ჰეპარინი — რა უნდა ვიცოდეთ პოპულარული ანტიკოაგულანტის შესახებ

ანტკოაგულანტები სისხლის შედედების შემფერხებელი და თრომბის გაჩენის საწინააღმდეგო სამკურნალო ნივთიერებებია, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: პირდაპირი ანტიკოაგულანტები, რომლებიც ეფექტიანია როგორც ორგანიზმში, ისევე ორგანიზმის გარეშეც; არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ორგანიზმში.

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტია ჰეპარინი, რომლის ანტიკოაგულაციური ეფექტი პირდაპირ არის დაკავშირებული სისხლის შედედების სისტემასთან, ჰემოკოაგულაციის მრავალ ფაქტორთან კომპლექსების წარმოქმნასთან და ვლინდება შედედების I, II და III ფაზების დამუხრუჭებაში. 

ჰეპარინი გამოდის როგორც ამპულების, ასევე მალამოს სახით და მისი შეძენა პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ.

რას წარმოადგენს ჰეპარინი? 

ჰეპარინის მალამო - შეიცავს (100 გ გაანგარიშებით) 10.000 სე ჰეპარინს, 4 გ ანესთეზინს, 0,08 გ ბენზილნიკოტინს და 100 გ-მდე ფუძეს.

მალამო არაჟნის კონსისტენციის მქონე, თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის ერთგვაროვან მასაა, რომელიც გამოიყენება გარეგანად. 

ჰეპარინის მალამოს გააჩნია ზომიერად გამოხატული ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უშლის თრომბის განვითარებას და აქვს ადგილობრივი ანალგეზიური თვისება.

ჰეპარინის საინიექციო ხსნარი ასევე მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ჰეპარინის ინიექციები ხელს უშლის სისხლის შედედებას.

რისთვის გამოიყენება პრეპარატი?

ჰეპარინის მალამო გამოიყენება: 

  • ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის; 
  • ლოკალიზებული ინფილტრატებისა და შეშუპებისას; 
  • ტრავმებისა და დაჟეჟილობის დროს (მათ შორის კუნთის ქსოვილის, მყესების, სახსრების).

ჰეპარინის ინიექციების ჩვენებებს წარმოადგენს:

  • სისხლის შედედება ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი);
  •  სისხლის შედედება ფილტვებში (ფილტვის ემბოლია), ასევე, გულის არტერიული დაავადებით გამოწვეული გულმკერდის ტკივილის მკურნალობა (არასტაბილური სტენოკარდია);
  • ქვედა კიდურების არტერიების, მძიმე ბლოკირების მკურნალობა (მწვავე პერიფერიული არტერიის ოკლუზია);
  • გულის შეტევის შემდეგ ჩამოყალიბებული სისხლის შედედების პროფილაქტიკა (მურალური თრომბოზი);
  • ფილტვებისა და გულის ოპერაციების დროს და ასევე, თირკმელების დიალიზის დროს.

 

რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები გააჩნია ჰეპარინს? 

როგორც ყველა პრეპარატს, ჰეპარინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჰეპარინის მალამოს ერთ-ერთ ძირითად უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა მის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

ჰეპარინის ინიექციას შედარებით მძიმე გვერდითი მოვლენები გააჩნია, თუმცა ისინი არცთუ ისე ხშირად ვითარდება. ესენია:

  • მძიმე ალერგიული რეაქციები - ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ტუჩებზე ცისფერი ელფერი, ცხელება, შემცივნება, თვალებისა და ტუჩების შეშუპება და შოკი;
  • სისხლდენა და სისხლჩაქცევები - უჩვეულო სისხლჩაქცევები ან მეწამული ლაქები თქვენს კანზე, სისხლდენა ღრძილებიდან, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლი შარდში და ა.შ.;
  • ეგზემის მსგავსი წითელი ლაქები, რომელიც ხშირად ვითარდება ჰეპარინის მიღებიდან 3-21 დღის შემდეგ, როდესაც პრეპარატი კეთდება კანქვეშ;
  • ინიექციის ადგილის ირგვლივ შეიძლება მოხდეს კანის გადაქერცვლა;
  • მუდმივი ერექცია;

