სეციტა — მედიკამენტი, რომელიც დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების მკურნალობაში გვეხმარება

სეციტა (Secita) არის პრეპარატი, რომელიც ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • დეპრესია (ღრმა დეპრესიული ეპიზოდები);
  • შფოთვითი აშლილობები, როგორებიც არის: პანიკური აშლილობა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს აგორაფობია (გარკვეულ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის შიში); გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა; ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და სოციალური შფოთვითი აშლილობა.

 

სეციტა ტაბლეტების (5მგ, 10მგ ან 20მგ) სახით არის ხელმისაწვდომი და შეფუთვაში შეიძლება 28, 56 ან 84 აბი იყოს მოთავსებული.

 

როგორია სეციტას მიღების წესი და დოზირება?

 

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ეს მედიკამენტი მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მოიხმაროთ და არა — თვითნებურად. ტაბლეტი წყალთან ერთად გადაყლაპეთ; საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ის შუაზე გაყოთ. აბი არ დაღეჭოთ — მას მწარე გემო აქვს. ამასთან, საგულისხმოა, რომ პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. 

 

რაც შეეხება დოზირებას, სეციტას ინსტრუქციის თანახმად, ის განსხვავებულია სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით. მოდით, თითოეული შემთხვევა განვიხილოთ.

 

დეპრესიის დროს მედიკამენტის რეკომენდებული დოზა დღეში ერთხელ 10მგ-ს შეადგენს. 

 

პანიკური აშლილობისას სეციტას საწყისი დოზა პირველი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ 5მგ-ს შეადგენს. შემდეგ ეს მაჩვენებელი 10-მდე იზრდება.

 

თუ პაციენტს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა აღენიშნება, მისთვის მედიკამენტის რეკომენდებული დოზა დღეში ერთხელ 10მგ-ს შეადგენს.

 

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს სეციტას რეკომენდებული დოზა ასევე დღეში ერთხელ 10მგ-ია.

 

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში შეიძლება ექიმმა დღიური დოზა მაქსიმუმ 20მგ-მდე გაზარდოს.

 

სოციალური-შფოთვითი აშლილობისას პრეპარატის რეკომენდებული დოზა დღეში ერთხელ 10მგ-ს შეადგენს. ამასთან, მედიკამენტზე პაციენტის მიერ გამოვლენილი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება დოზა დღეში 5მგ-მდე შეამციროს ან მაქსიმუმ 20მგ-მდე გაზარდოს.



რა უკუჩვენებები აქვს ამ მედიკამენტს?

 

სეციტას ანოტაციის თანახმად, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი, თუ:

 

  • აღენიშნება ალერგია პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
  • მოიხმარს სელეგილინს, ლინეზოლიდს ან პიმოზიდს;
  • აქვს თანდაყოლილი არითმია ან მის ანამნეზში არითმიის ეპიზოდები აღინიშნება;
  • იღებს გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებს ან ისეთ საშუალებებს, რომლებსაც გულის რიტმზე ზემოქმედება შეუძლია.

 

გაითვალისწინეთ: როგორც წესი, სეციტა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ ინიშნება. მიუხედავად ამისა, თუ საჭიროება დადგა, შესაძლოა, ექიმმა ის ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტსაც გამოუწეროს. ამ შემთხვევაში, საკითხი შეიძლება დეტალურად მასთან განიხილოთ.

 

ამასთან, ისევე, როგორც სხვა მრავალი მედიკამენტის შემთხვევაში, სეციტას მიღების პარალელურად ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული.

 

რაც შეეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდს, სეციტა არ უნდა მიიღოთ, სანამ ექიმთან ამ წამალთან დაკავშირებულ მოსალოდნელ რისკებსა და სარგებელს არ განიხილავთ.

 

გაფრთხილება: სანამ სეციტას მიღებას დაიწყებთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც მოიხმართ და ასევე გააცანით მას თქვენი სამედიცინო ისტორია.

 

როგორია სეციტას გვერდითი მოვლენები?

 

სხვა მედიკამენტების მსგავსად, სეციტას მოხმარებისასაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარენი არიან. 

 

როგორც წესი, გვერდითი მოვლენები რამდენიმე კვირაში აღარ შეგაწუხებთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მათი უმეტესობა შეიძლება თავად დაავადებას უკავშირდებოდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად გაქრეს.

 

სეციტას შეიძლება თან ახლდეს საკმაოდ ბევრი გვერდითი მოვლენა. მათ შორის ხშირია გულისრევის შეგრძნება. ასევე გავრცელებულია:

 

  • მადის მომატება ან დაქვეითება;
  • ცხვირის შეგუბება და წყლიანი გამონადენი (სინუსიტი);
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • მოუსვენრობა, შფოთვა, უჩვეულო სიზმრები, თავბრუსხვევა, კანკალი, მთქნარება, ძილიანობა, ჩხვლეტის შეგრძნება კანზე;
  • ფაღარათი, შეკრულობა, პირის სიმშრალე; ღებინება;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია);
  • დაღლილობა;
  • ცხელება;
  • სქესობრივი დარღვევები (ერექციის პრობლემები, ეაკულაციის დაყოვნება, ლიბიდოს დაქვეითება და ორგაზმის დარღვევები ქალებში);
  • წონაში მატება.

 

ნაკლებად გავრცელებულია:

 

  • ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი;
  • ძილის დარღვევა;
  • გემოს შეგრძნების დარღვევა;
  • გულის წასვლა (სინკოპე);
  • მხედველობის დარღვევა, გუგების გაფართოება (მიდრიაზი), შუილი ყურებში (ტინიტუსი);
  • თმების ცვენა;
  • წონაში კლება;
  • გულისცემის აჩქარება;
  • კბილების კრაჭუნი, მომატებული აგზნებადობა, აღელვება, პანიკური შეტევა, ცნობიერების მოშლა;
  • კიდურების შეშუპება;
  • მენსტრუალური სისხლდენა;
  • სისხლდენა ცხვირიდან.

 

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს:

 

  • გულისცემის შემცირება;
  • აგრესია, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია.

 

გაითვალისწინეთ: ეს გვერდითი მოვლენების სრულია სია არ არის და ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა აცნობოთ.