
ალერტეკი ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც საქართველოში, ტაბლეტების სახით იწარმოება ის ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს შეიცავს და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება.
თითოეულ ტაბლეტში 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი შედის. ალერტეკი 10 მგ-ის ერთ შეკვრაში კი 20 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რას მკურნალობენ ალერტეკით?
ალერტეკი ანტიალერგიული საშუალებაა და H1-რეცეპტორების ბლოკირების უნარი აქვს. ამ თვისებების გამო, პრეპარატი სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის, ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოიყენება. ანთებას სხვადასხვა ალერგენი იწვევს, მათ შორის ყვავილისა თუ ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი და სხვა.
პრეპარატით მკურნალობენ ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებიც. გარდა ამისა, ის გამოიყენება ქავილით მიმდინარე კანის დაავადებების დროს რომელთა საერთო სახელწოდებაც დერმატოზებია.
ალერტეკი ეფექტიანია ჭინჭრის ციების დროსაც, რომელსაც გარემო-პირობები ან საკვები იწვევს.
კვინკეს შეშუპების შემთხვევაშიც, რომელიც, უმეტესად, ტუჩებისა და ქუთუთოებისა მიდამოში შეინიშნება.
როგორ და რა დოზებით მიიღება პრეპარატი?
ალერტეკი ორგანიზმში პერორალურად, პირის ღრუს გავლით უნდა მოხვდეს. პრეპარატის მიღება დილის საათებში არის რეკომენდებული. რაც შეეხება დოზირებას:
- მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ მისაღებად 1 ტაბლეტია (0.01გ) განსაზღვრული.
- 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში 1 ტაბლეტი (0.01გ) დილას (ერთჯერადად) ან 1/2 ტაბლეტი (0.005გ) დღეში ორჯერ, დილასა და საღამოს მიიღება.
- 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 1/2 ტაბლეტი (0.005გ) დილას (ერთჯერადად) ან 1/4 ტაბლეტი დღეში ორჯერ, დილასა და საღამოს.
აღსანიშნავია, რომ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზის განახევრებაა საჭირო. დოზის კორექცია არ არის უცილებელი ხანდაზმულებისთვის, თუ მათი თირკმელები ნორმალურად ფუნქციონირებს.
რა გვერდით მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტის მიღებას?
მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი ეფექტები ზოგჯერ ალერტეკის მიღების შემდეგაც ვლინდება. თუმცა, როგორც ცნობილია, მსგავსი ფაქტები არც ისე ხშირად აღინიშნება.
ალერტეკის გამოყენებისას შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები განვითარდეს. მათ შორის, იშვიათად აღინიშნება პირის ღრუს სიმშრალე და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია.
წამლის მიღების შემდეგ შეიძლება ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემებიც წარმოიქმნას. მაგალითად, ერთეულ შემთხვევებში თავს იჩენს მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი ძილიანობა, აგზნებადობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ ალერტეკი თვითონ არის ანტიალერგიული საშუალება, მისი გამოყენებისას შეიძლება ალერგიული რეაქციებიც გამოვლინდეს. მათ შორის, იშვიათად კანზე გამონაყარი ჩნდება ან ანგიონევროზული შეშუპება ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ ალერტეკი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, ნაყოფისა და ჩვილისთვის გაზრდილი რისკების გამო.
ამის საპირისპიროდ, პრეპარატი ფსიქიკურ და მოტორულ რეაქციებზე გავლენას არ ახდენს და მისი გამოყენება დასაშვებია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოს შესრულები დროს (რეკომენდებული დოზებით მიღებისას).
ასევე, ალერტეკში შემავალი ცეტირიზინი სხვა სამკურნალო საშუალებებზე არ ზემოქმედებს. მათ შორის, ცეტირიზინისა და მაკროლიდების ან კეტოკონაზოლის კომბინაციაში გამოყენება ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებებს არ იწვევს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account