კლინდაცინი T — გელი ფერიჭამიებთან საბრძოლველად

კლინდაცინი T პოლონეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც გელის ფორმით არის წარმოდგენილი. მისი ყოველი 1 გრამი, ფოსფატის სახით, კლინდამიცინის 10 მგ-ს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით პრეპარატში ასევე შედის პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა და გასუფთავებული წყალი.

კლინდაცინი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და PSP-ის აფთიაქების ქსელში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რისთვის გამოიყენება კლინდაცინი T?

კლინდამიცინი ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც ბაქტერიოსტატულ მოქმედებას ახდენს, თუმცა მაღალ კონცენტრაციებში ბაქტერიციდულ ეფექტს ავლენს. მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

კლინდამიცინის მალამო გამოიყენება Propionibacterium acnes-თი გამოწვეული ჩვეულებრივი ფერიჭამიების დროს. პრეპარატს ასევე მიმართავენ კანის სხვა ინფექციების შემთხვევაში, რომლებიც კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული.

გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული კლინდამიცინის, ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებისთვის.

პრეპარატის გამოყენებას უნდა მოერიდონ ასევე პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებით თერაპიის შემდგომი კოლიტი უფიქსირდებათ.

კლინდაცინი T ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება. კანის ზედაპირიდან აბსორბციის შესაძლებლობის გამო კი, პრეპარატი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისათვის.

პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება

კლინდაცინი T მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის დაშვებული. პრეპარატი აუცილებლად ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა გამოიყენოთ.

გელი დასნებოვნებულ მონაკვეთებზე თხელ ფენად, დღეში ორჯერ უნდა დაიტანოთ. მისი გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა 4-დან 8 კვირამდე პერიოდს შეადგენს.

ხანდაზმულ პაციენტებში კლინდაცინი T-ს დოზის კორექცია საჭირო არ არის. დოზირების შეცვლას არ საჭიროებენ ასევე პაციენტები, რომლებსაც თირკმელების უკმარისობა აწუხებთ.

თუ პაციენტი გრძნობს, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი, ან სუსტია აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

კლინდაცინი T-ს გამოყენებისას პრეპარატთან კონტაქტისაგან თვალების, ლორწოვანი გარსებისა და დაზიანებული კანის დაცვაა საჭირო. თუ შემთხვევით დაზიანებულ კანზე ან თვალების კონიუნქტივზე გელი მაინც მოგიხვდათ, ეს ადგილი დიდი რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა ამოიბანოთ.

პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს. იმ შემთხვევაში თუ დოზას გამოტოვეთ, ანაზღაურების მიზნით პრეპარატის გაორმაგებული დოზით გამოყენება დაუშვებელია.

კლინდაცინი T-ს გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციების, მათ შორის ქავილისა და გამონაყარის დროს. გელის წასმა აღარ უნდა გააგრძელოთ კანის ადგილობრივი გაღიზიანების გამოვლინების შემთხვევაშიც.

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, ბოლო პერიოდში გამოყენებული პრეპარატების შესახებ, მათ შორის, თუ ისინი რეცეპტის გარეშე გაიცემა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კლინდამიცინი კუნთების ტონუსის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას მათი მოქმედების პოტენცირებას იწვევს. აქედან გამომდინარე პრეპარატების ერთად გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

კლინდაცინი T-ს მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

პრეპარატების უმეტესობის მსგავსად გვერდითი მოქმედებების გამოწვევა კლინდაცინი T-საც შეუძლია. მათ შორის, გელის გამოყენების შემდეგ, წასმის ადგილზე, შეიძლება აღინიშნოს კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი და ერითემა. იშვიათად ვლინდება კონტაქტური ალერგიული დერმატიტი.

ასევე იშვიათად, კლინდაცინი T-ს გამოყენების შემდეგ შეიძლება პაციენტი უჩიოდეს მუცლის ტკივილს ან მეტეორიზმი და დისპეფსიური სიმპტომები გამოუვლინდეს.

ადგილობრივი გამოყენებისას ხანდახან აღინიშნება დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი და, ზოგადად, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები.

ასევე იშვიათ შემთხვევებში გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ გამოწვეული სანერწყვე ჯირკვლების ანთება ვითარდება.

თუ სხვა, უფრო მძიმე გვერდითი მოვლენები განვითარდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.