ემანერა — პრეპარატი კუჭის მჟავიანობის დარღვევასთან საბრძოლველად

ემანერა სლოვენიური წარმოების პრეპარატია, რომელიც ნაწლავში ხსნადი კაფსულების სახითაა წარმოდგენილი. ის აქტიურ ნივთიერება ეზომეპრაზოლ მაგნიუმს შეიცავს, რომელიც კუჭის მიერ გამოყოფილი მჟავის რაოდენობას ამცირებს. 

აღნიშნული ნივთიერების დოზირება კაფსულებში განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის შემცველი ემანერას კაფსულებია ხელმისაწვდომი. ემანერა 20 მგ-ში 28 კაფსულია, ემანერა 40 მგ-ში კი — 14.

ემანერა III ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და რეცეპტის გარეშე გაიცემა.

ემანერა — ანოტაცია 

ემანერა მჟავიანობის დარღვევის სამკურნალოდ შეიქმნა, რომელმაც შესაძლოა, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. მათ შორისაა გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება, რომლის დროსაც მჟავის კუჭიდან საყლაპავში უკან გადასვლა ხდება. აღნიშნული დარღვევისას ვითარდება ანთება, პაციენტი კი ტკივილსა და გულძმარვას უჩივის.

პრეპარატი კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების მკურნალობის დროსაც გამოიყენება. ამ პრობლემებთან საბრძოლველად, ექიმის მიერ ხშირად ემანერა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან და წყლულების შემახორცებელ მედიკამენტებთან კომბინაციაში ინიშნება.

ზოგჯერ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება კუჭის წყლულებს აჩენს. მათი წარმოქმნის პრევენციის მიზნით კი ექიმმა შესაძლოა, ემანერა დაგინიშნოთ.

ამ პრეპარატს მიმართავენ მაშინაც, როცა კუჭქვეშა ჯირკვლის გადიდება კუჭში მჟავის დონის მომატებას იწვევს. აღნიშნულ დაავადებას ხშირად ზოლინგერ-ელისონის სინდრომის სახელითაც მოიხსენიებენ. ემანერა კუჭში მჟავის სეკრეციაზე ახდენს გავლენას და მის დაბალანსებას უწყობს ხელს.

ემანერათი მკურნალობას მიმართავენ ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის დაავადებისას, რასაც კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლა იწვევს. 

ემანერას მიღების ინსტრუქცია

ემანერა ორალური გზით, პირის ღრუს გავლით მისაღები პრეპარატია. პაციენტმა კაფსული, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით, მთლიანად უნდა გადაყლაპოს. მისი დაღეჭვა ან გატეხვა არ შეიძლება.

პაციენტებმა, რომლებსაც ყლაპვა უძნელდებათ, კაფსული უნდა გახსნან, მასში არსებული გრანულები ნახევარ ჭიქა არაგაზირებულ წყალს შეურიონ და მედიკამენტი ისე მიიღონ. არ არის დაშვებული წყლის ნაცვლად სხვა სითხის გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა, ნაწლავში ხსნადი გარსის ნაადრევად დაშლა გამოიწვიოს.

გასათვალისწინებელია, რომ გრანულებიანი წყალი უნდა დაილიოს შერევიდან არაუგვიანეს 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჭიქა კვლავ წყლით უნდა აივსოს ნახევრამდე, რათა მის გვერდებზე დარჩენილი გრანულები სითხეს შეერიოს და ხელახლა დაილიოს. გრანულების დაღეჭვა ან გაჭყლეტა არ შეიძლება.

ემანერას მიღების წესი და დოზები

ემანერას მიღება მოზრდილების, ასევე 12 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებისთვისაა დაშვებული. 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის მიცემა რეკომენდებული არ არის.

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადებისა და ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობისას ინიშნება ემანერა 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ მისაღებად, 4 კვირის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში ეზოფაგიტი ვერ განიკურნა ან დაავადების სიმპტომები შენარჩუნდა, ექიმები მკურნალობის დამატებით 4 კვირით გაგრძელების რეკომენდაციას გასცემენ.

დაავადების რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, პაციენტებში ეზოფაგიტის გარეშე, ინიშნება ემანერა 20 მგ, ამ შემთხვევაშიც დღე-ღამეში ერთხელ მისაღებად. მკურნალობის ხანგრძლივობა 4 კვირას შეადგენს. თუ კურსის დასრულების შემდეგ სიმპტომები კვლავ შეინიშნება, პაციენტმა დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.

მოზრდილებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას ინიშნება ემანერა 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ მისაღებად. მკურნალობის ხანგრძლივობა, შედეგიდან გამომდინარე, 4-8 კვირას შეადგენს.

