როდის ინიშნება კარდიტონი და რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე

მშობლებს შვილების ჯანმრთელობასთან მიმართებით ხშირად ბავშვების ზრდაში შეფერხება, ან ნაკლები წონა ადარდებთ. ზოგი სეზონურად, თუ უფრო ხანგრძლივად კვების რეჟიმით, სპორტული რუტინით, ვიტამინებითა თუ სხვა სასარგებლო დანამატებით ცდილობს მოზარდის ორგანიზმის მოძლიერებას და გაჯანსაღებას. 

 

მედიკამენტების დანიშვნა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მხოლოდ ექიმების პრეროგატივაა. არ შეიძლება ნაცნობის რეკომენდაციით, ან თვითნებურად წამლის მიღება.

კარდიტონი არის ასეთი მედიკამენტი, რომელიც ექიმმა შეიძლება თქვენი შვილისთვის დაგინიშნოთ, თუკი სხეულის მასის დეფიციტი და მისი ზრდაში შეფერხება აღინიშნება. კარდიტონის ანოტაციაში ბავშვისა და მოზარდის ასაკი მკაცრად არის დადგენილი და ის 16 წლამდე პერიოდზე მიანიშნებს.

 

რისი წამალია კარდიტონი და როდის ინიშნება ის

 

ბავშვებში სხეულის მასის დეფიციტისა და ზრდაში შეფერხების გარდა, კარდიტონი სხვა ჩვენებების დროსაც ინიშნება, მაგალითად პაციენტებისთვის, რომელთაც მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადებები, ან კარდიომიოპათია აწუხებთ. 

 

ასევე კარდიტონი ინიშნება სპორტსმენებისთვის, თუკი მათ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა აქვთ, პაციენტებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა. 

 

თუკი ანორექსია გაწუხებთ, ეს ჩვენებაც შედის იმ ჩამონათვალში, როდესაც ალბათობაა ექიმმა კარდიტონი დაგინიშნოთ. ასევე ჩამონათვალშია სისტემური დაავადებები, მაგალითად ართრიტი, მამაკაცთა უშვილობა, ფსორიაზი, თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე და სხვა. 

 

რისგან შედგება პრეპარატი?

 

კარდიტონის მრავალპროფილურ გამოყენებას განაპირობებს მისი შედგენილობა. იგი აქტიური კომპონენტის სახით შეიცავს ლევოკარნიტინს, რომელიც ბ ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ნივთიერებაა. 

 

ლევოკარნიტინი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესში მონაწილეობს. ფარმაკოლოგიური ჯგუფითაც კარდიტონი მეტაბოლიზმისა და ქსოვილების ენერგო მომარაგების გასაუმჯობესებელ საშუალებებს მიეკუთვნება. კარდიტონი სააფთიაქო ქსელებში ორალურად მისაღები ხსნარის სახით არის ხელმისაწვდომი, 10 მლ-იანი ფლაკონის სახით. 

 

როგორია კარდიტონის უკუჩვენება და რა სიფრთხილის ზომები უნდა დავიცვათ მისი მიღებისას

 

კარდიტონი არ უნდა მიიღოთ, თუკი პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტისადმი გაქვთ ალერგიული რეაქცია, ან მომატებული მგრძნობელობა. 

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუკი გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, კარდიტონი სიფრთხილით უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატი გლუკოზის შეწოვას აუმჯობესებს, არის შანსი, რომ ჰიპოგლიკემია განვითარდეს. ამიტომ სრულად გააცანით თქვენი ჯანმრთელობის ისტორია მკურნალ ექიმს. 

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუკი მაინც დაიწყებთ ლევოკარნიტინის მიღებას, მუდმივად უნდა გაიკონტროლოთ სისხლში გლუკოზის დონე. 

 

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, შესაძლოა გამოიხატოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, მაგალითად ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა. ყურადღებით იყავით ალერგიულ რეაქციებთან. ნებისმიერი საეჭვო და დისკომფორტის შემქმნელი გამოვლინებისთანავე, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, ან მკურნალ ექიმს. 

 

რადგანაც დოზირება და მიღების წესი განისაზღვრება პაციენტის ასაკის, წონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროების მიხედვით, ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და მოგცეთ შესაბამისი დანიშნულება.

 

კარდიტონი უნდა მიიღოთ კვებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. ანოტაციის მიხედვით, შეგიძლიათ ფლაკონის შიგთავსის დოზის გახსნა წყალში, ან ხილის წვენში. პრეპარატი აუცილებლად შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.