
დიარეა, იგივე ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილითა და გახშირებული, თხელი კონსისტენციის დეფეკაციით. ეს სიმპტომები შესაძლოა მეტყველებდეს როგორც საკვებით ინტოქსიკაციაზე, ისე გაცილებით სერიოზულ დაავადებებზე. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი.
არსებობს მწვავე და ქრონიკული დიარეა.
მწვავე დიარეა რამდენიმე დღეს გრძელდება და გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციით. გარდა ამისა, მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს:
- ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა;
- კვებითმა მოწამვლამ, ანტიბიოტიკების მიღებამ;
- ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა;
- მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატების მიღებამ;
- ციტომეგალოვირუსმა;
- ნაწლავის ჩხირით გამოწვეულმა ინფექციამ;
- ფრუქტოზის ან ლაქტოზის აუტანლობამ;
- სალმონელოზმა, ლამბლიოზმა, როტავირუსულმა ან სტაფილოკოკურმა ინფექციამ და სხვა.
ქრონიკული დიარეა კი უფრო გახანგრძლივებულია და შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა და მეტიც კი. ქრონიკული დიარეა შეიძლება იყოს იმუნოდეფიციტის, ნაწლავის ჩხირის, იერსინიოზის, მუკოვისციდოზის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებებისა და ენდოკრინული დარღვევების ნიშანი.
დიარეა განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებსა და ჩვილებში და ის მშობლისა და ექიმის სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. მაგალითად, თუ ბავშვს დიარეა მწვავედ დაეწყო, აქვს გულისრევა, ღებინება და მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ვირუსულ გასტროენტერიტთან.
თუ ბავშვი რაიმე პრეპარატს იღებს, განსაკუთრებით ანტიბიოტიკს, და მას დაეწყო დიარეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. თუ დიარეა მწვავედ დაიწყო, თან ახლავს გულისრევა, ღებინება, სპაზმები, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი და მსგავსი სიმპტომები ოჯახში სხვასაც აღენიშნება, ეჭვი უნდა მივიტანოთ საკვებით მოწამვლაზე. თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში აუცილებელია, მშობელმა ექიმს მიმართოს და მხოლოდ მის მიერ შერჩეული მკურნალობის მეთოდი გამოიყენოს.
დიარეის სამკურნალოდ არაერთი პრეპარატი არსებობს. მათი უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა და ინიშნება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია სმექტა, რომელიც გამოდის პაკეტებში მოთავსებული ე.წ. პერორალური ფხვნილის სახით.
რას შეიცავს სმექტა და რა შემთხვევებში ინიშნება ის?
სმექტა შეიცავს დიოქტაედრულ სმექტიტს, გლუკოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის საქარინსა და არომატიზატორებს (ფორთოხლისა და ვანილის).
პრეპარატი გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში მწვავე და ქრონიკული დიარეის სამკურნალოდ.
პრეპარატი ასევე გამოიყენება ეზოფაგიტით, გასტროდუოდენიტით გამოწვეული სიმპტომებისა და მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობის პროცესში.
როგორ დავლიოთ სმექტა — მიღების წესი ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის
ჩვილებსა და ბავშვებში მწვავე დიარეის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზებით: 1 წლამდე ასაკში: 2 პაკეტი დღეში 3 დღე, შემდეგ კი 1 პაკეტი დღეში; 1 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში: 4 პაკეტი დღეში 3 დღე, შემდეგ 2 პაკეტი დღეში.
მოზრდილებმა პრეპარატი უნდა მიიღოთ, საშუალოდ, 3 პაკეტი დღეში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის საწყის პერიოდში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
ეზოფაგიტის შემთხვევაში პრეპარატი მიიღეთ ჭამის შემდეგ, სხვა შემთხვევებში - კვებათა შორის.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს. იმ შემთხვევაში, თუ 7-დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატი მიიღება პერორალურად. პაკეტის შიგთავსი წყალში უშუალოდ მიღების წინ უნდა გახსნათ.
