
ურორეკი იტალიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც კაფსულების სახით არის წარმოდგენილი. მისი აქტიური ნივთიერება სილოდოზინია, დამხმარე ნივთიერებების სახით კი ურორეკში შედის მანიტოლი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.
ურორეკის კაფსულებში სილოდოზინიის შემცველობა განსხვავებულია. აფთიაქებში 4 მგ და 8 მგ სილოდოზინიის შემცველი კაფსულებია ხელმისაწვდომი. ურორეკი 4 მგ-ის ერთ შეკვრაში 30 კაფსულია, ურორეკი 8 მგ-ის ერთ კოლოფში 90 ან 30 კაფსულით.
პრეპარატი PSP-ის აფთიაქების ქსელში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
რა არის და რისთვის იყენებენ ურორეკს?
ურორეკის კაფსულები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს გამოიყენება. ჰიპერპლაზია, უჯრედთა ინტენსიური გამრავლების შედეგად, მათი რაოდენობის მომატებაა.
ურორეკში შემავალი სილოდოზინი, ალფა1A-ადრენორეცეპტორების მაღალსელექციური კონკურენტული ანტაგონისტია. ის წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის, შარდის გამომყოფი არხის გლუვი კუნთების პოსტსინაპტიკურ ალფა1A-ადრენორეცეპტორებს თრგუნავს.
პრეპარატის აქტიური ნივთიერება წინამდებარე ჯირკვლის გლუვი კუნთების, შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომყოფი არხის ტონუსს ამცირებს და შარდის გამოყოფის პროცესს აადვილებს. ამასთან, იგი ხელს უწყობს ობსტრუქციისა და კანკალის სიმპტომების შემცირებას, რაც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან არის დაკავშირებული.
მაღალი სელექციურობის გამო ურორეკში შემავალი სილოდოზინი არ იწვევს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაწევას იმ პაციენტებში, რომელთაც ნორმალური არტერიული წნევა აქვთ.
კაფსულების მიღების წესები და დოზირება
ურორეკის რეკომენდებული დოზა დღეში ერთხელ 8 მგ-ს შეადგენს. იგი კვების დროს, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში უნდა მიიღოთ. კაფსული დაღეჭვის გარეშე, მთლიანად უნდა გადაიყლაპოს. სასურველია მისთვის წყლის დაყოლება.
თირკმლის საშუალო სირთულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 30 - < 50 მლ/წთ), მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ, ინიშნება საწყისი დოზა - 4 მგ დღეში ერთხელ მისაღებად. თუ ორგანიზმი პრეპარატის მიმართ კარგ ამტანობას ავლენს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 8 მგ-მდე გაზრდა.
ურორეკის გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას ან მათი აუტანლობის შემთხვევაში.
გარდა ამისა, დაუშვებელია ამ წამლის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სილოდოზინი (ურორეკი) მხოლოდ მამაკაცებში ინიშნება.
ურორეკის მიღებისგან თავის შეკავებაა საჭირო თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) დროს. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში გამოყენებასთან დაკავშირებით არასაკმარისი კლინიკური მონაცემებია, ამიტომ, თუ აღნიშნული პრობლემა გაწუხებთ, ურორეკის მიღებას უნდა მოერიდოთ.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის გამოყენებისას
ურორეკის მიღებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვა ალფა-ადრენობლოკატორების გამოყენების მსგავსად, სილოდოზინით მკურნალობის პერიოდში შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია აღინიშნოს.
ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის პირველივე სიმპტომების, მათ შორის თავბრუსხვევისა და სისუსტის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა, პაციენტი დაჯდეს, დაწვეს ან იმავე მდგომარეობაში დარჩეს, რომელშიც არის, ვიდრე სიმპტომები არ გაივლის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასა და შეშუპებას ერთმანეთის მსგავსი სიმპტომები აქვს, რომლებიც შესაძლოა, ერთდროულად განვითარდეს. აქედან გამომდინარე, მედიკამენტის დანიშვნამდე საჭიროა, პაციენტს ჩაუტარდეს გამოკვლევა, რათა წინამდებარე ჯირკვლის შეშუპება გამოირიცხოს.
უნდა იცოდეთ, რომ ურორეკით მკურნალობისას სათესლე სითხის გამოყოფა მცირდება. ამან შეიძლება მამაკაცის ფერტილურობაზე მოახდინოს გავლენა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეფექტი პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ან ადრე იღებდნენ ალფა1-ადრენობლოკატორებს კატარაქტის ოპერაციის პერიოდში ზოგჯერ თვალის ფერადი გარსის არასტაბილურობის სინდრომი ვითარდება. ამან შესაძლოა, ოპერაციის დროს გართულება გამოიწვიოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ალფა1-ადრენობლოკატორების მიღება ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე უნდა შეწყდეს. ასევე, პაციენტებში, რომელთაც კატარაქტის ოპერაცია აქვთ დანიშნული, ურორეკით მკურნალობის დაწყება რეკომენდებული არ არის.
არ არსებობს კვლევები იმის შესახებ, ახდენს თუ არა პრეპარატი გავლენას ტრანსპორტის მართვის უნარზე. თუმცა, პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპტომები, რაც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, თავბრუსხვევა. რეკომენდებულია, თავი შეიკავოთ ტრანსპორტის მართვისაგან ან სხვა მექანიზმების გამოყენებისაგან, ვიდრე გაირკვევა, თუ როგორი ინდივიდუალური ამტანობა გაქვთ პრეპარატ ურორეკის მიმართ.
რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?
მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ურორეკის გამოყენების შემდეგაც აღინიშნოს. მათ შორის, ნერვული სისტემის მხრივ გავრცელებული სიმპტომია თავბრუსხვევა. სიხშირე არ არის ცნობილი, თუმცა წამლის გამოყენება ზოგჯერ სინკოპეს, გულის წასვლას იწვევს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გავრცელებული უკუმოქმედებაა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
ამ გვერდითი მოვლენების გარდა, პრეპარატი ხშირად იწვევს ფაღარათს. მასთან შედარებით ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა და პირის სიმშრალე.
გვერდითი ეფექტები შეიძლება რეპროდუქციული სისტემის მხრივაც აღინიშნოს. მათ შორის ძალიან გავრცელებულია რეტროგრადული ეაკულაცია და ანეაკულაცია. ურორეკის მიღების შემდეგ ნაკლებად, თუმცა ზოგჯერ აღინიშნება ლიბიდოს დაქვეითება და ერექციული დისფუნქცია.
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას ხშირად შემდეგი სიმპტომები იჩენს თავს: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება და კომპენსატორული ტაქიკარდია. ჭარბი დოზის გავლენის თავიდან ასარიდებლად მიმართავენ კუჭის ამორეცხვას, აქტივირებული ნახშირის მიღებას ან სიმპტომატურ მკურნალობას, რომლის მიზანიც ცირკულაციური სისხლის მოცულობის გაზრდაა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სასურველია თირკმელების ფუნქციის გაკონტროლება. დიალიზი ნაკლებად ეფექტიანია, ვინაიდან ურორეკის აქტიური ნივთიერება პლაზმის ცილებს ინტენსიურად უკავშირდება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account