
ადამიანები, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში, ხშირად ვამბობთ, რომ გავცივდით — ცხვირში გავიჭედეთ, ყელი გვტკივა, გვახველებს, ყურის საშინელი ტკივილი გვაქვს და ტემპერატურა 38°C-ს გადასცდა — ასეთ შემთხვევებში უმეტესად თვითმკურნალობას მივმართავთ.
მაგრამ თუ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა და ავადმყოფობა გაგვიმწვავდა, ამის შემდეგ მივმართავთ ექიმს, რომელიც ყველა სიმპტომს სამედიცინო სახელს არქმევს — მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ცხვირის გარსის ანთება), მწვავე შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება), ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების ანთება) და შესაბამისი მკურნალობაც იწყება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა არასასიამოვნო შეგრძნებას ვირუსული ინფექცია იწვევს და დაავადების გართულების შემდეგ, ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების დასამარცხებლად საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართულობა.
ასეთ შემთხვევაში მედიკოსებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია მედიკამენტი ამოქსიკლავი, რომლის შედგენილობაა: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. იგი გამოიყენება, როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე მოზარდებში.
რა შემთხვევაში ინიშნება ამოქსიკლავით მკურნალობა
ამოქსიკლავი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიოლოგიური პრეპარატია. მას ექიმები ნიშნავენ სხვადასხვა, ერთი შეხედვით, განსხვავებული ინფექციური დაავადებების დროს. ესენია:
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი — ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, რომლის სიმპტომია: მწვანე ან ყვითელი ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, გაჭედილი ცხვირი, ტკივილის და დაჭიმულობის შეგრძნება სახის არეში, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38°C და მეტი, კბილის ტკივილი, ყნოსვის გაუარესება ან სრული გაქრობა;
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება — ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც ახასიათებს ზოგადი სისუსტე, ყელის ტკივილი, მშრალი ან სველი ხველა. ბრონქიტს შეიძლება თან ახლდეს სიცხის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში და სხვა.
მწვავე შუა ოტიტი — ანუ შუა ყურის ანთება. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ამ დროს პაციენტი განიცდის ყურის და თავის ტკივილს, ყურების შუილს, თავბრუსხვევას, სმენის დაქვეითებას. მას თან ახლავს ტემპერატურის მატება, გულისრევა, ღებინება, გაღიზიანებადობა ან ძილიანობა.
არაჰოსპიტალური პნევმონია — ფილტვების ანთება, გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას ან ხველების დროს, ჰაერის უკმარისობა, დაღლილობა, მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა და შემცივნება (65 წელზე უფროსი ასაკის და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში შეიძლება, დაფიქსირდეს სხეულის ნორმალურზე დაბალი ტემპერატურა);
ცისტიტი — შარდის ბუშტის ანთება, რომელსაც ახასიათებს ხშირი შარდვა, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს, მუქი, მღვრიე ან/და სისხლიანი შარდი, მუცლის ქვედა ნაწილის ან მენჯის ტკივილი, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, მსუბუქი ცხელება
პიელონეფრიტი — ერთი ან ორივე თირკმლის ბაქტერიული ინფექცია, რომლის სიმპტომებია ტკივილი წელის არეში, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და ღებინება. შეიძლება თან ახლდეს ხშირი და მტკივნეული შარდვაც. ინფექციის ან თირკმლის დაძრულმა კენჭმა შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის გაღიზიანება, თირკმლის ჭვალი, რაც გაუსაძლის ტკივილს იწვევს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ანთებებისა, ამოქსიკლავი შეიძლება დაინიშნოს კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროსაც, კერძოდ, კანქვეშა უჯრედისის ანთება (ფლეგმონა), ჭრილობები ცხოველთა ნაკბენებიდან, კბილის მძიმე აბსცესი გავრცელებული ფლეგმონით, ასევე ძვლებისა და სახსრების ინფექციების შემთხვევებში.
ამოქსიკლავის ფორმები და სახეობები
როგორც უკვე წაიკითხეთ ამოქსიკლავი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, შესაბამისად მისი დოზები, ფორმები და სახეობებიც მრავალფეროვანია და მას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს. მაგალითად ამოქსიკლავი 625 მგ და ამოქსიკლავი 1000 მგ, საქართველოს სააფთიაქო ქსელში არსებობს როგორც ავსტრიული, ასევე სლოვენიური წარმოების, ამოქსიკლავი 500-ს და ამოქსიკლავი 457მგ-ს კი გერმანია აწარმოებს.
