რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ კარტანის მიღებამდე

კარტანი პრეპარატია, რომელიც მეტაბოლური პროცესების დასარეგულირებლად გამოიყენება. მას როგორც ჩვილებში, ასევე ზრდასრულებშიც მიმართავენ სხვადასხვა პრობლემის დროს.

 

მოდით, ამ მედიკამენტის რაობას უფრო დეტალურად გავეცნოთ, შემდეგ კი მისი მიღების წესიც მიმოვიხილოთ. 

რა არის კარტანის დანიშნულება და როგორ მუშაობს ეს პრეპარატი?

კარტანის ანოტაციას თუ მოვიშველიებთ, იგი მეტაბოლური პროცესების რეგულატორი საშუალებაა. პრეპარატი ბევრი პრობლემის სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვილებში, ასევე ზრდასრულებში. ეს მდგომარეობებია:

 

  • ახალშობილებში: ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი. გამოიყენება ასევე პარენტერალურ კვებაზე მყოფ დღენაკლულ ჩვილებსა და ჰემოდიალიზზე მყოფ ბავშვებშიც;
  • ბავშვობის ასაკსა და 16 წლამდე მოზარდებში: სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება;
  • სპორტსმენებში: ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
  • უმადობა,  ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის სხვადასხვა დაავადება, პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი; გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებშიც, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან; 
  • მიოკარდიტი, კარდიომიოპათია და გულის იშემიური მდგომარეობები (სტენოკარდია, ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა);
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა თავის ტვინში; ნევრასთენია, ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია;
  • თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე.
  • ფსორიაზი, სებორეა, კანის სკლეროდერმიის სხვადასხვა ტიპი;
  • უშვილობა კაცებში (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
  • სხვადასხვა სისტემური დაავადება (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი).

როგორ მუშაობს პრეპარატი? 

კარტანის მოქმედი ნივთიერება L-კარნიტინია. იგი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნაერთია, რომელიც სხეულს ეხმარება, ცხიმი ენერგიად გარდაქმნას. L-კარნიტინი ნივთიერებათა ცვლის პროცესში მონაწილეობს და ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში გადააქვს; აქ ისინი β-დაჟანგვას განიცდის, შედეგად კი დიდი რაოდენობით ენერგია წარმოიქმნება ატფ-ის სახით. 

 

L-კარნიტინის წყალობით პრეპარატი ცილოვან, ასევე ცხიმოვან ცვლას აწესრიგებს და მჟავა-ტუტოვან ბალანსს აღადგენს; იგი კეტოსხეულების წარმოქმნასა და ანაერობულ გლიკოლიზს აფერხებს; ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს და ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობას აუმჯობესებს (სწორედ ამიტომ გამოიყენება იგი სპორტსმენებში). გარდა ამისა, მედიკამენტი ღვიძლში გლიკოგენის მარაგის ზრდას უწყობს ხელს. 

 

ეს პრეპარატი თიროქსინის მიმართ ანტაგონისტურად მოქმედებს და შედეგად ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას აწესრიგებს; ასევე, იგი კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს. პრეპარატის ანაბოლური მოქმედების წყალობით მცირდება ჭარბი წონა და კუნთებში ცხიმების შემცველობა იკლებს.

მნიშვნელოვანია, რომ კარტანი ბავშვებში ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს — იქნება ეს დღენაკლული ჩვილები თუ ზრდის შეფერხების მქონე მოზარდები.

რისგან შედგება კარტანი და რა ფორმითაა ხელმისაწვდომი?

ყველა სარგებელს, რომელიც პრეპარატს მოაქვს, მასში შემავალ ნივთიერებებს უნდა ვუმადლოდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მოქმედი ნივთიერება, ანუ მთავარი კომპონენტი, L-კარნიტინია. 

 

კარტანი დასალევი, ანუ პერორალური, ფორმითაც არსებობს და საინიექციო ხსნარის სახითაც. პერორალური ხსნარი თითო მილიგრამზე 100 მგ. L-კარნიტინს შეიცავს. მეორე მხრივ, კარტანის ამპულაში, 1 მლ. საინიექციო ხსნარში, 200 მგ. L-კარნიტინი გვხვდება.

 

მედიკამენტი დამატებითი ნივთიერებებსაც შეიცავს:

  • პერორალური ხსნარის ერთჯერად დოზაში შედის: სორბიტოლის 70%-იანი ხსნარი, მეთილპარაბენი E218, საქარინ ნატრიუმი, ნატრიუმის ციტრატ დიჰიდრატი (ნატრიუმის უწყლო ციტრატის ანალოგიური), ფორთოხლის არომატიზატორი, მარილმჟავა ანდა ნატრიუმის ჰიდროქსიდი Q.S. (მისი დანიშნულება pH-ის დარეგულირებაა), საინიექციო წყალი;
  • საინიექციო ხსნარის 1 გ/5 მლ ამპულა შეიცავს: საინიექციო წყალსა და მარილმჟავა Q.S.-ს, კვლავაც pH-ის დასარეგულირებლად.

