ზირომინი — ანტიბიოტიკი, რომელიც სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

ზირომინი (Ziromin) არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება. ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

 

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  • სასქესო სისტემის ინფექციები;
  • ჰელიკობაქტერია პილორთან (ბაქტერია, რომელიც ძირითადად კუჭის ლორწოვან გარსში სახლობს) ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის დაავადებები.

 

ზირომინი ხელმისაწვდომია, როგორც ტაბლეტების, ისე — ფხვნილის სახით. ამ უკანასკნელის საშუალებით მზადდება სუსპენზია, რომელიც ორალურად მიიღება. ჩვეულებრივ, ზირომინის ტაბლეტები არის 500მგ-იანი, ხოლო ფხვნილი — 200მგ-იანი. მედიკამენტის ფასები სწორედ ამ ფორმების მიხედვით განსხვავდება.

 

საგულისხმოა, რომ, როგორც წესი, ზირომინის სუსპენზია მედიკამენტის საბავშვო ვერსიას წარმოადგენს.

 

როგორია ზირომინის მოხმარების წესები და დოზირება?

 

ზირომინი ორალურად, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ მიიღება. რაც შეეხება დოზირებას, მოდით, განვიხილოთ სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის ტაბლეტებით მკურნალობის შემთხვევა:

 

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ასევე კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 500მგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
  • ქრონიკული მიგრირებადი ერითემა (კანის დაზიანება, რომელიც ხშირად ასოცირდება ბორელიოზთან): პირველ დღეს 1000 მგ ერთჯერადად, შემდეგ მე-2 დღიდან მე-5 დღის ჩათვლით 500მგ დღეში ერთხელ.
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი (შარდსადენი მილის ანთება/საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესი) — 1000მგ ერთჯერადად; გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი/ცერვიციტი, რომელიც Chlamydia trachomatis-ით არის გამოწვეული — 1000მგ დღეში 3-ჯერ, 7-დღიანი ინტერვალებით.
  • ჰელიკობაქტერია პილორთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება: 1000მგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში, ანტისეკრეტორული და სხვა მედიკამენტების მოხმარების პარალელურად.

 

სანამ ზირომინის სუსპენზიის რეკომენდებულ დოზებზე გადავალთ, მოდით, მისი მომზადების წესებს გავეცნოთ:

 

  • ფლაკონში, რომელიც 1200მგ აზითრომიცინს შეიცავს, საზომი ჭიქის საშუალებით 15მლ წყალი დაამატეთ.
  • ყოველ მიღებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ მანამ, სანამ სუსპენზია ერთგვაროვანი გახდება.
  • მზა სუსპენზიის სწორი დოზის განსაზღვრისთვის გამოიყენეთ დოზირებული შპრიცი, საზომი კოვზი ან საზომი ჭიქა.
  • სუსპენზიის მიღების შემდეგ, ბავშვს რამდენიმე ყლუპი ჩაი ან წვენის დაალევინეთ, რათა პირის ღრუში დარჩენილი პრეპარატის ნარჩენები გადაყლაპოს.

 

გაითვალისწინეთ: მომზადებული სუსპენზია უნდა შეინახოთ 25ºC ტემპერატურაზე არაუმეტეს 5 დღისა.

 

სუსპენზიის რეკომენდებული დოზები კი, ბავშვის წონიდან გამომდინარე, ცხრილშია მოცემული:

 

სხეულის მასა (კგ)

სუსპენზიის მოცულობა 1 მიღებაზე (მლ)

აზითრომიცინის დოზა (მგ)

10-14

2.5

100

15-24

5.0

200

25-34

7.5

300

35-44

10.0

400

≥45

12.5

500

 

რაც შეეხება კონკრეტულ სამედიცინო მდგომარეობებს:

 

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: 10მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში. თერაპიული კურსი 30მგ/კგ-ს მოიცავს.
  • ქრონიკული მიგრირებადი ერითემა: პირველ დღეს 20მგ/კგ სხეულის მასაზე, შემდეგ მე-2 დღიდან მე-5 დღის ჩათვლით 10მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ. თერაპიული კურსი 60მგ/კგ-ს მოიცავს.
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი — 10მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად; გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტის/ცერვიციტის შემთხვევაში კი, რომელიც Chlamydia trachomatis-ით არის გამოწვეული, რეკომენდებული დოზაა 10მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში 3-ჯერ, 7-დღიანი ინტერვალებით.
  • ჰელიკობაქტერია პილორთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება: 20მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში, ანტისეკრეტორული და სხვა მედიკამენტების მოხმარების პარალელურად.

 

განსაკუთრებული მითითებები:

  • სუსპენზიის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
  • მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა და დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ, ინფექციის სიმძიმის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
  • ზირომინის მიღებისას მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და მკურნალობის კურსის სრულად გავლა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის რეციდივი და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარება.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ზირომინის სუსპენზიის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებები და უსაფრთხოება.

 

როგორია მედიკამენტის უკუჩვენებები?

ზირომინის ანოტაციის თანახმად, პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

გარდა ამისა, მედიკამენტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნებათ.

ორსულობის პერიოდში კი ზირომინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი პოტენციურ რისკს აღემატება. ლაქტაციის დროს მედიკამენტის გამოყენებისას ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

გაითვალისწინეთ: ზირომინის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, გარდა ამისა, მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.

 

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ზირომინს?

საგულისხმოა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ქრება მედიკამენტის მოხსნის ან მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ.

  • ღებინება;
  • დიარეა;
  • მეტეორიზმი;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • შეკრულობა;
  • გასტრიტი;
  • მადის დაქვეითება;
  • გამონაყარი;
  • კანის ქავილი;
  • ჭინჭრის ციება;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • თავბრუსხვევა;
  • ნევროზი;
  • თავის ტკივილი;
  • ძილის დარღვევები;
  • შფოთვა;
  • მომატებული დაღლილობა.

გაითვალისწინეთ, რომ ეს სრული სია არ არის და ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.