ყივანახველა ბავშვებსა და დიდებში: სიმპტომები, გართულებები და მკურნალობა

ყივანახველა ადვილად გადამდები მწვავე ინფექციური დაავადება. ის უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული, თუმცა შესაძლოა, ზრდასრულებშიც შეგვხვდეს. 

ყივანახველა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელიც Bordetella pertussis-ის ბაქტერიით არის გამოწვეული. დაავადება ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და პაროქსიზმული (შეტევითი), სპაზმური, ხშირ შემთხვევაში, გახანგრძლივებული ხველებით. ამ უკანასკნელის გამო ყივანახველას ხშირად 100-დღიან ხველასაც ეძახიან.

როგორც აღვნიშნეთ, ყივანახველა გადამდებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და მისი საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღემდე მერყეობს. ორგანიზმში, რომელიც ყივანახველას დაამარცხეს, დაავადების მიმართ იმუნიტეტი ყალიბდება, თუმცა დროთა განმავლობაში ის შესაძლოა შესუსტდეს.

როგორია ყივანახველას სიმპტომები

ყივანახველას ადრეული სიმპტომები გაციების მსგავსია. მათ შორის აღინიშნება სურდო, მსუბუქი ცხელება და ხველა. 1-2 კვირის შემდეგ კი ეს სიმპტომები ძლიერდება და ხშირ შემთხვევაში იწყება შეტევითი, სპაზმური ხველა, რომელსაც ყივილის მსგავსი ხმიანობა ახასიათებს. ხველას ხშირად თან სდევს ღებინება. ამასთან ერთად, ყივანახველას დროს პაციენტი შესაძლოა გრძნობდეს დაღლილობას.

გასათვალისწინებელია, რომ ყივანახველას ზოგჯერ მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ახლავს თან. რისკჯგუფებში, ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვები შედიან. გართულებებს შორის კი შეიძლება იყოს პნევმონია, კრუნჩხვები და სიკვდილიც კი.

ყივანახველას ანალიზი 

ვინაიდან ყივანახველას სიმპტომები შეიძლება სხვა რესპირატორული ინფექციების სიმპტომებს დაემსგავსოს, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე, აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკური საშუალებები.

ყივანახველას დადგენისას შეიძლება გამოყენებულ იქნას კლინიკური შეფასების მეთოდი, რაც ექიმის მიერ სიმპტომების ისტორიის გაცნობას გულისხმობს. სპეციალისტი პაციენტის სიმპტომებს აკვირდება, განსაკუთრებით კი ხველის შემდგომ ხმოვანებას. თუკი ამასთან ერთად ავადმყოფს გახანგრძლივებული და ინტენსიური ხველა აღენიშნება, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ღებინება ან სუნთქვის გაძნელება, ეს ექიმისთვის ყივანახველას არსებობის მთავარი მაჩვენებელია.

თუმცა ყივანახველას დიაგნოსტიკისთვის ზოგჯერ დამატებითი, უფრო ზუსტი საშუალებებია საჭირო, ყველაზე ეფექტიანი კი ლაბორატორიული ანალიზებია. მათ შორის ტარდება ნაზოფარინგეალური ნაცხის ტესტი, რისთვის ნიმუშს ცხვირ-ხახის უკანა ნაწილიდან იღებენ. ეს Bordetella pertussis-ის ბაქტერიის არსებობის დასადგენად ყველაზე გავრცელებული დიაგნოსტიკური მეთოდია.

გარდა ამისა, ყივანახველას გამოსავლენად პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტსაც მიმართავენ. PCR არის სწრაფი და ძალიან მგრძნობიარე ტესტი, რომელიც ნაცხის ბაქტერიების დნმ-ს აღმოაჩენს.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ატარებენ სეროლოგიურ ანალიზსაც, რომელიც სპეციალისტებს IgG და IgA ანტისხეულების გამოვლენაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ეს ანტისხეულები ინფექციაზე იმუნური პასუხის შედეგად წარმოიქმნება. პირველი მათგანის არსებობა მიუთითებს წარსულში გადატანილ ინფექციაზე ან ვაქცინაციაზე, მეორეს არსებობა კი უფრო მეტად ასოცირდება მწვავე ან ბოლოდროინდელ ინფექციებთან. ანალიზის ნიმუშში IgA-ს მაღალი დონე მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ახლახან დაინფიცირდა ან ამჟამად ებრძვის დაავადებას.

ყივანახველა ბავშვებში 

ყივანახველას ხშირად ბავშვების ან ბავშვობის დაავადებადაც მიიჩნევენ. ამის მიზეზი ის არის, რომ პატარები მისით ყველაზე ხშირად ავადდებიან და რისკჯგუფის სათავეშიც არიან მოქცეულნი.

ყივანახველა ჩვილებისთვის განსაკუთრებით საშიშია, თუმცა უფრო მაღალი ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ გაკეთებული, შედარებით მსუბუქ სიმპტომებს განიცდიან. ეს სიმპტომები კი დაავადებისთვის დამახასიათებელი ზოგადი გამოვლინებების მსგავსია, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ.

