
გლუკოფაჟი (Glucophage) არის პერორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და ფიზიკური ვარჯიში საკმარისი არ არის გლიკემიის (სისხლში შაქრის, გლუკოზის არსებობა) კონტროლისთვის.
არსებობს მედიკამენტის გახანგრძლივებული მოქმედების ფორმაც — გლუკოფაჟი XR, რომელიც ორგანიზმში პრეპარატის თანდათანობით გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს. გლუკოფაჟი XR ტაბლეტების სახით იყიდება და აქტიური ნივთიერების — მეთფორმინის ჰიდროქლორიდის დოზის მიხედვით ხელმისაწვდომია მედიკამენტის 500 მგ-იანი, 850 მგ-იანი და 1000მგ-იანი ვერსიები.
როგორია გლუკოფაჟ XR-ის გამოყენების წესი და დოზირება?
მოდით, პირველ რიგში, ყურადღება გავამახვილოთ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ზრდასრულ პაციენტებზე, რომლებსაც გლუკოფაჟის საშუალებით შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება სურთ. ასეთ შემთხვევაში გლუკოფაჟი XR მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც პაციენტის მიერ ცხოვრების წესში დანერგილი 3-6-თვიანი ცვლილება გლიკემიის ადეკვატური კონტროლის საშუალებას არ იძლევა. რეკომენდებული დოზირება ასეთია:
- ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 500მგ-ის ოდენობის დოზით. მედიკამენტი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ, ვახშმის დროს.
- თერაპიის კურსის დაწყებიდან 10-15 დღის შემდეგ მიზანშეწონილია გლიკემიის დონის შეფასება. საგულისხმოა, რომ დოზის ეტაპობრივად გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ პრეპარატის ამტანობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა კი 2000მგ-ს შეადგენს (ვახშმის დროს).
- მნიშვნელოვანია ყოველ 3-6 თვეში როგორც გლიკემიის დონის, ისე რისკ-ფაქტორების კონტროლი, რათა დადგინდეს, რამდენად აუცილებელია თერაპიის გაგრძელება.
- მკურნალობის კურსის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება იმ შემთხვევაში იქნას მიღებული, თუ პაციენტმა კვებისა და ცხოვრების წესის მოდიფიცირება წარმატებით შეძლო.
მონოთერაპიის და სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად კომბინირებული თერაპიის დროს, რეკომენდებული დოზირება შემდეგია:
- როგორ წესი, საწყისი დოზა დღეში 500მგ-ს შეადგენს.
- მკურნალობის დაწყებიდან 10-15 დღის შემდეგ დოზის კორექტირება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
- სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციის შესაბამისად შეიძლება მედიკამენტის დოზა ყოველ 10-15 დღეში 500 მგ-ით გაიზარდოს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე, რომელიც 2000მგ-ს შეადგენს.
- თუ გლუკოზის დონის კონტროლი გლუკოფაჟ XR-ის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის ერთჯერადი მიღებით ვერ მიიღწევა, შესაძლებელია დოზის გაყოფა შემდეგი სახით: 2 ცალი 500მგ-იანი ტაბლეტი საუზმის დროს, ხოლო 2 — ვახშმობისას. თუ გლიკემიის საკმარისი კონტროლი ამ სქემითაც ვერ ხერხდება, პაციენტი გადაჰყავთ სტანდარტულ მეთფორმინზე, რომლის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 3000მგ-ს შეადგენს.
- პაციენტებისთვის, რომლებიც მეთფორმინს ტაბლეტების სახით იღებენ, გლუკოფაჟ XR-ის საწყისი დოზა დაუყოვნებელი გამოთავისუფლების მეთფორმინის აბების ეკვივალენტური უნდა იყოს.
- საგულისხმოა, რომ პაციენტებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში მეთფორმინის 2000მგ-ზე მაღალ დოზას იღებენ, გლუკოფაჟ XR-ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებზე გადასვლა რეკომენდებული არ არის.
- თუ დიაბეტის სამკურნალოდ სხვა პრეპარატებიდან გლუკოფაჟ XR-ზე გადასვლა იგეგმება, საჭიროა ამ მედიკამენტების მოხმარების შეწყვეტა და გლუკოფაჟის მიღება ზემოთ განსაზღვრული დოზებით.
