
მონურალი — წამალი, რომელიც ძირითადად საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, საკმაოდ დიდი მოთხოვნადობით სარგებლობს სამედიცინო სივრცეში.
მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, ფოსმომიცინი ანტიბიოტიკის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს — ის ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს და მათ გამრავლებას უშლის ხელს.
რა ჩვენებების დროს ინიშნება მონურალი?
ჩვეულებრივ, მონურალს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების დროს ნიშნავენ, როგორებიცაა:
- მწვავე ბაქტერიული ცისტიტი;
- გამწვავებული ქრონიკული ცისტიტი — ამ დროს მონურალი გამოიყენება სიმპტომების მოსახსნელად და ინფექციის დასაძლევად;
- ბაქტერიული ურეთრიტი — ანუ შარდსადენის ანთება, რომელიც ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული;
- უსიმპტომო ბაქტერიურია — როდესაც შარდში ბაქტერიებია, მაგრამ გართულება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებით ხშირია ფეხმძიმე ქალებში;
- შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.
რა სახით იწარმოება მონურალი?
მონურალი თეთრი ან მოთეთრო ფხვნილის სახით გვხვდება, რომელიც წყალში იხსნება და ერთგვაროვანი ხსნარი მიიღება. თავის მხრივ, ფხვნილი შეფუთულია ერთჯერად პაკეტებში — ჩვეულებრივ, თითოეული მათგანი 2 ან 3 გრამ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს შეიცავს. დოზების ამგვარი გადანაწილება საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან 3 გრამი ძირითადად მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 2 გრამს ბავშვების შემთხვევაში იყენებენ. თუმცა დოზირებაზე ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
მონურალის მიღების წესი კი ასეთია: პაკეტის შიგთავსი იხსნება ნახევარ ჭიქა (დაახლოებით 50-75 მლ) წყალში და მიიღება როგორც ხსნარი.
რას გვეუბნება მონურალის ანოტაცია?
როგორც ანოტაციიდან ვიგებთ, გარდა აქტიური ნივთიერება ფოსფომიცინისა, მედიკამენტის დამხმარე ნივთიერებებს შორისაა არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საქარინი და საქაროზა. თითოეული მათგანი კი მონურალის ეფექტუიანობას უზრუნველყოფს. ასევე, გათვლილია პაციენტებისთვის მოსახერხებელ გამოყენებაზე — მაგალითად, ზემოხსენებული არომატიზატორები მონურალის გემოს აუმჯობესებს; შესაბამისად, მისი დალევა გაცილებით სასიამოვნოა, რაც ბავშვებისა თუ გემოს მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში პრეპარატის მიღებას აადვილებს. ხოლო საქაროზა და საქარინი ფხვნილს ატკბობს — ამცირებს ფოსფომიცინისთვის დამახასიათებელ არასასიამოვნო გემოს.
გარდა ამისა, მონურალში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერება ხელს უწყობს ფოსფომიცინის სწრაფ შეწოვას ორგანიზმში. შედეგად, მიღებიდან მალევე იწყება პრეპარატის მოქმედება.
ამასთანავე, მონურალის ანოტაციაში წერია, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
როგორ მივიღოთ მონურალი სწორი დოზებით?
ბუნებრივია, როგორც სხვა უამრავი მედიკამენტის შემთხვევაში, მონურალის დოზირებაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ასაკსა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. თუმცა დოზირების ზოგად წესებს აქვე გაგიზიარებთ:
როგორც წესი, ზემოხსენებული პრობლემების დროს მოზრდილებში ერთი 3-გრამიანი პაკეტი ინიშნება ერთჯერადად. მისი მიღება რეკომენდებულია ძილის წინ — უმჯობესი იქნება, ბოლო კვებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ. ასევე სასურველია, პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა შარდის ბუშტი დაცალოს, რათა მონურალის ეფექტიანობა მაქსიმალური იყოს.
