
დიპროსპანი (Diprospan) არის მედიკამენტი, რომელიც ამცირებს ქავილს, სიწითლეს, შეშუპებას და ალერგიულ რეაქციებს, ასევე ორგანიზმის ანთებით დაავადებული უბნების გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი გამოიყენება მრავალი სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორებიც არის:
- ართრიტი;
- იშიაზი (საჯდომი ნერვის ანთება);
- ბურსიტი (მდგომარეობა, რომელიც მცირე ზომის, სითხით სავსე სასახსრე ჩანთებს აზიანებს);
- ლუმბაგო (დაავადება, რომელსაც ხერხემალში უეცარი ტკივილის წარმოქმნა ახასიათებს, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული);
- ძვლების ან ღრმა ქსოვილების სხვა დაავადებები;
- ბრონქიტი;
- ასთმა;
- წამლისმიერი ალერგიები;
- ალერგიული რინიტი;
- ალერგიული მდგომარეობები, რომელიც, მაგალითად, გამოწვეულია მწერის ნაკბენით;
- ქავილი;
- ანთება;
- თმის ცვენა;
- ჭინჭრის ციება;
- ნაწიბური ან კანის დაავადებები, როგორიც არის კისტოზური აკნე;
- ექიმის მიერ დიაგნოსტირებული სხვა შემთხვევები.
მედიკამენტი წარმოადგენს საინიექციო სუსპენზიას და ამპულების სახით არის ხელმისაწვდომი. დიპროსპანი ამავე სახელწოდებით და სხვა, მაგალითად, ტაბლეტების ან მალამოს, ფორმით არ იყიდება.
როგორია მიღების წესი და დოზირება?
დიპროსპანი ნემსის საშუალებით შეიყვანება კუნთში, სახსარში, მის ირგვლივ, კანში, დაზიანებულ უბანში ან სინოვიურ აბგაში (სითხით სავსე პატარა ჩანთა, რომელიც მყესს იცავს). შესაძლებელია ინიექციის რბილ ქსოვილებში გაკეთებაც.
გაფრთხილება: დიპროსპანის ინსტრუქციის თანახმად, მისი კანქვეშ ან სისხლძარღვში შეყვანა არ შეიძლება.
აუცილებელია, რომ ნემსი გაკეთდეს ექიმის ან, მის კონტროლ ქვეშ, სამედიცინო პერსონალის მიერ.
რაც შეეხება დოზირებას, მას განსაზღვრავს ექიმი, თქვენი საჭიროების მიხედვით. ამასთან ის გააკონტროლებს, რომ სწორი დოზა მიიღოთ — გადაჭარბების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაითვალისწინეთ: გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზა არ მიიღოთ. ამასთან, მედიკამენტის გამოყენება უეცრად არ შეწყვიტოთ, ექიმმა დოზა ნელ-ნელა უნდა შეამციროს.
რა უკუჩვენებები აქვს დიპროსპანს?
დიპროსპანის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ ან მთელს ორგანიზმში გავრცელებული აქვს სოკოვანი დაავადება. გარდა ამისა, დიპროსპანის კუნთში შეყვანა არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით (დაავადება, რომლის დროსაც სისხლჩაქცევები/სისხლდენა ადვილად და ჭარბად ვლინდება).
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დიპროსპანის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ არ არის ცნობილი, რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, მედიკამენტის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
მნიშვნელოვანია, რომ დიპროსპანი ზოგადად ექიმის დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ და არა — თვითნებურად. ამასთან, აუცილებლად აცნობეთ მას, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- დიაბეტი;
- ღვიძლის დაავადებები;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- თირკმლის დაავადებები;
- კუჭის ან ნაწლავების დაავადებები;
- მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადებები;
- თვალის დაავადებები;
- ეპილეფსია ან კონვულსიები (მთელი სხეულის ძლიერი კრუნჩხვა);
- ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
- სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული ინფექცია;
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე;
- კუშინგის სინდრომი (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰორმონ კორტიზოლის მოჭარბებული რაოდენობა ცირკულირებს);
- თრომბოემბოლიის (მდგომარეობა, როდესაც სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი სცილდება კედელს, გადაადგილდება სისხლის ნაკადით და ახშობს უფრო მცირე დიამეტრის სისხლძარღვს) რისკი;
- ორსულობა;
- კუნთების სისუსტე ან კალციუმის დაკარგვა;
გარდა ამისა, ექიმს ისიც უნდა აცნობოთ, თუ გესაჭიროებათ აცრა ან წარსულში ფსიქიკური დაავადება გქონდათ.
როგორია გვერდითი მოვლენები?
სხვა მედიკამენტების მსგავსად, დიპროსპანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება გარკვეული გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების, ასევე ნებისმიერი სერიოზული ან უწყვეტი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც, თქვენი აზრით, შეიძლება დიპროსპანს უკავშირდებოდეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები მისი საშუალებით მკურნალობის ვადასა და დოზებზეა დამოკიდებული. ქვემოთ მითითებული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია, დიპროსპანის გამოყენება შეწყვიტოთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების სამსახურს.
- ალერგიული რეაქცია გამონაყარის და ცხელების სახით, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, სახის, ენის ან ყელის შეშუპება;
- შოკის მსგავსი რეაქციები;
- წნევის დაქვეითება.
ესენი სერიოზული გვერდითი ეფექტებია, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა გახდეს საჭირო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათია.
გარდა ამისა, მედიკამენტის გამოყენებისას მცირე რაოდენობის პაციენტებში შეიძლება საკმაოდ მრავალი სხვადასხვა სახის გვერდითი ეფექტი გამოვლინდეს, როგორებიც არის:
- გულისცემის სიჩქარის ცვლილებები;
- კუნთების სისუსტე/ტკივილი;
- კუნთოვანი მასის დაკარგვა;
- არტერიული წნევის მატება;
- კანის ატროფია;
- კანის გათხელება და მგრძნობელობის მატება;
- მუცლის შებერილობა;
- სლოკინი;
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინება;
- დაბინდული მხედველობა;
- წონაში მატება და ა. შ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ ან სხვა გვერდით მოვლენებს შენიშნავთ, ექიმს მიმართეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account