აღსანიშნავია, რომ სისხლში გლუკოზის დონის უფრო ეფექტიანად გაკონტროლებისთვის გლუკოფაჟ XR-ისა და ინსულინის ერთდროულად დანიშვნაც შესაძლებელია. როგორც წესი, გლუკოფაჟის საწყისი დოზა ამ შემთხვევაშიც დღეში 500მგ-ს შეადგენს, ხოლო ინსულინის შემთხვევაში სწორი დოზა სისხლში გლუკოზის დონის ცვლილების მიხედვით შეირჩევა.
რა უკუჩვენებები აქვს ამ მედიკამენტს?
გლუკოფაჟ XR-ის ანოტაცია გვეუბნება, რომ ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობა:
- ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის ინგრედიენტების მიმართ;
- დიაბეტური პრეკომა (მდგომარეობა, რომელიც წინ უძღვის დიაბეტურ კომას და ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მატებით (ჰიპერგლიკემია) ან შემცირებით (ჰიპოგლიკემია);
- ნებისმიერი სახის მეტაბოლური აციდოზი (მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევით ხასიათდება);
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- მწვავე მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიზეზებად იქცეს;
- მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილოვანი ჰიპოქსია (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის ქსოვილები ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, რაც მათი ფუნქციის დარღვევას იწვევს);
- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
- ღვიძლის უკმარისობა;
ორსულებში გლუკოფაჟ XR-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მცირე მოცულობის მონაცემები არსებობს და ისინი ნაყოფში თანდაყოლილი დარღვევების განვითარების რისკზე არ მოწმობს. თუმცა ამ მედიკამენტის მოხმარება ორსულობის ან მისი დაგეგმვის დროს მაინც არ არის რეკომენდებული. ამ პერიოდში შაქრიანი დიაბეტის მართვა, როგორც წესი, ინსულინის საშუალებით ხორციელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, რათა განისაზღვროს მკურნალობის შესაბამისი სქემა.
გლუკოფაჟ XR-ის მიღება ლაქტაციის პერიოდშიც არ არის რეკომენდებული, რადგან მედიკამენტის აქტიური ნივთიერება — მეთფორმინი დედის რძეში გადადის. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური მონაცემები ახალშობილებზე რაიმე უარყოფით გავლენაზე არ მიუთითებს, ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი. თუ მკურნალობა მეთფორმინით აუცილებელია, განხილული უნდა იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან, რათა მკურნალობის სარგებელი და რისკები სწორად შეფასდეს.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ, გლუკოფაჟი XR ბავშვებშიც არ გამოიყენება, რადგან მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, გლუკოფაჟი XR-ის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს გლუკოფაჟ XR-ს?
მიუხედავად ეფექტიანობისა, გლუკოფაჟ XR-ის მიღებას შეიძლება თან ახლდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ქონა პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია. ქვემოთ განვიხილავთ ამ მედიკამენტთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით.
ძალიან ხშირი:
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- დიარეა;
- მადის დაქვეითება.
ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები ყველაზე ხშირად მკურნალობის საწყის ეტაპზე ვითარდება და, როგორც წესი, თავისთავად ქრება. აღსანიშნავია, რომ დოზის თანდათანობითი გაზრდა ხელს უწყობს ამ სიმპტომების შემცირებას, ვინაიდან ორგანიზმი მედიკამენტს ეტაპობრივად ეგუება.
ხშირი:
- ორგანიზმში ვიტამინ B12-ის შემცირება/დეფიციტი;
- გემოვნების დაქვეითება.
ძალიან იშვიათი:
- კანთან დაკავშირებული რეაქციები, როგორებიც არის: ქავილი, ერითემა (კანის სიწითლე, რომელიც სისხლძარღვთა გაფართოებით არის გამოწვეული), ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება ქავილით და ამობურცული, მოწითალო ფერის გამონაყარით);
- ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები ან ჰეპატიტი — ეს გვერდითი მოვლენები პრეპარატის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ ქრება;
- ლაქტოაციდოზი (იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულება, რომელიც ხასიათდება სისხლში რძემჟავას (ლაქტატის) დაგროვებით და pH-ის (მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს წყალხსნარების მჟავიანობას ან ტუტიანობას) დაქვეითებით, რაც იწვევს მეტაბოლურ აციდოზს. ეს მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით განვითარდეს).
გლუკოფაჟ XR-ის გამოყენებამ შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისი მითითებების მიხედვით მოქმედება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account