
ვეგასპანი (Vegaspan) გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და რბილი ქსოვილები:
- რევმატოიდული ართრიტი;
- ოსტეოართრიტი;
- მწვავე პოდაგრული ართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი (რევმატული დაავადება, რომელიც ხერხემლის შეზრდას და მის სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას უკავშირდება);
- ბურსიტი (მდგომარეობა, რომელიც მცირე ზომის, სითხით სავსე სასახსრე ჩანთებს აზიანებს);
- რადიკულიტი (ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთება);
- ეპიკონდილიტი (იდაყვის სახსრის მყესების ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება განმეორებითი მოძრაობებისა და გადატვირთვის შედეგად);
- ლუმბაგო (დაავადება, რომელსაც ხერხემალში უეცარი ტკივილის წარმოქმნა ახასიათებს, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული);
- კისრის გამრუდება;
- ეკზოსტოზი (ძვალ-ხრტილოვანი წამონაზარდი);
- კოქციდია (ტკივილი კუდუსუნში);
- განგლიოზური კისტა (სითხით სავსე კვანძი, რომელიც უმეტეს შემთხვევაშია მაჯის ან ხელის მყესებისა და სახსრების გაყოლებაზე ჩნდება);
- ფასციიტი (ფასციის, ანუ შემაერთებელი ქსოვილის მემბრანის ანთება, რომელიც ფარავს კუნთებს, მათ ჯგუფს და ზოგიერთ ორგანოს).
ალერგიული დაავადებები:
- ქრონიკული ბრონქული ასთმა (ასთმური სტატუსის კომპლექსური თერაპიის ჩათვლით);
- მძიმე ალერგიული ბრონქიტი;
- ანგიონევროზული შეშუპება (კანქვეშ არსებული შეშუპება);
- ატოპიური დერმატიტი (ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება);
- კონტაქტური დერმატიტი (კანის ანთებითი რეაქცია, რომელსაც მასთან ალერგენის ან გამღიზიანებელი ნივთიერების კონტაქტი იწვევს);
- შრატისმიერი დაავადება (ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითარდება ორგანიზმში უცხო ცილების, ჩვეულებრივ, ჰეტეროგენული შრატის შეყვანის შემდეგ);
- სეზონური ან მუდმივი ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება);
- მედიკამენტოზური რეაქციები;
- მწერების ნაკბენით ან მედიკამენტებით გამოწვეული რეაქციები.
დერმატოლოგიური დაავადებები:
- ნეიროდერმიტი (კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძლიერი ქავილით, სიწითლით და კანის გასქელებით დაზიანებულ უბნებში);
- მზის მძიმე დერმატიტი (კანის ანთებითი რეაქცია, რომელიც ვითარდება მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად);
- ჰიპერტროფიული წითელი ბრტყელი ლიქენი (ბრტყელი ლიქენი წარმოადგენს იმუნური სისტემის მიერ კანისა და ლორწოვანი ზედაპირების დაზიანების შედეგს;
- ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამონაყარით ხასიათდება);
- დიაბეტური ლიპოდისტროფია (მცირე ზომის სიმაგრე კანში, რომელიც ვითარდება ინსულინის განმეორებითი შეყვანის ადგილებში);
- დისკოიდური წითელი მგლურა (კანის დაავადება, რომელიც მისი დაზიანებით ვლინდება);
- კეროვანი ალოპეცია (ასევე ცნობილია, როგორც ბუდობრივი ალოპეცია. ეს არის თმის ცვენის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც თმა ცვივა მრგვალი ან ოვალური ფორმის კერებად თავის თმიან არეზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე);
- კელოიდური ნაწიბურები (ამობურცული ნაწიბური, რომელიც უფრო დიდი ხდება ვიდრე მისი გამომწვევი ჭრილობა);
- ჩვეულებრივი ბუშტუკოვანი ჰერპესისფორმული დერმატიტი;
- ფსორიაზი (კანის დაავადება, რომლის დროსაც კანის უჯრედები ნორმალურზე 10-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება. ეს იწვევს გამონაყარს ქავილით, ქერცლიანი ლაქებით, ყველაზე ხშირად მუხლებზე, იდაყვებზე, ზურგის ქვედა ნაწილზე და სკალპზე);
- კისტოზური აკნე (აკნეს ეს ყველაზე მძიმე ფორმა ჩნდება მაშინ, როდესაც ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები ღრმად გროვდება თმის ფოლიკულებში).
