ვალოკორდინი - დამხმარე საშუალება ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის

ვალოკორდინი არის ნერვული სისტემის პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება, რომელიც გამოირჩევა დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური თვისებებით. მისი უნიკალური შედგენილობა გვეხმარება ფსიქომოტორული აღგზნების, შფოთვის, ნევროზის, და ძილის დარღვევების მართვაში. 

მედიკამენტი ვალოკორდინი წვეთების სახით გვხვდება - სწორედ ესაა მისი ძირითადი ფორმა ქართულ ბაზარზე. ის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობების დროს. თუმცა, შესაძლოა სხვაგან ვალოკორდინი ტაბლეტის ფორმითაც შეგხვდეთ.

ვალოკორდინის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის ძირითადი აქტიური ნივთიერებებია ფენობარბიტალი და ეთილბრომიზოვალერიანატი. რაში გვეხმარება თითოეული?

  • ფენობარბიტალი უზრუნველყოფს სედაციურ (დამამშვიდებელ) ეფექტს და ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
  • ეთილბრომიზოვალერიანატი მოქმედებს როგორც სპაზმოლიზური და სედატიური საშუალება, ამცირებს ნერვულ დაძაბულობას და აძლიერებს ფენობარბიტალის ეფექტს.

გარდა ამისა, ვალოკორდინის წვეთი შეიცავს პიტნისა და სვიას ზეთებს, ეთილის 96%-იან სპირტს, კალიუმის ჰიდროქსიდსა და გასუფთავებული წყალს.

პრეპარატი ორ შეფუთვაშია წარმოდგენილი: ვალოკორდინი 20მლ და ვალოკორდინი 50მ-იანი. 

ვალოკორდინის გამოყენების ძირითადი ჩვენებები 

მიუხედავად იმისა, რომ ურეცეპტოდ გაიცემა, არ არის რეკომენდებული თვითნებურად და ხანგრძლივად ვალოკორდინის გამოყენება. თუკი ფიქრობთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ პრობლემათაგან რომელიმე გაწუხებთ, გაესაუბრეთ ექიმს - სწორედ კონსულტაციის შემდეგაა უმჯობესი პრეპარატის მიღებაც.

ზოგადად კი ეს პრეპარატი გამოიყენება ნერვული სისტემის სხვადასხვა მდგომარეობების დროს, მათ შორის:

  • ნერვული წარმოშობის გულმკერდის ტკივილები.
  • ნევროზი, შფოთვა და ვეგეტატიური აღგზნება.
  • ძილის დარღვევები.
  • ფსიქომოტორული აღგზნება.

ვალოკორდინის ინსტრუქცია მიგვითითებს, რომ პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც საჭიროა სწრაფი დამამშვიდებელი ეფექტი ან ფსიქოემოციური სტაბილურობის აღდგენა.

პრეპარატის გამოყენება და დოზირება 

როგორც აღვნიშნეთ, პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციით, თუმცა, მისი გამოყენების ზოგადი წესი ასეთია:

  • მოზრდილებისთვის – 22-30 წვეთი სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობის სითხეში გახსნით.
  • ძილის დარღვევების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 45 წვეთამდე. ვალოკორდინის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებაზე.

ვალოკორდინის გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები

ვალოკორდინის წვეთები ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია დამოკიდებულების ან ბრომიზმის განვითარება, რაც გამოიხატება ქრონიკულ დაღლილობასა და ნერვულ გამოფიტვაში - ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა მიიღოთ ის სპეციალისტთან გასაუბრების საფუძველზე.

გარდა ამისა, როგორც სხვა ყველა პრეპარატს, მასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ვალოკორდინის ანოტაციის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს:

  • ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ქოშინი, სახის შეშუპება, გამონაყარი);
  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
  • პრეპარატის უეცარი მოხსნის შემთხვევაში არსებობს მოხსნის სიმპტომების განვითარების ალბათობა;
  • ჩივილები კუჭ-ნაწლავის მუშაობის მხრივ.

ასევე, სამეცნიერო პრაქტიკაში არსებობს მონაცემები ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირების, ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის განვითარებისა და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობდნენ ფენობარბიტალს, ვალოკორდინის აქტიურ ინგრედიენტს. ასევე, პრეპარატი უკუნაჩვენებია:

  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
  • ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში.
  • ფენობარბიტალისა და ეთილბრომიზოვალერიანატის მიმართ ალერგიის დროს.