
ადამიანის დაავადების რამდენი სახეობა არსებობს, ამის კონკრეტული ციფრის დასახელება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ზუსტადაა ცნობილი, რომ უამრავ ავადმყოფობას შორის არის განსაკუთრებით საშიში დაავადებები, რომელთაც მკვლელი ვირუსები თუ ინფექციები იწვევს.
სეფსისი, მენინგიტი, ლაიმას დისემინირებული ბორელიოზი, მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები და ა.შ — ამ დიაგნოზის გაგონებაც კი პაციენტში განსაკუთრებულ შიშს იწვევს. მაგრამ, 21-ე საუკუნეში, როდესაც მედიცინა და ფარმაკოლოგია განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს, უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც რთულ სიტუაციაშიც სიცოცხლის გაგრძელებაში დაგეხმარებათ.
სწორედ ასეთ პრეპარატს განეკუთვნება როცეფინი — მომაკვდინებელ ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკი.
რა შემთხვევაშია დასაშვები როცეფინის გამოყენება
როცეფინი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების რიცხვს განეკუთვნება და მას ექიმები განსაკუთრებულ შემთხვევებში ნიშნავენ, როდესაც ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლის ძლიერი, სწრაფი და ეფექტიანი საშუალება ესაჭიროება.
ის ინფექციები კი, რომელთა დასამარცხებლადაც როცეფინი გამოიყენება, არც ისე მცირეა, კერძოდ:
- სეფსისი – გენერალიზებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც უმთავრესად პირობით-პათოგენური მიკრობები (უპირატესად – სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები) იწვევენ;
- მენინგიტი – ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული სითხისა და გარსების ინფექცია და ანთება;
- ლაიმას დისემინირებული ბორელიოზი — ბაქტერია ბორელიათი გამოწვეული ინფექციური პათოლოგია, რომლის გადამტანი ძირითადად ტკიპებია;
- მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები — პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ინფექციები;
- ძვლების, სახსრების, შემაერთებელი ქსოვილის, კანის, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები.
- ინფექციები, რომლებიც დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში ჩნდება.
- თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები,
- ოტორინოლარინგოლოგიური და ქვედა სასუნთქი გზების (განსაკუთრებით პნევმონიები, ბრონქიტები) ინფექციები;
- გენიტალიუმის ინფექციები, მათ შორის გაურთულებელი გონორეა და სხვა ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით.
როგორია როცეფინის შედგენილობა და რა ფორმითაა ის ხელმისაწვდომი?
როცეფინი ორი სახის არსებობს — კუნთში გასაკეთებელი და ინტრავენური ინიექციისათვის განკუთვნილი. როცეფინის ტაბლეტი ამ ეტაპისთვის არ იწარმოება.
ექიმის დანიშნულების შესაბამისად, სააფთიაქო ქსელში რეცეპტით შეიძენთ პრეპარატს შემდეგი დოზირებებით: როცეფინი 1გ, როცეფინი 2გ, როცეფინი 500მგ.
ანტიბიოტიკის აქტიური ინგრედიენტია ცეფტრიაქსონი, რომელიც დისოდიუმის მარილის სახითაა წარმოდგენილი.
გაითვალისწინეთ, ინტრავენური ხსნარის დასამზადებლად გამოიყენება საინიექციო სტერილური წყალი. ხოლო კუნთში შესაყვანად 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.
ექიმის მიერ დანიშნული დოზების ზუსტად დასაცავად და მედიკამენტის უკუჩვენებების თუ გვერდითი მოვლენების გასათვალისწინებლად, აუცილებლად გაეცანით როცეფინის ანოტაციას. მანამდე კი კარგად დაიმახსოვრეთ ბლოგში დასახელებული რჩევები, რომელსაც როცეფინი 1გრ. ფლაკონის მაგალითზე გაგიზიარებთ.
