
ფესტალი ნაწლავში ხსნადი, შემოგარსული ტაბლეტების სახით ინდოეთში იწარმოება. ის საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს: პანკრეატინს, ჰემიცელულაზასა და ნაღვლის კომპონენტებს შეიცავს.
ალუმინის სტრიპში ფესტალის 10 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
როდის დავლიოთ ფესტალი?
ფესტალი გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების შედეგად წარმოქმნილი კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის დროს, ქრონიკული პანკრეატიტით (პანკრეასის ანთება) დაავადებულ ადამიანებში. ეს, კლინიკურად, საჭმლის მონელების დარღვევით, შეკრულობისადმი მიდრეკილებითა და მეტეორიზმით ვლინდება.
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში პრეპარატით სხვა საშუალებებთან ერთად შემდეგ დაავადებებს მკურნალობენ:
- ღვიძლის დიფუზური დაავადებები, მათ შორის ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიკური დაზიანებები, ასევე ციროზი;
- ნაღვლის მჟავების დონის ძლიერი დაქვეითება;
- ნაღვლის მჟავების ცირკულაციის დარღვევა (ნაღველგამომყოფი გზების დისკინეზიების, დისბაქტერიოზის, მალაბსორბციის დროს);
- ნაღვლის წარმოქმნისა და მისი გამომყოფი პროცესების ნეიროჰუმორული რეგულაციის დარღვევა (ქრონიკული გასტრიტი, დუოდენიტი და ქოლეცისტიტი).
პრეპარატ ფესტალს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტები საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის კვების დარღვევის, საღეჭი ფუნქციის მოშლის, ასევე იძულებითი ხანგრძლივი იმობილიზაციისა და ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესის შემთხვევაში მიმართავენ.
პრეპარატს იყენებენ მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების პერიოდშიც.
ფესტალი კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას პანკრეატინის ხარჯზე ახერხებს, ღვიძლის ნაღვლგამომყოფი ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას კი - ნაღვლის კომპონენტის ხარჯზე.
როდის შევიკავოთ თავი პრეპარატის გამოყენებისგან?
ფესტალი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. გარდა ამისა, მისი მიღება არ არის რეკომენდებული მწვავე პანკრეატიტისა და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების შემთხვევაში.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია დაავადებების დროს, როგორიცაა ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის კომა ან პრეკომა და ჰეპატიტი.
მედიკამენტი უკუნაჩვენებია ასევე ჰიპერბილირუბინემიის, მექანიკური სიყვითლის, ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ნაღვლის ბუშტის ემპიემის მქონე პირებში.
ფესტალის მიღება არ არის რეკომენდებული ნაწლავური გაუვალობის დროს და დიარეის მიმართ მიდრეკილი პაციენტებისთვის. პრეპარატი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მედიკამენტი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებიც მუკოვისციდოზით (კისტური ფირბოზი), ჰიპერურიკემიითა (სისხლში შარდმჟავას მატება) და პოდაგრით არიან დაავადებულნი ან თირკმელების უკმარისობა აწუხებთ.
როგორ და რა დოზებით მივიღოთ ფესტალი?
ფესტალის ტაბლეტები პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. მათი დაღეჭვა სასურველი არ არის. წამალი ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით უნდა დალიოთ.
პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს დღე-ღამეში 3-ჯერ მისაღებად. უფრო მაღალი დოზები მხოლოდ ექიმის მიერ ინიშნება.
ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს ასევე ბავშვებში გამოსაყენებელი დოზები და წამლის მიღების რეჟიმი.
მკურნალობის ხანგრძლივობა, დიეტის დარღვევის შედეგად საჭმლის მონელების პროცესის გაუმართაობის დროს, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეს შეადგენს. მუდმივი შენაცვლებითი თერაპიის აუცილებლობის დროს მკურნალობამ შეიძლება, რამდენიმე თვემდე ან წლამდე გასტანოს.
რენტგენოლოგიურ ან ულტრაბგერით გამოკვლევამდე რეკომენდებულია 2 ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ გამოსაყენებლად. პრეპარატი გამოკვლევამდე 2-3 დღით ადრე უნდა მიიღოთ.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატმა?
პრეპარატების უმრავლესობის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შესაძლოა, ფესტალის მიღებასაც ახლდეს თან. მათ შორის, დაუდგენელი სიხშირით, ზოგჯერ ანაფილაქსიური რეაქციები, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება ვითარდება.
მედიკამენტის გამოყენების შემდეგ შეიძლება გვერდითი მოვლენები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ დარღვევების სახითაც გამოვლინდეს. მაგალითად, პანკრეატინის მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში ჰიპერურიკოზურიის ფაქტები ფიქსირდება.
დარღვევები შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივაც. ასეთ დროს, უცნობი სიხშირით, დიარეა, ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ტკივილი მუცლის არეში ან ანალური ქავილი ვლინდება.
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში პანკრეატინის მაღალი დოზების მიღების ფონზე ზოგჯერ შეკრულობა, მსხვილი ნაწლავის სტენოზი, ნაწლავური გაუვალობა ან ფიბროზული კოლონოპათია აღინიშნება.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ, პანკრეატინის ძალიან მაღალი დოზების მიღების ფონზე, შეიძლება ჰიპერურიკემია განვითარდეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account