დერმოვეიტი — მედიკამენტი, რომელიც კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში დაგეხმარებათ

დერმოვეიტი (Dermovate) არის ძლიერი ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის არის:

 

  • ფსორიაზი (გარდა ფართოდ გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზისა);
  • წითელი ბრტყელი ლიქენი (კანის ქრონიკული დაავადება);
  • ეგზემის (კანის ფართოდ გავრცელებული ანთებითი ქრონიკული დაავადება) სხვადასხვა ფორმა;
  • დისკოიდური წითელი მგლურა (დისკოიდური ლუპუსი) — კანის დაავადება, რომელიც მისი დაზიანებით (სახეზე ან თავის თმიან ნაწილზე წითელი გამონაყარით ან კანის ფერის ცვლილებით) ვლინდება;
  • კანის დაავადებები, რომლებზეც ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდები არ მოქმედებს.

 

დერმოვეიტი ამცირებს ანთებას, შეშუპებას და ქავილს დაზიანებულ უბნებზე. მისი გამოყენება რეკომენდებულია მოკლე ვადით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გვერდითი მოვლენები.

 

აღსანიშნავია, რომ დერმოვეიტი კრემისა და მალამოს სახით არის ხელმისაწვდომი 25გ ან 50გ-იან ტუბებში. როგორც წესი, პირველი მათგანის შეფუთვა თეთრ/მწვანე ფერებშია, ხოლო მალამოსი — თეთრ/ყავისფერში. 

 

როგორია დერმოვეიტის მოხმარების წესები და დოზირება?


დერმოვეიტის მალამო მშრალი, ლიქენიზირებული ან ქერცლოვანი დაზიანებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო კრემი — ნესტიანი და სველი ზედაპირებისთვის. 

 

რაც შეეხება მოხმარების წესებსა და დოზებს, ზრდასრული ადამიანებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში სამკურნალო საშუალება უნდა დაიტანოთ თხელი ფენით დაზიანებულ უბანზე დღეში 1-2-ჯერ, სასურველი ეფექტის მიღებამდე. 

 

გაფრთხილება: მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას. კურსის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ნაკლებად აქტიური პრეპარატი. ამასთან კვირის მაქსიმალურმა დოზამ 50მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს.

 

თუ 2-4 კვირის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან საერთოდ უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის კორექციის მიზნით.

 

რა უკუჩვენებები აქვს მედიკამენტს?

 

დერმოვეიტის ანოტაციის თანახმად, პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

 

  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის ინგრედიენტების მიმართ;
  • კანის ინფექციები, რომლებზეც მკურნალობა არ ჩატარებულა;
  • ვულგარული აკნე (კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება);
  • გენიტალური და პერიანალური ქავილი;
  • როზაცეა (ასევე ცნობილი, როგორც ვარდისფერი აკნე);
  • პერიორალური დერმატიტი.

 

გარდა ამისა, მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, ამ მდგომარეობებისას კორიტკოსტერიოდების გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში დერმოვეიტერის გამოყენება ექიმის მიერ პოტენციური სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ უნდა მოხდეს.

გაითვალისწინეთ: დერმოვეიტის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, გარდა ამისა, მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.

 

რა გვერდითი მოვლენები უკავშირდება დერმოვეიტის გამოყენებას?

 

მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

 

  • გამოყენებულ ადგილზე ქავილის, წვის, ტკივილის შეგრძნება;
  • სტრიები;
  • კანის გათხელება, სიმშრალე, დანაოჭება;
  • გამონაყარი;
  • კანის პიგმენტაციის დარღვევა;
  • აკნე;
  • სისხლძარღვების გაფართოება.

 

გაითვალისწინეთ, რომ ეს სრული სია არ არის და ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციის გავლა.