შიდსი — რა იწვევს და როგორ ვრცელდება აივ ინფექცია

შიდსი ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და ადამიანის იმუნურ სისტემას ანადგურებს. მთელს მსოფლიოში ამ დიაგნოზით ათობით მილიონ ადამიანს უწევს ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ახალი შემთხვევების რაოდენობამ შედარებით იკლო. შიდსი საქართველოშიც ფიქსირდება და 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, ის 4 980-ზე მეტ ადამიანს განუვითარდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვი 10 700-სს აჭარბებს.

იქიდან გამომდინარე, რომ შიდსი დღესაც ჯანდაცვის გამოწვევად რჩება, უნდა ვიცოდეთ, რა არის ის, როგორ ვრცელდება და რა სიმპტომები ახასიათებს.

რა არის შიდსი  

აივ/შიდსი — ეს ორი ტერმინი, ალბათ, ხშირად გსმენიათ, მაგრამ რა განსხვავებაა მათ შორის? საქმე ისაა, რომ პირველი დაავადების გამომწვევი ინფექციაა, ხოლო მეორე თავად დაავადებაა.

შიდსის უკან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ორი სახეობა დგას. ესაა ლენტივირუსები, რომელთა ორგანიზმში შეღწევაც ჩვენს იმუნურ სისტემას ვნებს და ადამიანს დაავადებების მიმართ მოწყვლადს ხდის. კერძოდ, ეს პათოგენური ნაწილაკები, პირველ რიგში, მიზანში CD4+ ლიმფოციტებს იღებს, რომლებიც უჯრედულ დონეზე იმუნურ რეაქციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ვირუსი მათ რაოდენობას ამცირებს და ფუნქციას თრგუნავს, რასაც იმუნოსუპრესია მოჰყვება. როცა პათოგენი CD4+ ლიმფოციტებთან ურთიერთქმედებს, მისი გარსის ცილა მათ მოლეკულებს უერთდება და, საბოლოოდ, უჯრედში შედის. ამის შედეგად ვირუსის გენეტიკური მასალა მასპინძლის გენომში ინტეგრირდება. ეს იმუნოდეფიციტის განვითარებას უწყობს ხელს და გზა ეხსნება დაავადებას, რომელსაც შიდსი ეწოდება.

რამდენ ხანში ვლინდება შიდსი  

შიდსი იწყება მაშინ, როცა პაციენტი ინფიცირების სტადიიდან უკვე სიმპტომების გამოვლენის ეტაპზე გადადის, ანუ ამ დროს თავს კონკრეტული ფიზიოლოგიური ცვლილებები იჩენს.

თავად აივ-ინფექციაზე ანტისხეულები მიანიშნებს, რომლებიც ინფიცირებიდან 2-4 კვირის შემდეგ გამომუშავდება და მაქსიმალურ დონეს ასიმპტომურ პერიოდში აღწევს, 4-8 კვირაში. შესაბამისად, სისხლის საერთო ანალიზი შიდსის იდენტიფიცირებისთვის ეფექტიანი არაა, არამედ ამისთვის სწორედ ანტისხეულები უნდა გაანალიზდეს. 

დროს ინფიცირებიდან ანტისხეულების წარმოქმნამდე, ინკუბაციური პერიოდი ეწოდება, შიდსის განვითარების პარალელურად კი მათი რაოდენობა მცირდება. ვინაიდან ვირუსის სრული ელიმინაცია ვერ ხერხდება, ინფექცია ქრონიკული მიმდინარეობის სახეს იღებს. 

ვირუსი ფარულად მძვინვარებს ორგანიზმში, სანამ შიდსი საბოლოოდ გამოვლინდება. ეს საშუალოდ 4-5 წელში ხდება. ამის მიუხედავად, აღნიშნული დაავადების შემთხვევაში მსგავსი პერიოდი ცვალებადია და სხვადასხვა პაციენტში შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი ან ხანმოკლე იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ვირუსი მოხვდა ორგანიზმში, როგორია ადამიანის იმუნიტეტი და რამდენად აგრესიულია პათოგენის შტამი.

