გაფანტული სკლეროზი — რა არის, როგორ ამოვიცნოთ და ვებრძოლოთ

გაფანტული სკლეროზი — ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება. ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა მოიცავს ტვინს, ზურგის ტვინსა და მხედველობის ნერვებს. ეს ერთობლიობა აკონტროლებს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ.

გაფანტული სკლეროზი ავტოიმუნური დაავადებაა, როცა ჩვენი იმუნური სისტემა შეცდომით ჩვენივე მიელინის უჯრედებს ანადგურებს. მიელინი ერთგვარი დამცავი უჯრედებია, რომლებიც ერთდროულად აკავშირებს ერთმანეთთან და იცავს კიდეც ნერვულ დაბოლოებებს.

სწორედ ამიტომ გაფანტული სკლეროზი არღვევს ინფორმაციის ნაკადებს თავის ტვინში და ტვინსა და სხეულს შორის. ნერვულ უჯრედებს უქვეითდებათ ინფორმაციის გადაცემის უნარი, რადგან იმუნური სისტემა მათ შორის კავშირებს ანადგურებს. გაფანტული სკლეროზის მიმდინარეობა იცვლება დღიდან დღემდე და დაავადება, თუკი შესაბამისი მართვა არ შევაშველეთ, მუდმივად პროგრესირებს.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ გაფანტულმა სკლეროზმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს სხეულზეც და სხვადასხვა ორგანოზე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სადაა ანთება და რომელი უბანია დაზიანებული. სწორედ ამიტომ ხშირად შეიძლება მოისმინოთ ან წაიკითხოთ რომელიმე კონკრეტულ ორგანოზე არსებული გაფანტული სკლეროზის შესახებ - თუმცა, ეს დაავადება ასე არ კვალიფიცირდება. მაგალითად, ზურგის ტვინის გაფანტული სკლეროზი, ან თავის ტვინის იგივე დაავადება ცალკე არ არსებობს - ეს პრობლემა მთელ ნერვულ სისტემას მოიცავს. მაგრამ, შეიძლება რომელიმე კონკრეტულ უბანზე უფრო მეტად იმოქმედოს.

რა არის გაფანტული სკლეროზის ნიშნები?

გაფანტული სკლეროზის სიმპტომები დაავადების ადრეულ ეტაპზე განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ვლინდება პრობლემა მოგვიანებით.

მაგალითად, საწყის ეტაპზე გაფანტული სკლეროზის სიმპტომები შეიძლება იყოს მხედველობის პრობლემები, კუნთებში სისუსტის შეგრძნება, შეგრძნებების დაკარგვა ან ანომალიური გაძლიერება. 

დაავადება პროგრესირებასთან ერთად სხვა სიმპტომებსაც ავლენს. ესენია:

  • დაღლილობა.
  • მოუხერხებლობა.
  • თავბრუსხვევა.
  • შარდის ბუშტის რეგულირების სირთულე.
  • წონასწორობისა და კოორდინაციის დაკარგვა.
  • კოგნიტიური ფუნქციის (აზროვნება, მეხსიერება, კონცენტრაცია, სწავლა და განსჯა) სირთულე.
  • განწყობის ხშირი ცვალებადობა.
  • კუნთების დაჭიმულობა და სპაზმი (ტრემორი).

ეს სიმპტომები განსხვავებული სიხშირითა და სიძლიერით ვლინდება პაციენტებში და ინდივიდუალურ დონეზეც ერთ დღეს, შეიძლება, დაღლილობა გაწუხებდეთ ყველაზე მეტად, მეორე დღეს კი კონცენტრაციის პრობლემები იჩენდეს თავს. 

რამდენი სახის გაფანტული სკლეროზი არსებობს? 

მეცნიერები გაფანტული სკლეროზის რამდენიმე ძირითად სახეობას გამოყოფენ. მათ შორის განსხვავება ძირითადად გამოხატულ სიმპტომატიკასა და მიმდინარეობაშია, თუმცა, არა წარმოშობის კერასა და დაავადების ხასიათში. ყოველი მათგანი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც მიელინის უჯრედებზე იმუნური სისტემის თავდასხმა და ამ უჯრედების განადგურება ხდება. 