ჩვილებსა და ბავშვებში პაკეტის შიგთავსი შეგიძლიათ გახსნათ საკვების ბოთლში 50 მლ წყალში და პერიოდულად მისცეთ ბავშვს დღის განმავლობაში, ან შეურიოთ ნახევრად თხევად საკვებში, როგორიცაა ბულიონი, კომპოტი, პიურე, ბავშვის საკვები და სხვა.
მოზრდილებში პაკეტის შიგთავსი უნდა გახსნათ ნახევარ ჭიქა წყალში.
აქვს თუ არა სმექტას უკუჩვენებები და რა განსაკუთრებული მითითებები უნდა დავიცვათ მისი მიღებისას?
სმექტას უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს ჰიპერმგრძნობელობა დიოსმექტიტის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ.
მკურნალობის პერიოდში ყველაზე ხშირად აღნიშნული არასასურველი რეაქცია არის შეკრულობა, რომელიც ვითარდება მოზრდილების დაახლოებით 7%-ში და ბავშვების დაახლოებით 1%-ში. იმ შემთხვევაში, თუ შეკრულობა განვითარდება, საჭიროა დიოსმექტიტის მიღების შეწყვეტა.
არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები, რომლებიც კლინიკურ კვლევებში აღინიშნა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, შეკრულობა, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
სმექტა სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა მიიღონ ანამნეზში მძიმე ქრონიკული შეკრულობის მქონე პაციენტებმა.
ბავშვებმა, დეჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით, ადრეულად უნდა მიიღონ ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები.
მოზრდილებში, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა არ უნდა წარიმართოს რეჰიდრატაციის გარეშე.
ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის ან ინტრავენური რეჰიდრატაციის მოცულობა უნდა განსაზღვროს მკურნალმა ექიმმა, დიარეის სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ საჭიროა:
- რეჰიდრატაციის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის მარილიანი ან ტკბილი სასმლით, დიარეით გამოწვეული სითხის დაკარგვის აღდგენის მიზნით (მოზრდილებში დღე-ღამეში წყლის მოთხოვნილება შეადგენს, საშუალოდ, 2 ლიტრს);
- საკვების მიღების უზრუნველყოფა დიარეის დროს:
- ზოგიერთი საკვების გამოკლებით, მაგალითად, უმი ბოსტნეული და ხილი, მწვანე ბოსტნეული, ცხარე საკვები, ასევე გაყინული საკვები ან სასმელი.
ეს პრეპარატი შეიცავს გლუკოზასა და საქაროზას. რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ფრუქტოზის მიმართ აუტანლობის, გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის ან საქაროზა/იზომალტაცის დეფიციტის მქონე პაციენტებში.
სმექტას დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შეკრულობა ან ბეზოარი. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან
მოცემული პროდუქტის აბსორბირების თვისებები შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა ნივთიერებების შეწოვის დროსა და/ან ხარისხზე, ამიტომ რეკომენდებული არ არის სხვა პრეპარატების მიღება სმექტასთან ერთად (2 საათზე მეტი, თუ შესაძლებელია).
მოქმედებს თუ არა პრეპარატი ფერტილურობაზე, ორსულობასა და ლაქტაციაზე?
ორსულობის პერიოდში რაიმე გავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, რადგან სმექტას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა. ორსულობის პერიოდში სმექტას გამოყენება ნებადართულია.
ახალშობილების/ჩვილების ძუძუთი კვების პროცესზე პრეპარატის რაიმე გავლენა მოსალოდნელი არ არის, რადგან დიოსმექტიტის სისტემური ზემოქმედება მეძუძურ ქალზე უმნიშვნელოა. ძუძუთი კვების პერიოდში სმექტას გამოყენება შესაძლებელია.
პრეპარატის მიღებისა და ფერტილურობის ერთმანეთთან კავშირზე კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა, რადგან დიოსმექტიტის სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა, ფერტილურობაზე რაიმე სახის ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account