
ღვიძლის სიმსივნე, ისევე როგორც ყველა სიმსივნური დაავადება, ორგანიზმში ანომალიური უჯრედების წარმოქმნისა და გამრავლების შედეგია. ამ შემთხვევაში დაავადება კონკრეტულ ორგანოში გაჩენილი ანომალიაა.
ღვიძლის კიბო არის სიმსივნური დაავადება, რომელიც ღვიძლის უჯრედებიდან იწყება. მუცლის ზედა ნაწილში მოთავსებულ ამ ორგანოში მრავალი სახის სიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება გაჩნდეს. თუმცა, ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰეპატოცელულარული კარცინომა, რომელიც იწყება ღვიძლის უჯრედების ძირითად ტიპში -ჰეპატოციტებში.
ღვიძლის კიბოს სხვა ტიპები, როგორიცაა ინტრაჰეპატური ქოლანგიოკარცინომა და ჰეპატობლასტომა, გაცილებით ნაკლებად გავრცელებულია.
ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ღვიძლში სიმსივნური უჯრედების გაჩენა უფრო იშვიათია. უმეტესწილად, ამ ორგანოში სხვა ორგანოდან გავრცელებული მეტასტაზები გვხვდება. ნაწლავში, ფილტვებსა თუ მკერდში გაჩენილი სიმსივნე ღვიძლში რომც გავრცელდეს, ღვიძლის კიბოდ არ იწოდება. ასეთ სიმსივნეს, როგორც წესი, მეტასტაზურს ეძახიან ხოლმე და იმ ორგანოს სახელს ატარებს, სადაც წარმოიშვა. ასე, მაგალითად, ნაწლავის მეტასტაზური სიმსივნე ნიშნავს, რომ ეს დაავადება ნაწლავში წარმოიქმნა, მაგრამ სხვა ორგანოებზეც გავრცელდა.
ამ განსხვავების გამო, შესაძლოა, ღვიძლში არსებული სიმსივნე შეგხვდეთ სახელწოდებებით - პირველადი და მეორეული. პირველადია სიმსივნე, რომელიც თავად ამ ორგანოში წარმოიქმნა, ხოლო მეორეული - მეტასტაზებით გავრცელებული დაავადებაა.
კლივლენდის კლინიკის ინფორმაციით, ღვიძლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმსივნური დაავადება არც ის ხშირია, სპეციალისტები მის ზრდად სტატისტიკაზე საუბრობენ - ამავე კლინიკის ცნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულებში მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შტატებში გადატანილი ექნება სწორედ ეს სიმსივნე.
გარდა ამისა, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ღვიძლის კიბოსადმი უფრო მოწყვლადები კაცები არიან, ასაკობრივ კატეგორიაში კი 55-64 წლის პაციენტები სჭარბობენ.
როგორია ღვიძლის სიმსივნის სიმპტომები?
ღვიძლის კიბოს სიმპტომები ბევრ პაციენტს ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ეს განსაკუთრებით ხშირია დაავადების საწყის ეტაპზე, როცა ანომალიური უჯრედების წარმოქმნა და გამრავლება ახალი დაწყებულია.
მიუხედავად ამისა, არსებობს ღვიძლის კიბოს სიმპტომები, რომელთა არსებობასაც ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. ასეთებია: წონის უეცარი კლება, მადის დაკარგვა, მუცლის ღრუს ზედა ნაწილში ტკივილი, ხშირი თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება, ზოგადი სისუსტე და გადაღლა, მუცლის არეში შესივება, კანის სიყვითლე, თვალის თეთრი ნაწილის ფერის ცვლილება/გაყვითლება, მუქი ფერის შარდი და თეთრი, ცარცისფერი განავალი.
ჩანიშნეთ ექიმთან ვიზიტი, თუკი რომელიმე ხსენებული სიმპტომი ან სიმპტომების ერთობლიობა გაწუხებთ.
ცხადია, ცალკე ან თუნდაც ერთად აღებული ეს სიმპტომები აუცილებლად სიმსივნის არსებობას არ მოასწავებს. გარდა ამისა, არ იმსჯელოთ და წინასწარ განწყობას ნუ შეიქმნით მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ნურც საკუთარ თავს დაუსვამთ დიაგნოზს. შესაძლოა, არც ისე სანდო ვებგვერდებზე შეგხვდეთ ინფორმაცია სიმსივნის სტადიების მიხედვით სიმპტომებზე - უნდა გახსოვდეთ, რომ ცალკე აღებული სიმპტომები არ ნიშნავს, მაგალითად, ღვიძლის კიბოს მეოთხე სტადიას - უმჯობესია, სამედიცინო დასკვნები სპეციალისტებს მიანდოთ.
რამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება?
ღვიძლის სიმსივნის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი, ისევე, როგორც ზოგადად სიმსივნის წარმოშობაზე მსჯელობა, მეცნიერებისთვის დღემდე საკმაოდ რთულია. დადგენილია, რომ ნებისმიერ სიმსივნეს უჯრედების მუტაციური გამრავლება და ანომალია განაპირობებს - თუმცა, რა წარმოშობს ამ მუტაციებს, ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და სამკურნალო ცენტრის, მაიოს კლინიკის, სპეციალისტები ამბობენ, რომ დნმ-ში გაჩენილი მუტაციების შედეგად უჯრედები უკონტროლო ზრდასა და გამრავლებას იწყებენ, საბოლოოდ კი სიმსივნურ წარმონაქმნს აყალიბებენ.
იშვიათად, თუმცა ღვიძლის კიბოს გამომწვევი მიზეზები ცნობილია ხოლმე - ქრონიკული ჰეპატიტური ინფექციები. მაგრამ უფრო ხშირად ეს დაავადება ისე ჩნდება ადამიანებში, რომ ამის წინარე მოცემულობა, რაიმე დაავადება ნათელი არ არის.
კვლევებმა მეცნიერებს უჩვენა, რომ არსებობს გარკვეული ფაქტორები, რაც ღვიძლის სიმსივნის წარმოქმნის რისკს შეიძლება აჩენდეს. ეს ფაქტორებია:
- პირველ რიგში, ასეთია ც და ბ ტიპის ჰეპატიტური ინფექციები;
- ციროზი ასევე მოიხსენიება იმ დაავადებებს შორის, რომელმაც შეიძლება ორგანიზმში კიბოს გაჩენას შეუწყოს ხელი;
- ღვიძლის გენეტიკური დაავადებები ზრდიან კიბოს გაჩენის რისკს - ასეთებია ჰემოქრომატოზი და ვილსონის დაავადება;
- სიმსივნის გაჩენის შანსებს ზრდის დიაბეტიც - მსგავს პაციენტებში კიბოს გაჩენის რისკი მეტია, ვიდრე მათში, ვისაც დიაბეტი არ აწუხებს;
- ღვიძლის გაცხიმოვნება, ასევე, შეიძლება იყოს სიმსივნის წარმომქმნელი ფაქტორი;
- კიდევ ერთი რისკფაქტორია აფლატოქსინების ზემოქმედება. აფლატოქსინები არის შხამები, რომლებიც წარმოიქმნება ობის მიერ და ჩნდება ისეთ საკვებ კულტურებზე, რომლებიც ცუდად ინახება. მაგალითად, მარცვლეული და თხილი შეიძლება დაბინძურდეს აფლატოქსინებით, ისინი კი პროდუქტებით დამზადებულ საკვებში და, შემდეგ, ღვიძლში მოხვდეს.
- ალკოჰოლის დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება შეიძლება გახდეს ღვიძლის სიმსივნის გაჩენის მიზეზი. ორგანიზმისთვის დაშვებულზე მეტი ალკოჰოლის მიღება დიდი ხნის განმავლობაში შეუქცევად ზიანს აყენებს ღვიძლს და აჩენს კიბოს რისკს.
როგორ დგინდება დაავადების არსებობა ორგანიზმში?
თუკი გაქვთ სიმპტომები, ან მიეკუთვნებით რომელიმე რისკჯგუფს, შესაძლოა, თქვენმა ექიმმა გარკვეული პერიოდულობით გთხოვოთ კვლევების ჩატარება. ფიზიკური დათვალიერების შემდეგ, არსებობს რამდენიმე ტიპის კვლევა, რომელიც გამოავლენს სიმსივნური წარმონაქმნის არსებობას.
მაგალითად, ასეთია ღვიძლის ფუნქციის კვლევა სისხლის ანალიზის საშუალებით. ამ დროს მოწმდება ფერმენტები, ცილები და სხვა ნივთიერებები. საბოლოო ჯამში კი სპეციალისტი ხედავს დიდ სურათს - ჯანმრთელია თუ არა ღვიძლი. ასევე, შესაძლებელია, შემოწმდეთ ალფაფიტოპროტეინზეც - მისი მაღალი დონე შეიძლება სიმსივნის არსებობას მიანიშნებდეს.