როცეფინი დოზირება
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმი განსაზღვრავს როცეფინის დოზებს, ამიტომ ზუსტად დაიცავით მითითება.
ზოგადი დანიშნულება კი ასეთია — მოზრდილებში, 12 წლის ასაკის ზემოთ და 50 კგ და მეტი წონის მქონე ბავშვებში, როცეფინის დოზა შეადგენს 1-2 გ-ს 24 საათში ერთხელ. თუმცა დაავადების უფრო მძიმე ფორმის დროს შესაძლებელია ერთჯერადი სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე.
2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის დოზაა — 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. (ახალშობილებში მედიკამენტის დანიშვნა 50 მგ/კგ/წონაზე უფრო მეტი დოზით დაუშვებელია).
2 თვის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე მოზარდების დოზა კი 20-80 მგ/კგ წონაზე დღეღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა ისევე, როგორც დოზირება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე. ძირითადად, თერაპია გრძელდება 4-14 დღე. უფრო მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლებელია თერაპია გახანგრძლივდეს.
გაითვალისწინეთ, მომზადებული ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 6 სთ-ის განმავლობაში ან მაცივარში 2-8ºC ტემპერატურაზე 24 სთ-ის განმავლობაში.
არ გაგიკვირდეთ თუ დამზადებული ხსნარი იქნება მოყვითალო ფერის — ეს დასაშვებია.
როცეფინის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
როცეფინი უკუჩვენების მთავარი მახასიათებელია მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ. თუმცა პრეპარატის გვერდითი ეფექტების საკმაოდ ვრცელი სია არსებობს.
გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, შესაძლოა მკურნალობის პროცესში განგივითარდეთ ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ცვლილებები სისხლში, ეოზინოფილია (ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა), ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. ასევე კანის რეაქციები — გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
პრეპარატი იშვიათად იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდას, გენიტალიუმის არეში მიკოზებს, ტემპერატურის მომატებას, შემცივნებას, ანაფილაქსიას ან ანაფილაქსიური რეაქციებს და ა.შ.
იშვიათად, როცეფინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნა, ძირითადად 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, ამიტომ იყავით ყურადღებით.
გახსოვდეთ, პრეპარატის ვენაში შეყვანის დროს გამორიცხული არ არის ვენების ანთების განვითარება, ამიტომ ეცადეთ წამალი ნელა — 2-4 წთ-ის განმავლობაში შეიყვანოთ. ასევე კუნთებში ინიექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია. ეს გვერდითი მოვლენები ძირითადად, მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება.
განსაკუთრებით გასათვალისწინებელი მითითებები
ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკებთან მიმართებაში, არ არის გამორიცხული, რომ განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი. ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ალერგიული პაციენტები.
ასევე როცეფინით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუპერინფექციების განვითარება; ნაღვლის ბუშტში ნალექების დაგროვება ან სხვა დაავადება.
ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.
როგორც მიხვდით, როცეფინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. გართულებები განსაკუთრებით მწვავდება დოზის გადაჭარბებისას, ან სხვა შეუთავსებელ პრეპარატთან ერთობლივად მიღებისას, ამიტომ მკურნალობის ყველა ეტაპზე ზუსტად დაიცავით ექიმის მითითება და როცეფინის ანოტაციაში მითითებული რჩევები.
როცეფინი ორსულობის და ლაქტაციის დროს
გახსოვდეთ, როცეფინის მოქმედებაზე ორსულობის პერიოდში სრულყოფილი კვლევები არ არის ჩატარებული, შესაბამისად, უკუჩვენების ან გვერდითი მოვლენების ეფექტი ბოლომდე არ არის ცნობილი, ამიტომ რისკების სრული გათვალისწინებით, ექიმმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის დანიშვნის თაობაზე.
რაც შეეხება ლაქტაციას, ცნობილია, რომ მცირე კონცენტრაციებში როცეფინი გადადის დედის რძეში, რის გამოც ამ პერიოდში მისი გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account