ტანტუმ ვერდე — პირის ღრუსა და ყელის ინფექციების სიმპტომების შესამსუბუქებლად

ტანტუმ ვერდე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია, რომელიც იტალიაში იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის შეიცავს. ტანტუმ ვერდე პსპ-ის აფთიაქებში აეროზოლის, საწუწნი აბებისა და სავლები სითხის სახით არის წარმოდგენილი. პრეპარატი ურეცეპტოდ გაიცემა.

რის სამკურნალოდ გამოიყენება ტანტუმ ვერდე? 

ტანტუმ ვერდე ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას გამოიყენება, მათ შორისაა: გინგივიტი (ღრძილის ანთება), გლოსიტი (ენის ქსოვილების ანთებითი დაავადება) და სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება).

პრეპარატით მკურნალობენ ასევე ანგინის, ფარინგიტის, ლარინგიტისა და ტონზილიტის (სასის ნუშურების ანთება) დროს.

ტანტუმ ვერდე კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში ეფექტიანია კანდიდოზის მკურნალობისას. მას მიმართავენ კალკულოზური სანერწყვე ჯირკვლების ანთების დროსაც.

პრეპარატი გამოიყენება ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ, მათ შორის ტონზილექტომიის (გლანდების ოპერაცია), ყბის მოტეხილობისა და სხვა შემთხვევებისას. მას იღებენ კბილების მკურნალობის ან ამოღების შემდეგაც, ასევე პაროდონტოზის დროს.

ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას ტანტუმ ვერდე კომბინირებული თერაპიის სახით უნდა იქნას გამოყენებული.

ტანტუმ ვერდეს სახეობები 

როგორც აღვნიშნეთ, ტანტუმ ვერდე აეროზოლის, საწუწნი აბებისა და სავლები სითხის სახით არის ხელმისაწვდომი.

ტანტუმ ვერდეს საწუწნ ტაბლეტში ბენზიდამინ ჰიდროქლორიდის დოზა 3 მგ-ს შეადგენს. მასში ასევე შედის: იზომალტოზა, ასპარტამი, მენთოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ლიმონის დანამატი, პიტნის დანამატი, ქინოლინის ყვითელი (E 104) და ინდიგოტინი (E 132). ერთ შეკვრა ტანტუმ ვერდეში 20 ტაბლეტია.

ტანტუმ ვერდე აეროზოლში ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის შემცველობა სპრეის 100 მლ-ზე 0.15%-ს (0.15 გ) შეადგენს. ფლაკონში დოზირება 30 მლ-ს უტოლდება. ტანტუმ ვერდეს სპრეის შემავსებლებს შორისაა: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, საქარინი, მენთოლის დანამატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20 და გაწმენდილი წყალი.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ასევე აეროზოლი ტანტუმ ვერდე ფორტეს დასახელებით, რომელშიც ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის შედარებით მაღალი კონცენტრაციაა, დაახლოებით 0.30%.

ადგილობრივი გამოყენების ხსნარის 100 მლ 0.15 გ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს შეიცავს. ერთ ფლაკონში 120 მლ-ია. ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის გარდა ტანტუმ ვერდეს სავლებში შედის: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, საქარინი, მენთოლის დანამატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ქინოლინის ყვითელი ( E 104), პოლისორბატი 20, დაპატენტებული ცისფერი V (E-131) და გაწმენდილი წყალი.

ტანტუმ ვერდეს ანოტაცია და მიღების წესი 

ბენზიდამინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, ინდოზოლების ჯგუფს მიეკუთვნება. მას ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს.

ტანტუმ ვერდეს აქტიური ნივთიერების მოქმედების მექანიზმი უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციასა და პროსტოგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან არის დაკავშირებული.

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი ლორწოვანი გარსით კარგად აბსორბირდება და ანთებით ქსოვილებში აღწევს.

ბენზიდამინი ორგანიზმიდან თირკმელებითა და კუჭ-ნაწლავით გამოიდევნება.

რაც შეეხება მიღების წესსა და დოზირებას:

საწუწნი აბები - რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 აბს 3-4 ჯერ/დღე-ღამეში. წამალი პირის ღრუში მის სრულ დადნობამდე უნდა გაიჩეროთ. მეტი ეფექტიანობისთვის სასურველია, ეს მაქსიმალურად დიდხანს მოხდეს.

ადგილობრივი გამოყენების ხსნარი - პრეპარატის 15 მლ (1 სუფრის კოვზი) ყელისა თუ პირის ღრუს გამოსავლებად ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ გამოიყენება. მისი დანიშნულება ტკივილის მოხსნაა. როდესაც გამოვლებას დაასრულებთ, ხსნარი უნდა გადმოაფურთხოთ.

დოზირებული სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის 0.15 % -

  • მოზრდილებსა და ასაკოვან ავადმყოფებში რეკომენდებულია 4-8 დოზის შესხურება ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ;
  • 6-12 წლის ასაკის ბავშვებში მისაღებია ტანტუმ ვერდეს სპრეის 4 დოზა, ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ;
  • 6 წლამდე ბავშვებში, სხეულის მასის ყოველ 4 კგ-ზე, გამოყენებულ უნდა იქნას 1 დოზა (მაქსიმუმ - 4 დოზა) 1.5-3 საათში ერთხელ.

უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები

ტატუმ ვერდე უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გაზრდილი მგრძნობიარობის შემთხვევაში. ხსნარი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აბების სახით გამოყენებისას კი პრეპარატს თავი უნდა აარიდოთ ფენილკეტონურიის (ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა) დროს.

ტანტუმ ვერდეს მიღებას ზოგჯერ თან ახლავს გვერდითი ეფექტები. მაგალითად, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს პირის სიმშრალე, ქსოვილების დაბუჟება და/ან პირის ღრუში წვის შეგრძნება.

მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი.

ძალიან იშვიათად, ტანტუმ ვერდეს მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ლარინგოსპაზმი, ხორხის მუსკულატურის უეცარი შეკუმშვა.