კოლაგენოზები (დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც შემაერთებელი ქსოვილებისა და სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება ახასიათებს):
- სისტემური წითელი მგლურა (ავტოიმუნური დაავადება, რომელიც შემაერთებელ ქსოვილებს აზიანებს);
- დერმატომიოზიტი (იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელიც კუნთების სისუსტესა და კანზე სპეციფიკურ გამონაყარს იწვევს);
- სკლეროდერმია (იშვიათი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც კანისა და შემაერთებელი ქსოვილების გამკვრივებასა და გასქელებას იწვევს);
- კვანძოვანი პერიარტერიტი (სისხლძარღვების ანთებითი მდგომარეობა, რომელიც ორგანოებს აზიანებს).
ნეოპლასტიკური დაავადებები (სამედიცინო მდგომარეობები, რომლებიც იწვევს სიმსივნის განვითარებას):
- მოზრდილებში ლიმფომებისა და ლეიკემიის პალიატიური მკურნალობა (სამედიცინო მომსახურების სახეობა, რომელიც მიზნად ისახავს ქრონიკული, პროგრესირებადი და უკურნებელი დაავადებების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას);
- მწვავე ლეიკოზი (სისხლის წარმომქმნელი ორგანოების დაავადება) ბავშვებში.
სხვა სამედიცინო მდგომარეობები:
- ადრენოგენიტალური სინდრომი (სამედიცინო სახელწოდება გენეტიკური მდგომარეობების ჯგუფისთვის, რომლებიც ზემოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლებზე);
- კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთებითი დაავადების ტიპები);
- პედიატრიული დაავადებები;
- სპრუ (იშვიათი ინფექციური დაავადება, რომელიც ზემოქმედებს სხეულის უნარზე, შეიწოვოს საკვები ნივთიერებები);
- კორტიკოსტეროიდებზე დამოკიდებული სისხლის დარღვევები;
- სამედიცინო მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს სუბკონიუნქტივალურ ინიექციებს (სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც მედიკამენტი შეჰყავთ თვალის კონიუნქტივის ქვემოთ);
- ნეფრიტი (თირკმელების ანთებითი დაავადება);
- ნეფროზული სინდრომი (იწვევს თირკმლების მიერ შარდში ზედმეტი ცილის გამოყოფას);
- თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ან მეორადი უკმარისობა.
როგორია პრეპარატის მიღების წესები და დოზირება?
ვეგასპანი საინიექციო სუსპენზიის სახით არის ხელმისაწვდომი და, ინსტრუქციის თანახმად, მის გამოყენებამდე აუცილებელია ამპულის კარგად შენჯღრევა.
რეკომენდებულია პრეპარატის ინტრამუსკულური, პირდაპირ დაზიანებულ რბილ ქსოვილებში, სახსარშიდა და სახსრის ირგვლივ, ქსოვილშიდა და ადგილობრივი ინიექცია — შესაფერისი მეთოდი პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს.
გაფრთხილება: ვეგასპანის ვენაში ან კანქვეშ შეყვანა დაუშვებელია. ამასთან, პრეპარატის ინტრამუსკულარულად შეყვანა არ შეიძლება, თუ პაციენტი იდიოპათიური ან თრომბოციტოპენიური პურპურით (დაავადება, რომლის დროსაც ვლინდება ადვილი და ჭარბი სისხლჩაქცევა და სისხლდენა) არის დაავადებული.