დაავადების ოთხი ძირითადი სახეობაა:

  • კლინიკურად იზოლირებული სინდრომი (CIS): ესაა სახეობა, როცა გამოვლენილი გაქვთ თავდაპირველი სიმპტომები, რომელიც მიუთითებს გაფანტული სკლეროზის არსებობაზე, მაგრამ არ აკმაყოფილებთ სხვა კრიტერიუმებს. ამ დროს ანთება და მიელინის დაზიანება უკვე მიმდინარეობს და ეს იწვევს თქვენს სიმპტომებს. თუმცა, ხშირად CIS-ს დაავადების წინა პერიოდსაც უწოდებენ, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს გაფანტულ სკლეროზში.
  • რეციდიულ-რემიტირებადი გაფანტული სკლეროზი (RRMS): ეს არის გაფანტული სკლეროზის დაწყების ყველაზე გავრცელებული ეტაპი — გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით დაავადებულთა დაახლოებით 85%-ს სწორედ ეს ტიპი აქვს. ეს სახეობა იწვევს ახალი ან ძველი სიმპტომების გამწვავებას (რეციდივებს ან შეტევებს). სიმპტომები სტაბილიზდება ან ქრება, თუმცა, შემდეგ რემისიის პერიოდები მოჰყვება.
  • მეორადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი (SPMS): ხშირ შემთხვევაში, RRMS საბოლოოდ პროგრესირებს SPMS-მდე. გაფანტული სკლეროზის მეორად პროგრესირებად სტადიაში აკუმულირდება ნერვის დაზიანება და სიმპტომები თანდათან უარესდება. შეიძლება კვლავ განიცადოთ რეციდივები ან გამწვავებები, მაგრამ რემისიის პერიოდები (როდესაც სიმპტომები სტაბილიზდება ან გაქრება) ნაკლებად სავარაუდოა.
  • პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი (PPMS): ზოგიერთ შემთხვევაში, ამ დაავადების სიმპტომები შეიძლება დაიწყოს ნელა და ეტაპობრივად გაუარესდეს, აშკარა რეციდივების ან რემისიის პერიოდების გარეშე.

გარდა ზემოხსენებული სახეობებისა, არის გაფანტული სკლეროზის კიდევ სამი, ძალიან იშვიათი ვარიანტი. ესენია: 

  • ტუმეფაქტიური გაფანტული სკლეროზი: ამ ვარიანტის მახასიათებელია ტვინში დემიელინაციის დიდი უბნების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება სიმსივნეების მსგავსი აღმოჩნდეს. ხშირად, ტვინის ქსოვილის ნიმუშია საჭირო, რათა განვასხვაოთ ეს სხვა დაავადებებისგან, მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნისგან. 
  • ბალოს კონცენტრული სკლეროზი: ამ ვარიანტის მახასიათებელია დაზიანებები მიელინის დაზიანების კონცენტრული რგოლების გამოჩენით MRI-ზე.
  • მარბურგის გაფანტული სკლეროზი: ეს არის ამ დაავადების ძალიან იშვიათი და აგრესიული ფორმა, რომელიც ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, თუკი დროულად არ დაიწყება მკურნალობა.

ვის შეიძლება დაემართოს გაფანტული სკლეროზი? 

ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ყველას, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. გაფანტული სკლეროზი ბავშვებში და მოზარდებშიც შეიძლება გამოვლინდეს - მას პედიატრიული გაფანტული სკლეროზი ეწოდება. ამ დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომები ჩვეულებრივის იდენტურია.

მეცნიერებმა არ იციან, კონკრეტულად რა ტრიგერი მუშაობს გაფანტული სკლეროზის წარმოშობისას. სწორედ ამიტომ, რთულია, ითქვას, ვინ შეიძლება იყოს რისკ-კატეგორია. თუმცა, სტატისტიკაზე დაყრდნობით არსებობს გარკვეული ფაქტორები, რაც უფრო ხშირად აერთიანებთ პაციენტებს. 

არის ჩვევები, რომლებიც შეიძლება მეტ რისკს აჩენდეს. მაგალითად, მოწევა და მწეველისგან წამოსული სიგარეტის კვამლის სუნთქვა. ასევე, საფრთხის შემცველია პესტიციდების ნამწვი. რისკ-ჯგუფში შედიან D ვიტამინის ნაკლებობისა და წონის პრობლემების მქონენიც. ასევე, რისკ-ფაქტორად ითვლება გენეტიკაც - თუკი ოჯახის წევრს (მშობელი ან დედმამიშვილი) აქვს გაფანტული სკლეროზი. 

ასევე, გაფანტული სკლეროზის გაჩენის რისკი მეტია, თუკი:

  • ხართ 20-დან 40 წლამდე;
  • ჩრდილოეთ ევროპიდან;
  • დაიბადეთ ქალად;
  • გადაგიტანიათ ეფშტაინ-ბარის ვირუსი.

დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკისთვის, თუკი რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. პირველ რიგში, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ არ დაგვიანდეს დაავადების გამოვლენა და მისი მართვა დროულად დაიწყოთ.

გარდა ამისა, გაფანტული სკლეროზის დაფინანსება, შესაძლოა, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდანაც - ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოზი შესაბამისი სპეციალისტის მიერ იყოს დასმული. 

არ არსებობს ერთი კონკრეტული ტესტი, რომლითაც გაფანტული სკლეროზის არსებობა დადასტურდება. ექიმს დასჭირდება რამდენიმე სხვადასხვა კვლევის ჩატარება, სანამ საბოლოოდ დასვამს დიაგნოზს.

პირველი კითხვა, რომელსაც პაციენტები სვამენ, არის - გაფანტული სკლეროზი იკურნება თუ მხოლოდ მისი მართვაა შესაძლებელი? ამ ეტაპზე დაავადებისგან განკურნება შეუძლებელია. 

თუმცა, არსებობს დაავადების მართვა და მედიკამენტური, თუ ცხოვრების წესის ცვლილებით ხელშეწყობა იმისათვის, რომ გაფანტული სკლეროზი არ პროგრესირდეს. 

გაფანტული სკლეროზის წამლით, მედიკამენტური მკურნალობა ერთ-ერთი მთავარი იარაღია დაავადების წინააღმდეგ. ის, თუ რომელი პრეპარატი შეირჩევა თქვენს შემთხვევაში, სრულად ექიმის გადასაწყვეტია. 

გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, ვარჯიშები გაფანტული სკლეროზის დროს ერთ-ერთ დადებით ფაქტორად შეიძლება იქცეს. ამ შემთხვევაშიც კარგია, თუკი ექიმთან დეტალურ კონსულტაციას გაივლით და გეცოდინებათ, რა დატვირთვისა და რა ტიპის აქტივობაა უკეთესი. თუმცა, ზოგადი გაიდლაინებით ფიზიკური აქტივობა და თერაპია დაავადების მართვის ერთ-ერთ გზად ითვლება. 

მნიშვნელოვანია პაციენტის მენტალური ჯანმრთელობაც - კარგი იქნება, თუკი ამ მიმართულებითაც მას თერაპიის კურსი ექნება გავლილი და ფსიქოლოგს დაიხმარს მდგომარეობის სამართავად. რადგან გაფანტული სკლეროზი ცხოვრების ბევრ ასპექტზე ახდენს გავლენას, ფსიქოთერაპია შეიძლება ძალიან დაეხმაროს პაციენტს.

ამ დაავადების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ არასწორი შეხედულება, თითქოს რაღაც საკითხები მათთვის სრულად არის აკრძალული, ან პირიქით, აუცილებელია. მაგალითად, ხშირი სპეკულაციების საგანია გაფანტული სკლეროზი და აცრა - თუკი გაქვთ საჭიროება სხვადასხვა გარემოების გამო  და საჭიროა ინიექციის ჩატარება, ნუ მოიძიებთ ინფორმაციას მხოლოდ ინტერნეტში. ამ დაავადების დროს უმჯობესია, ნებისმიერი საკითხი მკურნალ ექიმთან ერთად განიხილოთ და სწორედ მან მოგცეთ მითითება, აიცრათ, თუ არა.

გაფანტული სკლეროზი და ორსულობა/ლაქტაცია

რადგანაც გაფანტული სკლეროზის ძირითადი რისკჯგუფი 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალები არიან, ხშირია კითხვები ორსულობის დაგეგმვისა, თუ ძუძუთი კვების შესახებ.

მეცნიერები ქალებს ურჩევენ, ორსულობა განსაკუთრებული სიფრთხილით დაგეგმონ, თუკი ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ. არსებობს პერიოდები, როცა ორსულობის დაგეგმვა უსაფრთხოდ ითვლება დედისა და ჩვილისთვისაც - ამ საკითხზე აუცილებელია მკურნალ ექიმთან და რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია. 

ბაზარზე მოიპოვება მედიკამენტები, რომლებიც უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში. ამ შემთხვევაში რისკის აწონ-დაწონა ხდება დედის მდგომარეობიდან გამომდინარე. არის იმის შანსიც, გაფანტული სკლეროზის მართვა იმდენად ეფექტიანად იყოს წარმართული ორსულობის დაგეგმვამდე, რომ ამ პერიოდში დედას საერთოდ მოუხსნან შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. 

თუმცა, საბოლოო ჯამში ყველანაირი გადაწყვეტილება ექიმთან ერთად, ყველა ასპექტის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.