ავსტრიაშია წარმოებული ამოქსიკლავი 2X 1000მგ, რომელი ჩვენი ბლოგის მთავარი თემაა. ამოქსიკლავი ცნობილია ასევე ამოქსიკლავი დენკის სახელითაც, მაგალითად ამოქსიკლავი დენკი 1000, ამოქსიკლავი დენკი 500.
მომხმარებელი აფთიაქში ხშირად კითხულობს და ინტერნეტსივრცეში ეძებს ამოქსიკლავი სიროფს. გახსოვდეთ, ეს ანტიბიოტიკი გვხვდება მხოლოდ ტაბლეტების, ან ამოქსიკლავი სუსპენზიის სახით; ხოლო იმას, თუ რომელი ფორმა უფრო მისაღები და ეფექტიანია პაციენტის სამკურნალოდ, ამას ექიმი თავად განსაზღვრავს.
ამოქსიკლავი საბავშვო
ვინაიდან ბავშვები ხშირად ავადდებიან იმ ორგანოების ინფექციებით, რომელთა სამკურნალოდაც ამოქსიკლავი გამოიყენება, განსაკუთრებით შუა ყურის ანთება, ამ ანტიბიოტიკს მედიკოსები, უმეტეს შემთხვევაში, მოზარდებშიც ნიშნავენ. როგორც ასეთი, ამოქსიკლავი საბავშვო არ არსებობს, მკურნალობის მთელი საიდუმლოება დოზებშია. ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ დოზებთან დაკავშირებით და ზედმიწევნით გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაცია.
ამოქსიკლავი 40 კგ-ს მასის ზევით და 40 კგ-ს ქვევით მოზარდებში სხვადასხვა დოზით ინიშნება.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვების მაქსიმალური დოზა ერთი დღე-ღამის განმავლობაში არის 1000-2800 მგ ამოქსიცილინი და 143-400 მგ კლავულანის მჟავა. თუ უფრო მაღალი დოზაა საჭირო, ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის სხვა ფორმის შერჩევა, იმისთვის, რომ არ მოხდეს კლავულანის მჟავის დღიური დოზების გადაჭარბება.
კარგად დააკვირდით დოზებს:
25მგ/3,6მგ/კგ/დღე-ღამიდან 45მგ/6,4მგ/კგ/ — ეს დოზა უნდა გაყოთ და დღე-ღამეში ორჯერ დაალევინოთ ბავშვს.
ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისას (მაგალითად შუა ოტიტი, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები), შესაძლებელია 70მგ/10მგ/კგ/ მიღება დღე-ღამეში, რომელიც ასევე ორ დოზად უნდა გადაანაწილოთ.
6 წლის და უმცროსი ასაკის, 25 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდების სამკურნალოდ რეკომენდებულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას სუსპენზიის ფორმით გამოყენება.
რაც შეეხება 40 კგ-ზე მეტი წონის მოზარდების ამოქსიკლავით მკურნალობას, იგი ზრდასრული ადამიანის მკურნალობის დოზებს შეესაბამება.
როგორია ამოქსიკლავი 2X 1000მგ-ს დოზები ზრდასრულ ადამიანებში
ვიდრე ექიმი ამოქსიკლავს დანიშნავს და შესაბამის დოზებს განსაზღვრავს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაავადების გამომწვევი სავარაუდო პათოგენები (ვირუსი, ბაქტერია, სოკო და სხვა ორგანიზმი) და მათი შესაძლო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ. ასევე ინფექციის სიმძიმე, კონკრეტულად რომელ ორგანოზე ინიშნება მკურნალობა, ასაკი, სხეულის მასა და თირკმელების ფუნქცია.
მოზრდილებში და ბავშვებში, რომელთა წონა 40 კგ-ზე მეტია, ერთ დღე-ღამეში რეკომენდებულია 1750 მგ ამოქსიცილინის და 250 მგ კლავულანის მჟავას ორჯერ მიღება, ხოლო სამჯერადი მიღებისას დღე-ღამეში — 2625 მგ ამოქსიცილინს და 375მგ კლავულანის მჟავას მიღება.
