
ქუნთრუშა გადამდები, ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიით. მისით შეიძლება, ყველა ასაკის ადამიანი დაავადდეს. ქუნთრუშა დიდებშიც გვხვდება, თუმცა, ნაკლებად.
ძირითადად, ქუნთრუშა ბავშვებში გავრცელებული ინფექციაა, რომელიც ოდესღაც პატარების ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი იყო, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების გამოჩენამდე. დღეს დაავადება ნაკლებად გავრცელებულია და გამოვლენის შემთხვევაშიც სიკვდილიანობა შემცირებულია, რადგან ქუნთრუშას მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტების საშუალებით ეფექტიანადაა შესაძლებელი.
შეიძლება ეს დაავადება “ბატონების” სახელითაც გსმენიათ — ეს ხალხური სახელი სხვადასხვა გადამდებ დაავადებას აერთიანებს, რომელთა მიმდინარეობაცა და მკურნალობაც ძველ დროში ძალიან რთული და ხშირად, შეუძლებელიც იყო. მასთან დაკავშირებით მრავალი ცრურწმენაა გავრცელებული. მაგალითად, ქუნთრუშასა და ბანაობის შესახებ ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ “ბატონების” ქონისას არათუ დაავადებულის, არამედ ოჯახის წევრების დაბანაც არ შეიძლებოდა. ცხადია, ეს მითია და სინამდვილეში შესაბამისად მომზადებული აბაზანა გამონაყარის დასაამებლადაც შეიძლება გამოიყენოთ.
თუკი თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს დაავადება გამოგივლინდებათ, მისდიეთ ექიმის გაცემულ რეკომენდაციებს და არ სცადოთ თვითმკურნალობა, ან ხალხური მეთოდების გამოყენება, რადგან ეს გადაწყვეტილება სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.
როგორ ამოვიცნოთ ქუნთრუშას სიმპტომები?
დაავადება ვლინდება რამდენიმე მისთვის დამახასიათებელი სიმპტომით. მაგალითად, პირველ ეტაპზე დაავადების ნიშნები ძალიან ჰგავს გაციებასა და გრიპს - გაწუხებთ ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი და გლანდების შესივება.
ქუნთრუშას სიმპტომები, რომელსაც სხვა დაავადებებისგან გამოარჩევთ, ავადობის დაწყებიდან 12-48 საათში ვლინდება. ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დამახასიათებელი წითელი გამონაყარი. ამის გამო ინგლისურენოვან წყაროებში ალისფერ ცხელებადაც მოიხსენიებენ (The Scarlet Fever).
ქუნთრუშას გამონაყარი ჰგავს პატარა, კანზე წამოზრდილ მუწუკებს. მისი გავრცელება იწყება მკერდისა და მუცლის არეალიდან, შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე. სიმპტომებიდან ერთ-ერთი გამონაყარის მიმდებარედ კანის გაუხეშებაც. ასევე, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ქუნთრუშა გამონაყარის გარეშე არასდროს მიმდინარეობს.
გარდა ამისა, დაავადების გარეგანი გამოვლინებაა ენის ჯერ შესივება, თეთრი ზედაპირის გაჩენა და შემდეგ მისი დახეთქვა. როგორც წესი, ამ სიმპტომის გამოვლენის შემდეგ ენა მარწყვის ზედაპირს ემსგავსება - შეწითლებულია და თეთრი, წვრილი გამონაყარი აქვს.
ქუნთრუშას სიმპტომებში შედის შეწითლებული ლოყებიც. მართალია, ქუნთრუშას გამონაყარი სახეზე არ ვრცელდება, თუმცა, ლოყების შეწითლება და სიცხის შეგრძნება ხშირია.
უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იშვიათობისა, ქუნთრუშა მოზრდილებშიც გვხვდება. არ წაუყრუოთ სიმპტომებს და მათი გაჩენისთანავე ეცადეთ, შეამციროთ სხვებთან შეხება. ქუნთრუშა გადამდებია და ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე ფიზიკური შეხების გზით.
ასევე, მნიშვნელოვანია, არ დავუმალოთ სხვებს, რომ ეს ინფექცია გვაქვს. ქუნთრუშას ინკუბაციური პერიოდი, საშუალოდ, 2-დან 5 დღემდეა - ეს ნიშნავს, რომ ბაქტერია ორგანიზმში მოხვედრიდან დაახლოებით ამ დროში იწყებს მოქმედებას და ვლინდება სიმპტომებიც.
თუკი გვქონდა შეხება ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, უმჯობესია, თავი შევიკავოთ სხვებთან კონტაქტისგან 2-5 დღით და დაველოდოთ ინკუბაციის პერიოდის დასრულებას - ამ პერიოდში შეიძლება ნიშნები არ ვლინდებოდეს, თუმცა, ბაქტერიის გამავრცელებლები მაინც ვიქნებით.
ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
როგორც წესი, ექიმები ქუნთრუშას ვიზუალურად გამოვლენილ სიმპტომებს გარეგანი დათვალიერებითაც ცნობენ. თუმცა, დაავადების გამოსავლენად შესაბამისი კვლევებიც ტარდება:
- ქუნთრუშას ანალიზი PCR მეთოდით ტარდება, როცა მედიკოსი ყელის მიდამოდან იღებს მასალას და ეს მასალა გადის კვლევას;
- ან ინფექციის არსებობა დასტურდება სისხლის ანალიზითაც.
ინფექციის დადასტურების შემდეგ ექიმი ქუნთრუშას მკურნალობას სიმპტომატურად იწყებს. როგორც წესი, გამოიყენება ანტიბიოტიკი და სხვა ნიშნების საწინააღმდეგო მედიკამენტები - ეს შეიძლება იყოს დამატენიანებელი კანის გაღიზიანებისთვის, ქავილის დასაამებელი საშუალებები, სიცხის დამწევები და სხვა.
მკურნალობის გარდა ექიმი მოგცემთ მითითებს ყოველდღიური მოვლის შესახებაც - იქნება ეს აბაზანები, კვების რაციონი თუ სხვადასხვა აქტივობისგან თავის შეკავება.
როგორ ავირიდოთ ქუნთრუშა?
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ქუნთრუშას საწინააღმდეგო აცრა არ არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადების აცილება შეუძლებელია.
თუკი ადამიანს, ვისთან შეხვედრაც გვიწევს, დაუდასტურდა ქუნთრუშა - უმჯობესია, შეხვედრა გადავდოთ. დაავადება გავრცელების მრავალი გზითაა ცნობილი - იქნება ეს ჰაერწვეთოვანი, თუ ფიზიკური შეხებით გადადება. ამიტომაც დაავადებულთან ერთ ოთახში ყოფნაც კი შესაძლოა ინფექციით დაავადებას ნიშნავდეს.
გარდა ამისა, უნდა დავიცვათ ზოგადი ჰიგიენის ნორმები - კარგად გავრეცხოთ საკვები, სწორად დავამუშაოთ პროდუქტი და ხშირად დავიბანოთ ხელები. ასევე, კარგი იქნება, თუკი მუდმივად თან გვექნება და შესაბამისი სიხშირით გამოვიყენებთ ანტიბაქტერიულ ხსნარს ან სანიტაიზერს. ეს განსაკუთრებით გამოგვადგება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი ცხოვრების წესი ხშირად გარეთ ყოფნას გულისხმობს და შეხება ბევრ ადამიანთან გვაქვს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account