
ფლექსო (Flexo) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ამპულების, ისე — სპრეის ან გელის სახით. ის გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი;
- ოსტეოართრიტი (სახსრების დეგენერაციული დაავადება, სახსრის ართრიტი);
- მაანკილოზებელი სპონდილიტი (რევმატული დაავადება, რომელიც ხერხემლის შეზრდას და მის სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას უკავშირდება);
- რევმატული დაავადება, რომელიც სახსრების ანთებას უკავშირდება (რევმატოიდული ართრიტი)
- მწვავე პოდაგრული ართრიტი;
- დისმენორეა (მენსტრუალური ტკივილი);
- შეშუპება, ანთება და რბილი ქსოვილების დაზიანება, რომლებიც ოპერაციის შემდეგ შეინიშნება (ოპერაციის შემდგომი ტკივილი).
როგორია ფლექსოს გამოყენების წესები და დოზირება?
მოდით, გამოყენების წესები და დოზირება განვიხილოთ როგორც ამპულების, ისე — გელის შემთხვევაში.
ამპულები
ფლექსოს ანოტაციის თანახმად, ამპულა კუნთში ღრმა ინიექციისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ მის გასაკეთებლად გამოყენებული ნემსი საკმარისად გრძელი უნდა იყოს. ხსნარის ინიექციამდე შპრიცის დგუში ოდნავ უნდა ამოწიოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნემსი სისხლძარღვში არ არის.
გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ანაფილაქსიური რეაქციების შესაძლებლობა, ამიტომ ფლექსოს სუსპენზიის კუნთში შეყვანის შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის მინიმუმ 1-საათიანი მონიტორინგი.
რაც შეეხება დოზირებას, მას ექიმის განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, თუმცა, როგორც წესი, დოზა დღეში 1 ამპულას შეადგენს. შესაძლოა, ექიმმა, ფლექსოს ამპულების შემდეგ, რეკომენდაცია გაუწიოს მკურნალობის გაგრძელებას ამავე მედიკამენტის სპრეით ან გელით, რომელთა გამოყენებაც ადგილობრივად შეიძლება.
გელი
ფლექსოს გელი დღეში 3-ჯერ თხლად უნდა დაიტანოთ დაზიანებულ კანზე და რბილად შეიზილოთ. ამის შემდეგ მაზის ფენას რამდენიმე წუთის განმავლობაში კანზე გაშრობის საშუალება უნდა მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ გელის წასმის შემდეგ, დაზიანებული ზედაპირის სახვევით ან ტანსაცმლით დაფარვა რეკომენდებული არ არის.
რაც შეეხება დოზირებას, როგორც წესი, საკმარისი იქნება 10-სანტიმეტრიანი ზოლი, რაც 3გ გელისა და 150გ ეტოფენამატის (ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება) ეკვივალენტი იქნება. ბლაგვი ტრავმის დროს კი მაზის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 9გ-ს შეადგენს, რაც 450გ ეტოფენამატის ეკვივალენტია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩვეულებრივ 1-კვირიანი მკურნალობა საკმარისია. გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტით ხანგრძლივი მკურნალობის თერაპიული სარგებელი არ არის შემოწმებული.
რევმატული დაავადებისთვის, როგორც წესი, საკმარისია მკურნალობის 3-4 კვირიანი კურსი. სიმპტომების გახანგრძლივების შესახებ აუცილებელია, ექიმს აცნობოთ.
რა უკუჩვენებები აქვს მედიკამენტს?
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ფლექსო მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მისი დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ამასთან, არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ:
- ფლექსოს რომელიმე ინგრედიენტზე ჰიპერმგრძნობელობა აღგენიშნებათ;
- გაქვთ ან ოდესმე გქონიათ წყლული, ასევე სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;
- აპირებთ ოპერაციის გაკეთებას კორონარულ არტერიებზე (არტერიები, რომლებიც გულს სისხლით ამარაგებს);
- წარსულში ან ახლა აღგენიშნებათ ქოშინი, ასთმა, ჭინჭრის ციება, სურდო ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რომლებიც ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებასთან არის დაკავშირებული;
- გაქვთ გულის სერიოზული უკმარისობა;
- იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც სისხლის თრომბების წარმოქმნის პრევენციას უზრუნველყოფს;
- აღგენიშნებათ თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობა;
- 18 წლამდე ასაკის ხართ;
- ორსულობის გვიან სტადიაში (მეექვსე თვის შემდეგ) ხართ;
- ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
გაფრთხილება: მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.
ამასთან საგულისხმოა, რომ ფლექსო, შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში სიფრთხილით გამოიყენება.
გაითვალისწინეთ: ფლექსოს მიღებამდე, ექიმს უნდა გააცნოთ თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, ამასთან მოუყვეთ იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვერდითი მოვლენები და გართულებები თავიდან აიცილოთ.
რა გვერდითი ეფექტები ახლავს თან ფლექსოს?
როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებსაც ფლექსოს ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობა აღენიშნებათ. გარდა ამისა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით ეფექტებს:
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- უღონობა, სისუსტე;
- მხედველობის დარღვევა;
- ალერგიული რეაქციები;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- გამონაყარი კანზე;
- შეშუპება.
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს:
- სახისა და ენის შეშუპება;
- ლარინგოსპაზმი (კუნთოვანი შეკუმშვა ხორხში);
- ბრონქოსპაზმი (ბრონქების გლუვი კუნთების შევიწროება);
- ტაქიკარდია (გულის რიტმის დარღვევა);
- ჰიპოტონია (არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაქვეითება) და მასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობა.
გაითვალისწინეთ, რომ ეს სრული ჩამონათვალი არ არის და თქვენს შემთხვევაში ინდივიდუალურად გამოვლენილ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account