ამოქსიკლავი 2X 1000 მგ სტანდარტულ დოზად ითვლება ერთი აბი ორჯერ დღეში, ხოლო ძლიერი დოზით მკურნალობისას უნდა დალიოთ ერთი ტაბლეტი სამჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობა გრძელდება მაქსიმუმ 14 დღე, თუ გახანგრძლივებაა საჭირო, ეს მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
გახსოვდეთ, ხანდაზმული ასაკის ან 30 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებს დოზის კორექტირება არ ესაჭიროებათ. თუმცა 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში აუცილებელია გადაიხედოს მედიკამენტის დოზები.
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლთან დაკავშირებით. ამოქსიკლავის მიღებისას გადაამოწმეთ ღვიძლის ფუნქცია.
ამოქსიკლავის მიღების წესი
წამალი უნდა დალიოთ ჭამამდე ცოტა ხნით ადრე და დააყოლოთ ბევრი წყალი – თითქმის ერთი ჭიქა. აბის გადაყლაპვის გასაადვილებლად შეგიძლიათ, ტაბლეტის შუაზე გადატეხა.
შემდეგი დოზის მიღებამდე კი უნდა გავიდეს არანაკლებ 4 საათი. თუ დაგავიწყდებათ მედიკამენტის მიღება, კომპენსაციისთვის არ გააორმაგოთ დოზა. ეს გვერდით ჩვენებებს იწვევს.
ისვე როგორ ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღებისას ამოქსიკლავი 2X 1000მგ-ის დანიშვნის შემდეგ ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითებები, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ამ მედიკამენტს გააჩნია როგორც უკუჩვენებები, ასევე გვერდითო მოვლენები.
ვის სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე ამოქსიკლავის მიღებისას?
ამოქსიკლავის უკუჩვენებაა მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების, აგრეთვე, ნებისმიერი პენიცილინების მიმართ, რაც შეიძლება გამოიხატოს ანაფილაქსიაში.
იმისათვის, რომ ამოქსიკლავით მკურნალობა დაგენიშნოთ, ექიმმა საფუძვლიანად უნდა შეკრიბოს მონაცემები თქვენი ორგანიზმის მგრძნობიარობაზე პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატების მიმართ. რადგან პენიცილინებზე მომატებულმა მგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და ზოგიერთ შემთხვევაში, ლეტალური რეაქციები. კერძოდ:
- ანაფილაქსიური და კანის მძიმე არასასურველი რეაქციები. ალერგიული რეაქციის განვითარების დაფიქსირებისთანავე უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა, ხოლო ექიმმა უნდა შეარჩიოს სხვა ანტიბიოტიკი, რომელზეც თქვენი ორგანიზმი ნაკლებად მგრძნობიარე იქნება;
- სახიფათოა ამოქსიკლავის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია, რადგან შესაძლოა მან გამოიწვიოს კრუნჩხვები.
- აღნიშნული ანტიბიოტიკით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში - შესაძლოა წითელას მაგვარი გამონაყარი გაგიჩნდეთ;
- დაუშვებელია ამოქსიკლავის ხანგრძლივად გამოყენება, რადგან შესაძლოა ამან არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გადაჭარბებული გამრავლება გამოიწვიოს და დამატებითი მკურნალობა გახდეს საჭირო.
- თერაპია უნდა შეწყდეს თუ მკურნალობის დასაწყისში ციებ-ცხელების ან პუსტულების (აკნე) სიმპტომები გამოვლინდა.
- განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში - ეს ეხებათ უმეტესად კაცებს, ან ხანდაზმულ პაციენტებს. ამიტომ თუ შენიშნავთ გართულებას, მაშინვე მიმართეთ ექიმს.
- ანტიბიოტიკოთერაპიის ნებისმიერი კურსის დროს ან მის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს კოლიტი, რაც უმეტესად დიარეის სახით ვლინდება. ასეთ შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამოქსიკლავის მიღება და მაშინვე მიმართეთ ექიმს, რომ დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.
- გაითვალისწინეთ, ამოქსიკლავი 2X 1000მგ-ით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, სასურველია თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების პერიოდული შემოწმება, ასევე სავალდებულოა შედედების მაჩვენებლების სათანადო კონტროლი (შესაძლოა პროთრომბინური დროის გახანგრძლივება).