დაავადების გართულის განსაკუთრებით მაღალი რისკი ახალშობილებსა და ერთ წლამდე ბავშვებშია. მათში ყივანახველამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, გაუწყლოება, კრუნჩხვები ან ტვინის დაზიანებაც კი. მძიმე შემთხვევებში, პატარებში სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც ვითარდება. აქედან გამომდინარე, ჩვილებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით მაღალია.

უფრო დიდი ასაკის ბავშვებს დაავადება შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა მათ შეიძლება ხანგრძლივი ხველასა და დაღლილობასთან მოუწიოთ გამკლავება.

დაავადების პრევენციის საუკეთესო გზა იმუნიზაციაა. ამისთვის პატარებში დიფთერიის, ტეტანუსის და ყივანახველას ვაქცინას (DtaP/ Tdap) იყენებენ. კერძოდ კი, მცირე ასაკის ბავშვებს DtaP-ვაქცინით ცრიან, უფროსი ასაკის ბავშვებს (ასევე, ზრდასრულებს) - Tdap-ის ბუსტერული ვაქცინით. ყივანახველას აცრა ჩვილებში იმუნიზაციის რეკომენდებული სქემის მიხედვით უნდა ჩატარდეს.

ყივანახველა დიდებში 

მიუხედავად იმისა, რომ ყივანახველა ხშირად ბავშვობის დაავადებად არის მიჩნეული, მისით შეიძლება ზრდასრულებიც დაინფიცირდნენ. ინფიცირების რისკი იზრდება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ან წინარე ინფექციების დროს გამომუშავებული იმუნიტეტი ძალას დაკარგავს.

ზრდასრულებში ყივანახველა, ძირითადად, ვლინდება როგორც გახანგრძლივებული დაავადება ნაკლებად მძიმე სიმპტომებით, ვიდრე ეს ბავშვების შემთხვევაშია. ამიტომ დიდებში მისი ამოცნობა შედარებით რთულია.

აღსანიშნავია, რომ ყივანახველას დროს ხმოვანი ხველა, რაც ბავშვებში საკმაოდ ხშირი სიმპტომია, დიდებში იშვიათად იჩენს თავს. სანაცვლოდ, ხშირი პნევმონია. გარდა ამისა, ზრდასრულებში ზოგჯერ თავს იჩენს ნეკნების მოტეხილობა, შარდის შეუკავებლობა ან სისუსტე, რაც ინტენსიური ხველითაა გამოწვეული.

ყივანახველას სიმპტომების გართულება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ზრდასრულებშია მოსალოდნელი. მაგალითად, მათ შემთხვევაში, ვისაც ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) აწუხებთ.

ზრდასრულებში დაავადების პრევენციის მიზნით Tdap-ის ბუსტერულ ვაქცინას იყენებენ.

როგორ მკურნალობენ ინფექციას?

ყივანახველას მკურნალობა, დიდწილად, ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებასა და ინფექციის გავრცელების პრევენციაზე, განსაკუთრებით დაუცველ პირებში, როგორიცაა ჩვილები.

დაავადების ადრეულ ეტაპზე, ინფექციის სიმძიმისა და მისი გადამდებობის შესამცირებლად, ზოგჯერ ანტიბიოტიკებით მკურნალობას მიმართავენ. ანტიბიოტიკებს შეუძლია, შეამციროს ავადმყოფობის პერიოდი, თუმცა ზოგჯერ ის ვერ უმკლავდება სიმპტომებს, თუ ხველება უკვე დაწყებულია.

ყივანახველასა და სასუნთქი გზების მწვავე, ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც წებოვანი ნახველი ახასიათებს, ზოგჯერ სოლტუქსი სიროფი გამოიყენება. ის ებრძვის ხველის შეტევებს, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. სიროფის გამოყენება დაშვებულია ნებისმიერი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში.

ყივანახველას დროს დეჰიდრატაციასთან ბრძოლა განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, თუ ხველასთან ერთად ღებინებაც აღინიშნება. გარდა ამისა, დაავადებულისთვის მნიშვნელოვანია დასვენება, რათა ძალები მალე აღიდგინოს და სწრაფად გამოჯანმრთელდეს.

ამასთან, ყივანახველას დროს უნდა მოერიდეთ კვამლს, მტვერს და სხვა რესპირატორულ გამღიზიანებელს, რამაც შეიძლება ხველის გაუარესებას შეუწყოს ხელი.

მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. იქ პატარა პაციენტებს ძირითად შემთხვევაში დასჭირდებათ პნევმონიის მსგავსი გართულებების მონიტორინგი, ინტრავენური სითხეების მიღება დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, ჟანგბადის თერაპია სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, ასევე სასუნთქი გზების გასასუფთავებელი პროცედურები.

ყივანახველისგან სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლოა 3 თვე ან მეტი დრო დასჭირდეს, რაც ინდივიდზე და შემთხვევის სიმძიმეზეა დამოკიდებული.