სიმსივნის დადგენა, შესაძლოა, მოხერხდეს ულტრაბგერითი კვლევით, ე.წ. ექოსკოპიითაც. მსგავსი ტესტი ექიმს აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობაა თქვენს ქსოვილებზე და შესაძლოა, აჩვენოს გადაგვარებული/ანომალიური წარმონაქმნებიც, როგორიც სიმსივნეა.
კვლევის კიდევ ერთი მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია, ე.წ. კატე (ინგლისურად Computed tomography - CT). ეს კვლევა აჩვენებს ღვიძლის დეტალურ, რენტგენულ სურათს და აწვდის ინფორმაციას ღვიძლის კიბოს ზომისა და ზუსტი მდებარეობის შესახებ.
ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მაგნიტორეზონანსული კვლევის (MRI) ჩატარება - ამ დროს ტესტი გვაძლევს სხეულის ძალიან მკაფიო სურათებს დიდი მაგნიტის, რადიოტალღების და კომპიუტერის გამოყენებით.
ანგიოგრაფია კვლევის ტიპია, რომელიც ექიმს ეხმარება, გამოიკვლიოს ღვიძლში შემავალი და მისგან გამომავალი სისხლძარღვები. ტესტი აჩვენებს, თუკი სისხლძარღვებს რაიმე დაბრკოლება ხვდებათ და უჭირთ ფუნქციის შესრულება.
ბოლო და ყველაზე გავრცელებული კვლევა კი ბიოფსიაა - ამ დროს სპეციალისტები იღებენ ღვიძლის ქსოვილს და ხდება მისი ე.წ. დათესვა. ეს მეთოდი ყველაზე საიმედო გზა არის კიბოს დიაგნოზის დასადასტურებლად. როგორც წესი, სხვა ნებისმიერი ტესტის პასუხი სწორედ ბიოფსიით მოწმდება.
ღვიძლის კიბოს მკურნალობა — რა ეტაპებს გადის პაციენტი?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღვიძლის კიბო ორნაირი კლასიფიკაციით შეიძლება შეგვხვდეს - ამავე ორგანოში წარმოქმნილი პირველადია, ხოლო სხვა ორგანოდან მეტასტაზებით ღვიძლში გავრცელებული - მეორეული. ის, თუ როგორ მოხვდა სიმსივნური უჯრედები ღვიძლში, შესაძლოა, მკურნალობაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
მაგალითად, პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებული სამკურნალო მეთოდი სიმსივნის აბლაცია და ქიმიოთერაპიაა, ხოლო მეორეულისა - ქიმიოთერაპია, ან ქიმიოსა და ქირურგიის კომბინაცია.
ქირურგიული ჩარევა, თავის მხრივ, შეიძლება ორნაირი იყოს - დასნებოვნებული ნაწილის ამოკვეთა, ან ღვიძლის ტრანსპლანტაცია (ანუ დონორით ჩანაცვლება). ქირურგია, როგორც წესი, ადამიანების მცირე ჯგუფისთვისაა ოპტიმალური გამოსავალი და ეს დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, გავრცელების არეალზე, მათ რაოდენობასა და იმაზე, თუ რა პოზიციაშია წარმონაქმნი.
რაც შეეხება ტრანსპლანტაციას - ამ დროსაც უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, შეიძლება ეს მკურნალობის მეთოდი იდეალური იყოს ადამიანისთვის, მაგრამ შესაბამისი დონორის პოვნა მარტივია არაა. აუცილებელია, რომ დონორი, გარდა სხვადასხვა სამედიცინო შესაბამისობისა, არ იყოს მწეველი, ნარკომომხმარებელი და ალკოჰოლი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ ჰქონდეს მიღებული. სწორედ ამიტომ, ტრანსპლანტაცია ხშირად დროში გაწელილი მეთოდიც ხდება.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებისა, ღვიძლის კიბოს წინააღმდეგაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ის მეთოდები, რაც ზოგადად სხვა სიმსივნური წარმონაქმნების სამკურნალოდ გამოიყენება - ჰორმონული თერაპია, რადიაციული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა და ა.შ.
როგორც სხვა ყველა დაავადების მკურნალობის დროს, ამ პერიოდშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და სწორი ნუტრიციოლოგიური არჩევანის გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიმსივნე საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხება, უმჯობესი იქნება, თუკი რჩევას თქვენივე მკურნალი ექიმისგან მოისმენთ. რაიმე განსაკუთრებული დიეტა ღვიძლის კიბოს დროს, როგორც წესი, არ არსებობს - მთავარია, არ მიიღოთ ის ნივთიერებები, რაც ამ ორგანოს ისედაც აზიანებს: ალკოჰოლი, თამბაქო, თრობის სხვა საშუალებები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account