ხანგრძლივი თერაპიის სახით რეციდივის პროფილაქტიკისთვის კი პეპტიური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ ინიშნება ემანერა 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ მისაღებად. მკურნალობა 4 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება ზოლინგერ-ელისონის დაავადებას, რეკომენდებული საწყისი დოზა 40 მგ ემანერაა დღე-ღამეში ორჯერ მისაღებად. დოზის შეცვლა შეიძლება მოხდეს ინდივიდუალურად, მკურნალობის ხანგრძლივობა კი მიღებულ შედეგებზეა დამოკიდებული.

როდისაა ემანერას მიღება უკუნაჩვენები?

სხვა პრეპარატების მსგავსად, გვერდითი მოვლენები შესაძლოა, ემანერას მიღებამაც გამოიწვიოს, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში. ზოგიერთი უკუჩვენების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ემანერათი მკურნალობის გაგრძელება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული, თუ პრეპარატის მიღებამ მძიმე ალერგიული რეაქცია, მათ შორის უეცარი სტერტოროზული (მსტვინავი) სუნთქვა, ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, გულისწასვლა ან ყლაპვის გაძნელება გამოიწვია.

მედიკამენტის მიღება ექიმის ნებართვის გარეშე უნდა შეწყვიტოთ იმ  შემთხვევაშიც, თუ უკუჩვენებებს შორის გამოვლინდება კანის გაწითლება, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა, ასევე კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და მომატებული დაღლილობა, რაც შეიძლება ღვიძლის დაავადებაზე მიანიშნებდეს. 

ზემოხსენებული უკუჩვენებები იშვიათია და შეიძლება 1000-დან ერთ ადამიანს გამოუვლინდეს.

რაც შეეხება სხვა გვერდით მოვლენებს, ემანერას მიღებას შედარებით ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა ან ღებინება, კუჭის ფსკერის ჯირკვლოვანი პოლიპები. ეს ჩვენებები 10-დან ერთ პაციენტს აღენიშნება.

მედიკამენტით მკურნალობისას შედარებით ნაკლებად, 100-დან ერთ პაციენტში ვლინდება ტერფების და წვივ-ტერფის სახსრების შეშუპება, უძილობა ან ძილიანობა, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ვერტიგო (შეგრძნება, რომ თქვენს გარშემო საგნები მოძრაობს) და პირის სიმშრალე. ამასთან, შეიძლება შეიცვალოს ღვიძლის ფუნქციონირების ამსახველი ლაბორატორიული მაჩვენებლები. ზოგჯერ ემანერას მიღებისას აღინიშნება გამონაყარი, კანის აქერცვლა და ქავილი, ასევე თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა, იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატს მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენებთ.

ამ პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად, 1000-დან ერთ მომხმარებელში ვლინდება ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა), თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების, უფერული უჯრედების ნაკლებობა) და ჰიპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება), ასევე აგზნებადობა, ცნობიერების არევა და დეპრესია.

გარდა ამისა, ზოგჯერ აღინიშნება გემოს დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, სუნთქვის უეცარი შესუსტება, იგივე ბრონქოსპაზმი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი. ემანერას მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის დაავადებები, რაზეც მიანიშნებს კანის სიყვითლე, შარდის გამუქება და დაღლილობა.

ასევე 1000-დან ერთ პაციენტში გვერდით მოვლენებს შორის შეიძლება აღინიშნოს თმის ცვენა, კერძოდ ალოპეცია, კანის ალერგიული რეაქცია მზის სხივებზე, სახსრების ტკივილი, იგივე ართრალგია და კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია. ამასთან, ზოგჯერ შეინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება და ოფლიანობის მომატება.

ემანერათი მკურნალობისას ძალიან იშვიათად, 10 000-დან ერთ პაციენტში გამოვლენილა აგრანულოციტოზი (სისხლში მარცვლოვანი ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება ან სრული გაქრობა) ან პანციტოპენია (სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).

ასევე 10 000-დან ერთ პაციენტში აღინიშნება აგრესია, ჰალუცინაციები ან ღვიძლის მძიმე დაავადებები, რომლებიც ღვიძლის უკმარისობას იწვევს. უკუჩვენებებს შორის შეიძლება გამოვლინდეს კანის მძიმე ფორმის გამონაყარი ან აქერცვლაც. ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს სხეულის ტემპერატურის მატება და სახსრების ტკივილი.

მედიკამენტის მიღება ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს კუნთების სისუსტეს, თირკმლის მძიმე დაავადებებისა და მკერდის გადიდებას მამაკაცებში.