან ჩხვლეტის შეგრძნებით. ამასთან, შესაძლებელია, ზურგის ტკივილი ფეხზეც გავრცელდეს. მოხრამ, სხეულით მობრუნებამ, სიმძიმის არასწორი ხერხით აწევამ, დგომამ ან სიარულმა კი შეიძლება უსიამოვნო შეგრძნებები გააძლიეროს.

 

რაც შეეხება პოტენციურ გამომწვევ მიზეზებს, ისინი საკმაოდ მრავალფეროვანია.

 

ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. ზურგის ტკივილი ხშირად თავს იჩენს იმის გამო, რომ ხერხემლის სახსრები, კუნთები, დისკები და ნერვები სწორად არ ფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში ზურგის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად, სკოლიოზი (ხერხემლის გამრუდება); ზურგის კუნთების სპაზმები; მალთაშორისი დისკების დეფექტი (გაბზარვა, გაცვეთა); სპინალური სტენოზი (ხერხემლის არხის შევიწროება, რამაც შეიძლება ზურგის ტვინზე და ხერხემალში გამავალ ნერვებზე ზეწოლა განაპირობოს) და ა. შ.

 

უბედური შემთხვევები და დაზიანებები. ზურგის ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ავტოავარიები, დაცემა, კუნთების დაჭიმვა და მოტეხილობები. ამ დაზიანებებმა შეიძლება სერიოზული ფიზიკური პრობლემები გამოიწვიოს. 

 

ცხოვრების სტილი. ზურგის ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რასაც აკეთებთ (ან არ აკეთებთ) ყოველდღიურად. მაგალითად:

  • მოხრილ მდგომარეობაში დგომა ან ჯდომა;
  • მძიმე საგნების არასწორად აწევა;
  • ვარჯიშზე უარის თქმა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება;

 

ემოციები. ფიზიკური ტკივილის თვალსაზრისით ემოციების როლს ნუ უგულებელყოფთ. სტრესმა შეიძლება ზურგის კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს, ხოლო დეპრესია და შფოთვა, სავარაუდოდ, ტკივილს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

სხვა მიზეზები. ზურგის ტკივილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობებით, როგორებიც არის:

 

  • ართრიტი: ეს კრებითი სახელწოდება 100-ზე მეტ დაავადებას აერთიანებს. ის სახსრების დაჭიმვას, შეშუპებასა და ანთებას იწვევს.
  • ოსტეოართრიტი: ამ ტიპის ართრიტი თავს იჩენს მაშინ, როდესაც ზიანდება ხრტილი, რომელიც ფარავს სახსრის შემადგენლობაში არსებული ძვლების ბოლოებს.
  • სკოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება: როგორც წესი, ეს მდგომარეობა ადამიანს დაბადებიდან აღენიშნება. ტკივილის არსებობის შემთხვევაში, ის ჩვეულებრივ შუახნის ასაკიდან იწყება.
  • ორსულობა: ამ პერიოდში მომატებულმა წონამ შეიძლება ზურგზე ზეწოლა იქონიოს.
  • სიმსივნეები: იშვიათ შემთხვევებში მათ შეიძლება გავლენა ზურგზეც იქონიოს. როგორც წესი, ამის მიზეზია სიმსივნე, რომელიც სხვა ორგანოში განვითარდა.

 

გარდა ამისა, ზურგის ტკივილის ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია:
 

  • თირკმლის კენჭები და ინფექციები; 
  • ენდომეტრიოზი — ქრონიკული, ანთებითი დაავადება, რომელიც საშვილოსნოს ღრუს გარეთ, სხვადასხვა ორგანოში ენდომეტრიუმის ან მისი მსგავსი ქსოვილის გაზრდას გულისხმობს. ენდომეტრიუმი კი, თავის მხრივ, საშვილოსნოს ღრუს ამომფენ ლორწოვან გარსს წარმოადგენს.
  • ოსტეომიელიტი ან დისციტი — ხერხემლის ძვლებისა და დისკების ინფექციები;
  • ფიბრომიალგია — სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც კუნთების ფართოდ გავრცელებულ ტკივილს იწვევს.

 

პაციენტის ტკივილის მიზეზიდან გამომდინარე, მკურნალობის პროცესი შეიძლება მოიცავდეს ცხოვრების წესის ცვლილებას, მედიკამენტების მიღებას ან თუნდაც ქირურგიულ ჩარევას. 

 

ზურგის ტკივილის წამლებით მკურნალობის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, მალამო ან ტკივილგამაყუჩებელი საინიექციო სუსპენზია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი სუნთქვის დროს?

 

სუნთქვის დროს ზურგის ტკივილი შეიძლება საკმაოდ მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, როგორებიც არის:

 

კუნთის დაძაბვა. თუ ზურგის კუნთი დაიძაბა, სავარაუდოდ შეამჩნევთ მკვეთრ ტკივილს სხეულის იმ მხარეს, სადაც დაზიანება მოხდა.

ფილტვის ემბოლია. ზურგის ტკივილი შეიძლება ფილტვებთანაც იყოს დაკავშირებული — კონკრეტულად ფილტვის ემბოლია წარმოადგენს სისხლის შედედებას ამ ორგანოს არტერიაში. ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

გაბზარული ან გატეხილი ნეკნი. გაბზარული და გატეხილი ნეკნის სიმპტომები მსგავსია. ხშირად მათი დიფერენციაციის მიზნით საჭიროა რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) გადაღება.