ჩვეულებრივ, როგორც მონურალის ინსტრუქცია გვეუბნება, 3-გრამიანი ერთჯერადი დოზა საკმარისია ინფექციის სამკურნალოდ. ხოლო თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან ინფექცია გრძელდება, შეიძლება საჭირო გახდეს მეორე დოზის მიღება 24-48 საათის შემდეგ, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ხოლო როცა საქმე ქირურგიულ ან დიაგნოსტიკურ პროცედურას ეხება, მონურალის 3-გრამიანი დოზა პროცედურამდე 3 საათით ადრე უნდა მიიღოს პაციენტმა. და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი 3 გრამი მიიღება 24 საათის შემდეგ.
რაც შეეხება ბავშვებს, ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებში შეიძლება დაინიშნოს მონურალის 2-გრამიანი ფხვნილი, თუმცა ზუსტი დოზირება და მიღების წესი ექიმის მიერ განისაზღვრება.
ამასთან, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მონურალის 1 პაკეტი 2-გრამიანი და 3-გრამიანი დოზები შესაბამისად შეიცავს 2,100გრ. ან 2,213გრ. საქაროზას.
როგორია მონურალის უკუჩვენებები?
აქ გაგიზიარებთ გარკვეულ უკუჩვენებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე:
- ალერგია — პაციენტებმა, რომლებიც ალერგიულები არიან ფოსფომიცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, არ უნდა მიიღონ მონურალი. შესაძლოა, ამან სერიოზული ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს;
- თირკმლის უკმარისობა — პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, მონურალის გამოყენება უკუნაჩვენებია. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, პრეპარატის დოზის კორექტირება ან ალტერნატიული მკურნალობის არჩევა გახდეს აუცილებელი;
- 5 წლამდე ასაკის ბავშვები — მონურალის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ დრომდე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს უფრო მცირე ასაკში პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას;
- ლაქტოზის აუტანლობა — პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლაქტოზის აუტანლობა ან გალაქტოზემია, უნდა ერიდონ მონურალის მიღებას. ამან შეიძლება კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს;
- ორსულობა და ლაქტაცია — ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მონურალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მკაცრი მითითებითა და სიფრთხილით… ვინაიდან მონაცემები ორსულებსა და მეძუძურ დედებში მისი გამოყენების უსაფრთხოებაზე შეზღუდულია.
რა გვერდითი ეფექტები აქვს მონურალს?
ცხადია, სხვა პრეპარატების მსგავსად, მონურალსაც აქვს პოტენციური გვერდითი ეფექტები. თითოეული მათგანი განსხვავებული სიხშირითა და სიმძიმით ვლინდება პაციენტებში. აქ კი იმ ძირითად გვერდით ეფექტებს გაგიზიარებთ, რომლებმაც შეიძლება მონურალის მიღებისას იჩინოს თავი.
- საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები:
- გულისრევა;
- დიარეა;
- კუჭის ტკივილი;
- მეტეორიზმი (შებერილობა).
- ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი;
- ქავილი;
- ურტიკარია (გამონაყარი მუწუკების სახით);
- ანაფილაქსია — იშვიათი, მაგრამ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა გამოიწვიოს.
- კანზე გამოხატული რეაქციები:
- სიწითლე;
- დერმატიტი.
- ცენტრალური ნერვული სისტემის გვერდითი მოვლენები:
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა.
- ლაბორატორიული შედეგების ცვლილებები:
- შესაძლოა, პრეპარატმა თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები გამოიწვიოს — ეს იშვიათი შემთხვევაა და მხოლოდ დროებით აღინიშნება.
- იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები:
- ანტიბიოტიკებისადმი დაკავშირებული დიარეა ან ფსევდომემბრანული კოლიტი — სერიოზული დიარეა, რომელიც გამოწვეულია ნაწლავის მიკროფლორის დარღვევით.
- ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
- ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის ანთება).
- სხვა გვერდითი მოვლენები:
- შარდის სიყვითლე ან გამუქება (იშვიათი და უმნიშვნელო მოვლენა);
- ვაგინალური ინფექციები ან ვაგინალური სეკრეციების ცვლილებები (იშვიათად).
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა ექიმს აცნობონ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ. ასე გაცილებით ადვილი იქნება სიმპტომების მართვა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კორექტირება. ზოგადად, ექიმმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პრეპარატის მიღება უსაფრთხო კონკრეტული პაციენტისთვის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account