თუ ჰეპარინის ინიექცია ტარდება მრავალი თვის განმავლობაში, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენა:

თუ პრეპარატით მკურნალობისას, რომელიმე ზემოთჩამოთვლილმა სიმპტომმა შეგაწუხათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

ჰეპარინის მალამო არ გამოიყენოთ სისხლდენის დროს, ასევე ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე და ჩირქოვანი პროცესების არსებობისას.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სისხლძარღვებიდან მომატებული სისხლდენის შემთხვევაში.

ჰეპარინის ინიექციები არ უნდა გამოიყენოთ: თუ ალერგიული ხართ წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ადვილად გივითარდებათ სისხლდენა ან სისხლჩაქცევები; გქონდათ კანის მძიმე პრობლემები, რაც გამოწვეული იყო ჰეპარინით წინა მკურნალობის შედეგად; აპირებთ თავის ტვინის, ხერხემლის ან თვალის ოპერაციას, წელის პუნქციას ან ადგილობრივი საანესთეზიო ნერვის ბლოკირებას ან სხვა პროცედურას, სადაც სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემა.

განსაკუთრებითი სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ ხართ 60 წლის და მეტი ასაკის; გაქვთ დიაბეტი; კალიუმის მაღალი დონე სისხლში; თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;  გაქვთ ან ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია ჰეპარინზე.

ყველა ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ჰეპარინით მკურნალობა და რა დოზები გესაჭიროებათ.

როგორია ჰეპარინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან?  

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს, ჰეპარინის ინექციის მოქმედებაზე, ან გამოიწვიოს სისხლდენა. ამიტომ აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

  • ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. დიკლოფენაკი ან იბუპროფენი);
  • პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ სისხლის  შედედებას (მაგალითად: დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი, ეპოპროსტენოლი ან სტრეპტოკინაზა);
  • პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს სისხლში;
  • გლიცერილის ტრინიტრატი (გულის დაავადებისთვის).

თუ თქვენთვის აუცილებელია რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის მიღება, მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს ჰეპარინის ინიექციის ან სხვა მედიკამენტის დოზა.

დოზირება და მოხმარების წესები: 

ჰეპარინის მალამო თხელ ფენად უნდა დაიტანოთ დაზიანებულ უბანზე (0,5-1,0 გ-ის ოდენობით 3-5 სმ დიამეტრის მქონე უბანზე) და ფრთხილად შეიზილოთ.

გარეგანი ჰემოროიდული კვანძის თრომბოზის დროს, მალამოთი უნდა გაჟღინთოთ ნახვევი და თრომბულ კვანძზე უშუალოდ დააფიქსიროთ. იგივე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ტამპონი, რომელიც ასევე გაჟღენთილი იქნება პრეპარატით.

მალამო უნდა გამოიყენოთ 2-3-ჯერ დღეში ყოველდღე, ანთებითი მოვლენის გაქრობამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 3-დან 7 დღეს შეადგენს, თუმცა მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კურსი გახანგრძლივდეს.

ჰეპარინის საინიექციო ხსნარი შეიყვანება ვენაში ერთდროულად ან გახანგრძლივებულად (ჩვეულებრივ, წვეთოვანი გზით)ან ალტერნატიულად - კანქვეშ.

ვენაში ერთდროულად შეყვანის შემთხვევაში საინიექციო ხსნარის რაოდენობა 15 მლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ინტრავენური ინფუზიისთვის იგი 5% გლუკოზით ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდით გახსნის შემდეგ გამოიყენეთ.

რადგან ჰეპარინის ეფექტი ხანმოკლეა, აჯობებს მისი შეყვანა ინტრავენური ინფუზიით ან კანქვეშა ინიექციით მოხდეს, ვიდრე წყვეტილი ინტრავენური ინიექციებით.

დაიმახსოვრეთ, ჰეპარინის ინიექცია არ ინიშნება დღენაკლულ ან ახალშობილ ბავშვებში!