შიდსის სიმპტომები  

როგორც უკვე ვახსენეთ, შიდსი იმუნიტეტს სერიოზულად თრგუნავს და დაავადების, მათ შორის სიმსივნის, მიმართ მოწყვლადს გვხდის. მისი სიმპტომები განსხვავებულია და, როგორც წესი, ერთდროულად პირველსავე პერიოდში არ ჩნდება. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

  • წონაში სწრაფად კლება — ხშირად შიდსის მქონე ადამიანები იმუნური სისტემის სავალალო მდგომარეობის გამო წონაში მოულოდნელად იკლებენ;
  • ძლიერი დაღლილობა — იმავე მიზეზის გამო გავრცელებული სიმპტომია მუდმივი დაღლილობა სისუსტე;
  • ლიმფური ჯირკვლების დასივება — შესაძლოა, შიდსის ნიშანი იყოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყელის, იღლიების ან სხვა ლიმფური ჯირკვლების დასივება;
  • ცხელება და ღამით ოფლიანობაგანმეორებადი ცხელება და ღამით ჭარბი ოფლიანობა საყურადღებო სიმპტომია;
  • ხანგრძლივი დიარეა — თუ დიარეა კვირების განმავლობაში გრძელდება, ესე იგი სხეული ინფექციებს ვერ უმკლავდება;
  • ინფექციები — შიდსის მქონე პაციენტებში ხშირია პნევმონია, ტუბერკულოზი და სოკოვანი დაავადებები. ასევე, სხვა ინფექციები (მაგალითად, მონონუკლეოზი შიდსის პარალელურადაც ვლინდება ხოლმე);
  • ნევროლოგიური პრობლემები — შიდს უკავშირებენ მეხსიერების პრობლემებს, დეპრესიასა და კოგნიტიურ დარღვევებს, რადგან ინფექციები ტვინზეც ზემოქმედებს;
  • კანის ქრონიკული პრობლემები — აივ-ინფექცია დაავადების ეტაპზე გამონაყარის სახით შეიძლება გამოვლინდეს. შიდსი კანზე დაზიანებებს იწვევს, მათ შორის ლორწოვან გარსზე, მაგალითად, ცხვირისა და პირის ღრუში.

შიდსი მამაკაცებშიც იჩენს თავს და ქალებშიც. ამის მიუხედავად, შიდსი ქალებში შედარებით განსხვავებულია, რადგან მათში ხშირია ვაგინალური ინფექციები, საშვილოსნოს მილების მწვავე ანთება და რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეები.

როგორ გადადის შიდსი  

შიდსის გამომწვევი ვირუსი მშრალ პირობებში რამდენიმე საათში კვდება, მაგრამ ზოგჯერ 1-3 დღეც ძლებს. ქსოვილოვან კულტურაში იგი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღე ცოცხლობს, მაგრამ ქიმიური საშუალებებით სტერილიზაციას ექვემდებარება.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ აივ ინფექციის მქონე ადამიანი დაინფიცირების დღიდანაა გადამდები, რადგან ვირუსი ორგანიზმში მოხვედრისთანავე აქტიურ გამრავლებას იწყებს. პათოგენები ყველაზე მეტად გვხვდება სისხლში, თავ-ზურგტვინის სითხესა და სპერმაში.

დაავადებული ადამიანიდან შიდსი გადადის:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას;
  • სისხლით;
  • გამოყენებული ნემსით/შპრიცით (ხშირია ნარკომომხმარებლებში);
  • ე.წ. ვერტიკალური გადაცემით — დედიდან შვილზე ორსულობისას, მშობიარობისას ან ძუძუთი კვებისას.

გახსოვდეთ, რომ შიდსი ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, ჰაერ-წვეთოვანი გზით, საერთო ჭურჭლის გამოყენებითა და მწერის ნაკბენით არ გადადის. 

ხშირად ისმის კითხვა, შიდსი განკურნებადია თუ არა. პასუხი ისაა, რომ ჯერჯერობით ამ დაავადების დამარცხება არ შეგვიძლია, თუმცა მსოფლიოში არსებობენ პაციენტები, რომლებსაც ხანგრძლივი რემისია აქვთ. მეცნიერები ამ საკითხზე მუდმივად მუშაობენ.

სამაგიეროდ, შიდსი მკურნალობას ექვემდებარება, ანუ დაავადების პროგრესირების შენელება და სიმპტომების გაკონტროლება შესაძლებელია. მაგალითად, გამოიყენება ანტივირუსული თერაპიები, საკვები დანამატები, იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები და ა.შ.