პლევრიტი. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ფილტვის სეროზული გარსის ანთებას იწვევს. ეს უკანასკნელი, რომელიც ცნობილია პლევრის სახელით, შედგება ორი თხელი გარსისგან, რომელიც იცავს თითოეულ ფილტვს. პლევრიტის შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ფორმის, ისე — სიცოცხლისთვის საშიში.

პნევმონია. ეს მდგომარეობა გულისხმობს ფილტვების ინფიცირებას ისეთი მიკრობებით, როგორებიც არის ვირუსები, ბაქტერიები ან სოკოები. ისინი ფილტვებში არსებული ქსოვილების ანთებას იწვევს.

ფილტვის კიბო. ეს დაავადება ადრეულ ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფილტვის სიმსივნემ, რომელიც ხერხემლის ნერვებს აწვება, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი ერთ მხარეს. ასევე, თუ სიმსივნე სხეულის სხვა ორგანოებზე გავრცელდება, შესაძლოა მან ზურგის ან ბარძაყის ძვლების ტკივილი განაპირობოს.

გულის შეტევა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გულის სისხლით მომარაგების პროცესი უეცრად ირღვევა — უმეტეს შემთხვევაში მისი მიზეზი თრომბის ჩამოყალიბებაა. გულის შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა ზურგზეც გავრცელდეს.

მალის მოტეხვა. ეს ყველაზე ხშირად გამოწვეულია ტრავმული დაზიანებით. მალის მოტეხვის შემთხვევაში ტკივილი ხშირად ძლიერდება მოძრაობისას. 

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სუნთქვის დროს ზურგის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს სკოლიოზმა, ჭარბმა წონამ და მალთაშორისი დისკის თიაქარმა.

რა ფაქტორები ზრდის ზურგის ტკივილის განვითარების რისკებს?

 

ზურგის ტკივილი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუნდაც ბავშვებსა და მოზარდებს. მისი წარმოქმნის შანსები შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა გაზარდოს:

 

ასაკი. ზურგის ტკივილი უფრო ხშირია ასაკის მატებასთან ერთად. 

ვარჯიშის ნაკლებობა. ზურგისა და მუცლის სუსტმა, გამოუყენებელმა კუნთებმა შეიძლება ზურგის ტკივილი გამოიწვიოს.

ჭარბი წონა. სხეულის ჭარბ წონას ზურგზე დამატებითი ზეწოლა აქვს.

დაავადებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი სახის ართრიტი და სიმსივნე ხელს უწყობს ზურგის ტკივილის წარმოქმნას.

სიმძიმის აწევის არასწორი ტექნიკა. მძიმე საგნების აწევისას ზეწოლის ფეხების ნაცვლად ზურგზე გადატანამ შეიძლება მისი ტკივილი გამოიწვიოს.

ფსიქოლოგიური მდგომარეობები. ნევროზისა და დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები ზურგის ტკივილის უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დაძაბვა, რაც პოტენციურად ხელს შეუწყობს ტკივილის წარმოქმნას.

თამბაქოს მოხმარება. მწეველ ადამიანებს ხშირად აწუხებთ ზურგის ტკივილი. ამას განაპირობებს ხველება, რაც შეიძლება მალთაშორისი დისკების თიაქრის წარმოქმნის მიზეზი გახდეს. თამბაქოს მოხმარებას ასევე შეუძლია, შეამციროს სისხლის მიმოქცევა ხერხემალში და გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს დაავადებას, რომელიც ძვლის მასის შემცირებით, მისი ხარისხისა და სიმტკიცის დაქვეითებით, ასევე მოტეხილობის მაღალი რისკით ხასიათდება.

როგორ შეგვიძლია ზურგის ტკივილის პრევენცია?

 

ჯანსაღი და ძლიერი ზურგის შენარჩუნებაში შემდეგი რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ:

 

  • ივარჯიშეთ, იზრუნეთ კუნთების სიძლიერესა და მოქნილობაზე;
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება;
  • შეინარჩუნეთ სხეულის სწორი მდგომარეობა როგორც ჯდომისას, ისე — დგომისას;
  • მძიმე საგნები სწორი ტექნიკის გამოყენებით ასწიეთ.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

 

ზურგის ტკივილის შემთხვევების უმეტესობა, როგორც წესი, სახლში მკურნალობის პირობებში დროთა განმავლობაში უმჯობესდება — ხშირად რამდენიმე კვირაში. მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი:

  • რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება;
  • მძიმეა და არ უმჯობესდება დასვენების დროს;
  • ვრცელდება ერთ ან ორივე ფეხზე (განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მუხლს ქვემოთ ჩამოდის);
  • იწვევს სისუსტეს, დაბუჟებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას ერთ ან ორივე ფეხში;
  • შერწყმულია წონის აუხსნელ კლებასთან.

 

შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტში ზურგის ტკივილი სერიოზული სამედიცინო პრობლემის ნიშანი იყოს. ეს იშვიათია, მაგრამ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას ზურგის ტკივილისას, რომელიც:

 

  • იწვევს ნაწლავის ან შარდის ბუშტის ახალ პრობლემებს;
  • შერწყმულია ცხელებასთან;
  • მოჰყვება დაცემას, ზურგში დარტყმას ან სხვა დაზიანებას.