- როგორ უკვე აღვნიშნეთ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ამოქსიკლავით მკურნალობისას სავალდებულოა დოზის კორექტირება და კონტროლი. პაციენტებს შემცირებული შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის პროცესში იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება აღენიშნოთ კრისტალურია (მარილების კრისტალიზაცია შარდში). ამიტომ ამოქსიცილინის მიღების დროს აუცილებელია დიდი ოდენობით სითხის მიღება და გამოყოფილი შარდის რაოდენობის კონტროლი;
- მკურნალობის პროცესში ან დასრულების შემდეგ, შესაძლოა შარდის ან სისხლის ანალიზში დაფიქსირდეს ცვლილებები, ამიტომ იყავით ყურადღებით, არ დაგეზაროთ ლაბორატორიაში მისვლა და კვლევის შედეგების ექიმისთვის ჩვენება.
როგორია ამოქსიკლავის გვერდით მოვლენები
კვლევებით და გამოკითხვით დადგენილია, რომ ამოქსიკლავით თერაპიის, როგორც სხვა ანტიბიოტიკოთერაპიას ახასიათებს სხვადასხვა გვერდითი მოვლენა. კარგად წაიკითხეთ დასახელებული სიმპტომები და მათ აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
- ყველაზე ხშირად დიარეა, გულისრევა და ღებინება;
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
- გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
- მიკროორგანიზმების გადაჭარბებული გამრავლება;
- სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები;
- იშვიათად ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია;
- ძალიან ნაკლებად იწვევს ლეიკოციტების შემცირებას, ჰემოლიზური ანემიას, სისხლდენების დროის და პროთრომბინური დროის გახანგრძლივება;
- ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, ალერგიული ვასკულიტი და სხვა;
- ჰიპერაქტიურობა, კრუნჩხვები, ასეპტიკური მენინგიტი;
- დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ;
- ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე;
- ნეფრიტი და სხვ.
გახსოვდეთ, ამოქსიკლავის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები კიდევ უფრო მძაფრდება ჭარბი დოზირების დროს. ამიტომ, სწრაფი განკურნების სურვილით არ მიიღოთ ზედმეტი დოზა და მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. და თუ მაინც იგრძნობთ უჩვეულო ან არასასიამოვნო შეგრძნებებს სხვადასხვა ორგანოში, რაც ანტიბიოტიკით თერაპიამდე არ გიგრძნიათ, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალ მედიკოსს, რომ მოხდეს, დოზის კორექტირება, ან პრეპარატის შეცვლა.
შეიძლება თუ არა ამოქსიკლავი ორსულებისთვის და ძუძუთი კვების დროს
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ექიმები ძირითადად ერიდებიან ანტიბიოტიკის დანიშვნას. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ამოქსიკლავით მკურნალობა. თუ რისკების სრული შეფასებით, ექიმმა მაინც დაგინიშნავთ ამოქსიკლავი, ზუსტად დაიცავით დოზები და ზედმიწევნით შეასრულეთ რეკომენდაცია.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, ანტიბიოტიკის მიღება დასაშვებია, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამოქსიკლავის მოქმედი ნივთიერებები გადადის დედის რძეში და არ არის გამორიცხულია, რომ ბავშვში დიარეა ან ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები განვითარდეს.
ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდშიც ანტიბიოტიკის მიღება მხოლოდ ექიმის მხრიდან რისკების ზუსტი შეფასების შემდეგ არის რეკომენდებული.
ამოქსიკლავი და სატრანსპორტო საშუალებები
მართალია, ამოქსიკლავით თერაპიის დროს პრეპარატის უარყოფითი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ის უკუ და გვერდითი ჩვენებები, რომელიც მედიკამენტის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, ნამდვილად შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს უსაფრთხო მგზავრობაზე. ამიტომ მკურნალობის პროცესში, ვიდრე საჭეს მიუსხდებით, კარგად დააკვირდით ფიზიკურ შესაძლებლობასა და განწყობას.
ამოქსიკლავის შენახვის წესი
კარგად დააკვირდით ამოქსიკლავის კოლოფს, მისი ვარგისიანობა 2 წელია, ვადაგასული მედიკამენტის მიღება კი სახიფათოა.
დაიცავით შენახვის წესებიც. იგი უნდა შეინახოთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ამოქსიკლავი 2X 1000მგ ეფექტიანი ანტიბიოტიკია, თუმცა რამდენადაც ეფექტიანია მისი თერაპია, იმდენად საფრთხილოა მასთან ურთიერთობა. ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ზუსტად დაიცავით ექიმის რეკომენდაცია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account