რაც შეეხება დოზირებას, სისტემური თერაპიის დროს, უმეტეს შემთხვევაში, პრეპარატის საწყისი დოზა 1-2 მილილიტრს შეადგენს. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია პროცედურის გამეორება — ეს პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კონკრეტულ შემთხვევებში კი ვეგასპანის დოზირება და გამოყენების სიხშირე ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.
გაითვალისწინეთ: პრეპარატის მოხმარება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა შეწყვიტოთ დოზის თანდათან შემცირებით და არა — უეცრად.
როგორია ვეგასპანის უკუჩვენებები?
ვეგასპანის ანოტაციის თანახმად, მედიკამენტის გამოყენება არ არის დაშვებული იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- სისტემური მიკოზები (სოკოვანი ინფექციები, რომლებიც შინაგან ორგანოებზე ზემოქმედებს);
- სისხლის შედედების დარღვევები, მუდმივი ანტიკოაგულანტული თერაპია (იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედების უნარს — ეს ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას ან უკვე არსებული თრომბების ზრდას);
- ზოგადი და ადგილობრივი განვითარებადი ინფექციები (ვირუსულების ჩათვლით) ან ეჭვი მათ არსებობაზე;
- ფსიქოზური მდგომარეობები, რომლებიც მედიკამენტოზურ კონტროლს არ ექვემდებარება;
- ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით.
ამასთან, ვეგასპანი არ არის განკუთვნილი დღენაკლული ბავშვებისთვის, ახალშობილებისთვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ორსულობის დროს მედიკამენტი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, დედისათვის მოსალოდნელი პოტენციური სარგებლისა და ნაყოფისათვის თერაპიის პოტენციური რისკის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. შესაბამისად, ვეგასპანით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი უნდა გადაწყდეს.
გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში ვეგასპანის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ვეგასპანის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს?
ვეგასპანის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:
ხშირად:
- კუნთების მასის კლება;
- კუნთების სისუსტე;
- ოსტეოპოროზი (ძვლის დაავადება, რომელიც ვითარდება მისი მინერალური სიმკვრივისა და მასის დაქვეითებისას, ან ძვლის სტრუქტურისა და სიმტკიცის შეცვლისას);
- ზრდის შეფერხება ბავშვებში;
- კანისა და კანქვეშა უჯრედისის ატროფია;
- განწყობის ცვალებადობა;
- ეიფორია;
- თავის ტკივილი;
- უძილობა;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- ორსულებში ნაყოფის განვითარების შეფერხება;
- კუშინგის სინდრომის (სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმში ჰორმონის კორტიზოლის ჭარბი რაოდენობით არის გამოწვეული) სიმპტომების გაჩენა;
- ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებები;
- ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მოთხოვნილება;
- კალიუმის დეფიციტი;
- ნატრიუმის შეკავება;
- სითხის შეკავება.
არახშირად:
- სახსრების არასტაბილურობა განმეორებითი ინიექციების შემდეგ;
- კანის გათხელება;
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- ალერგიული დერმატიტი;
- ჭინჭრის ციება;
- ანგიონევროზული შეშუპება;
- ჭრილობების შეხორცების პროცესის დარღვევა;
- თავბრუსხვევა;
- კრუნჩხვები;
- არტერიული ჰიპერტენზია (მდგომარეობა, რომლის დროსაც არტერიული წნევა ხანგრძლივად და მუდმივად მომატებულია);
- თვალისშიდა წნევის მომატება;
- გლაუკომა (თვალის დაავადება, რომელიც ოპტიკურ ნერვს აზიანებს).
იშვიათად:
- მუცლის შებერილობა;
სლოკინი; - წყლულოვანი დაავადება სისხლდენისა და პერფორაციის (რომელიმე ორგანოს კედლის გამჭოლი დაზიანება) რისკით;
- პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება);
- გულის უკმარისობა გულის დაავადების მქონე პაციენტებში;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- პიროვნების ცვლილება;
- მძიმე დეპრესია ფსიქიკური დარღვევებით და ა. შ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს გვერდითი მოვლენების სრული სია არ არის და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account