
პრეპარატი გრანდაქსინი უნგრეთში, ტაბლეტების სახით იწარმოება. ის ფსიქიკური და სომატური აშლილობების სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აქტიურ ნივთიერება ტოფიზოპამსა და დამხმარე ნივთიერებებს: კარტოფილის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ტალკს, ჟელატინს, სტეარინის მჟავას, მაგნიუმის სტეარატსა და ლაქტოზას მონოჰიდრატს შეიცავს.
მედიკამენტის თითოეულ ტაბლეტში 50 მგ ტოფიზოპამი შედის. გრანდაქსინი 50 მგ-ის ერთ შეკვრაში კი 60 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში ფორმა №3 რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
რა დროს გამოიყენება გრანდაქსინი?
გრანდაქსინი ფსიქიკურ-ნევროზული და სომატური აშლილობების დროს გამოიყენება. მსგავს დარღვევებს შეიძლება თან ახლდეს ვეგეტატიური აშლილობები, შფოთვა, ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა, დაღლილობა, გუნება-განწყობის დაქვეითება და აპათია. გრანდაქსინი ამ სიმპტომების შემსუბუქებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, პრეპარატს იყენებენ ალკოჰოლის მოხსნის სინდრომის დროს. გრანდაქსინში შემავალი აქტიური ნივთიერება ტოფიზოპამი, პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობისას, ვეგეტატიური სიმპტომებისა და აგზნების კუპირებას უწყობს ხელს.
ალკოჰოლური დელირიუმი ქრონიკული ალკოჰოლიზმის მეორე და მესამე სტადიაზე, ალკოჰოლის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ, მავნე ჩვევებისგან თავშეკავების ფონზე იჩენს თავს.
როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი?
გრანდაქსინის ტაბლეტები ორგანიზმში პერორალურად, პირის ღრუს გავლით აღწევს. წამლის მარტივად მისაღებად, მისთვის მცირე რაოდენობით სითხის მიყოლება შეიძლება.
რაც შეეხება დოზირებას, მოზრდილებში რეკომენდებული დოზა 1-2 ტაბლეტს შეადგენს, რომლებიც პაციენტმა დღეში 1-3-ჯერ უნდა მიიღოს. საერთო სადღეღამისო დოზა 50-დან 300 მგ-მდე მერყეობს. თუ პრეპარატს არარეგულარულად იყენებთ, შეიძლება 1-2 ტაბლეტის მიღება.
მკურნალობის დაწყება ნებისმიერი მისაღები დოზით არის დასაშვები. დოზის თანდათანობითი მომატება, როგორც წესი, საჭირო არ არის. პრეპარატი კარგად გადაიტანება და მისი გამოყენების შემდეგ, აქტივობისა და სიფხიზლის შემცირება, ჩვეულებრივ, არ ვლინდება.
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გრანდაქსინის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს, შესაბამისად, მათთვის მედიკამენტის მიღება რეკომენდებული არ არის.
როდის შევიკავოთ თავი გრანდაქსინის გამოყენებისგან?
გრანდაქსინი უკუნაჩვენებია პრეპარატის შემავალი ნივთიერებების ან სხვა ბენზოდიაზეპინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
მედიკამენტი არ უნდა მიიღონ მათაც, ვისაც დეკომპენსირებული სუნთქვითი უკმარისობა ან ანამნეზში ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტის სინდრომი აქვთ. პრეპარატის მიღება დაუშვებელია იმ პირებისთვისაც, რომლებსაც წარსულში კომა გადაუტანიათ.
დაუშვებელია გრანდაქსინის აქტიური ნივთიერება ტოფიზოპამის ერთდროული გამოყენება ტაკროლიმუსთან, სიროლიმუსთან და ციკლოსპორინთან.
გრანდაქსინი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრსა და ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ტოფიზოპამი პლაცენტარულ ბარიერს კვეთს და დედის რძეშიც გადადის. ეს კი ნაყოფისა და ჩვილისთვის რისკის შემცველია.
ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში გრანდაქსინმა შესაძლოა, კრუნჩხვების პროვოცირება მოახდინოს.
გრანდაქსინის მიღებისგან თავის შეკავებაა საჭირო ქრონიკული ფსიქოზის, ფობიების ან აკვიატებული მდგომარეობების მქონე პაციენტების მხრიდან. ასეთ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლოა, მათში სუიციდის მცდელობებისა და აგრესიული ქცევის რისკი გაზარდოს.
პრეპარატის პოტენციური გვერდითი მოვლენები
გრანდაქსინის მიღებამ შესაძლოა სხვადასხვა გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს, მათ შორის ფსიქიკის მხრივ დარღვევები, რაც აღგზნებადობაში, მომატებულ გაღიზიანებადობაში, ფსიქიკური დაძაბულობის შეგრძნებასა და მადის დაკარგვაში ვლინდება. ძალიან იშვიათად, თუმცა პაციენტების ნაწილში, შეიძლება ცნობიერების არევა აღინიშნოს.
დარღვევების განვითარების პოტენციური რისკი ნერვული სისტემის მხრივაც არსებობს. მაგალითად, პრეპარატის მიღება ზოგჯერ უძილობას იწვევს. ძალიან იშვიათად კი, გრანდაქსინის გამოყენებას ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება კრუნჩხვები მოჰყვეს.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები სასუნთქ სისტემასა და გულმკერდის ორგანოებთან დაკავშირებით. მათ შორის ზოგჯერ ვლინდება სუნთქვის პრობლემები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, ძირითადად, შემდეგი სახისაა: პირის სიმშრალე, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა და მეტეორიზმი. რიგ შემთხვევებში დარღვევები ვლინდება ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივაც, მაგალითად, ძალიან იშვიათად შეგუბებითი სიყვითლე ვითარდება.
გრანდაქსინი უკუმოქმედებით ზოგჯერ კანისა და კანქვეშა ქსოვილის მიმართაც ხასიათდება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეგზანთემა გამოვლინდეს.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ მოსალოდნელია კუნთების დაძაბულობა და ტკივილი. საერთო დარღვევებს შორის კი შესაძლოა იყოს თავის ტკივილი და ქავილი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account