 

რა ღირს კარტანი? 

კარტანის ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა: გამოშვების ფორმა, რაოდენობა, შედგენილობა, სააფთიაქო ქსელები და სააქციო პერიოდები. მაგალითად, კარტანის ამპულა ფასით დასალევი ფლაკონებისგან განსხვავდება. 

 

ცნობისთვის, გარდა ბერძნულისა, კარტანი თურქული და აშშ-ის წარმოებითაც არის ხელმისაწვდომი. სასურველი ფასითა და ფორმით ამ პრეპარატის მოძიებას პსპ-ს ვებსაიტზე შეძლებთ.

როგორ გამოვიყენოთ კარტანი — მიღების წესი

ეს პრეპარატი აფთიაქიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. იგი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა გამოიყენოთ. იმისათვის, რომ მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, კარტანის მიღების წესიც უნდა იცოდეთ. 

რა უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე? 

არ შეიძლება ამ წამლის მიღება, თუ მასში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე ალერგია გაქვთ. 

 

კარტანის გამოყენებამ დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ინსულინითა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით მკურნალობენ, შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. ამ დროს გლუკოზის დონეები მუდმივად უნდა აკონტროლოთ და დიაბეტის მკურნალობა სიტუაციის შესაბამისად წარმართოთ. 

 

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც შეგიძლიათ მიიღოთ. ამ საჭიროებას ექიმი გადაწყვეტს. 

 

გაითვალისწინეთ, რომ სხვა ანაბოლური წამლები კარტანის მოქმედებას აძლიერებს. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღება ხელს უწყობს ამ პრეპარატის ქსოვილებში (ღვიძლის გარდა) დაგროვებას. შესაბამისად, კარტანთან ერთად ასეთი საშუალებების გამოყენებას უნდა მოერიდოთ. 

 

ცნობილია, რომ ეს პრეპარატი შეჩვევას არ იწვევს, რადგან ნივთიერება L-კარნიტინი ორგანიზმში ბუნებრივადაც არსებობს. იგი გვერდით მოვლენებსაც იშვიათად იწვევს. შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. 

 

კარტანს ავტომობილის მართვაზე, ასევე სხვადასხვა მოწყობილობასთან მუშაობის უნარზე, რაიმე გავლენა არ აქვს. 

როგორ და რა დოზებით უნდა მივიღოთ ეს წამალი? 

კარტანის მიღების წესი პრეპარატის გამოშვების ფორმაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია პაციენტის თავისებურებები და საჭიროებებიც. 

 

ა) პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში:

უნდა მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. იგი აუცილებლად უნდა გააზავოთ სითხეში — წყალში ან ხილის წვენში. დღიური დოზა ასაკსა და სხეულის მასაზეა დამოკიდებული:

  • 2 წლამდე ბავშვებში: თითო კილოგრამზე 150 მგ.;
  • 2-იდან 6 წლამდე ბავშვებში: თითო კილოგრამზე 100 მგ.;
  • 6-იდან 12 წლამდე ასაკში: თითო კილოგრამზე 75 მგ.;
  • 12 წელს ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 2-3 გ.;
  • ჰემოდიალიზის დროს 2-4 გ.;
  • სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის დროს: დღიური დოზა 2-6 გ.

ბ) საინიექციო ხსნარი: 

პრეპარატის ინიექცია კუნთშიც შეიძლება და ვენაშიც. იგი ნელა უნდა შეიყვანოთ, 2-3 წუთის განმავლობაში. 

  • ბავშვებში: თითო კილოგრამზე 50-100 მგ.;
  • მოზრდილებში: დღეში 1-3 გ. (მკურნალობას დღეში 1 გრამიდან იწყებენ. დოზა შეიძლება დღე-ღამეში 3 გრამამდე გაიზარდოს);
  • ჰემოდიალიზის დროს, პროცედურის შემდეგ, 2 გ. ერთჯერადად.
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს: თითო კილოგრამზე 100-200 მგ. დღეში ორჯერ; შეიძლება პირველი 48 საათის განმავლობაში პრეპარატის უწყვეტი მიღებაც, ამ შემთხვევაში კი შემდგომი დოზა ორჯერ უნდა შემცირდეს.

კარტანის ჭარბი დოზირების შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა. 

როგორ ინახება კარტანი? 

კარტანი, პერორალური ხსნარი იქნება თუ საინიექციო, მშრალ ადგილას უნდა შეინახოთ, 25ºC-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

 

პერორალური ხსნარი გამოშვებიდან 4 წლის განმავლობაშია ვარგისი, ხოლო საინიექციო — 3 წლის ვადაში. ამ დროის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ. ნებისმიერი წამალი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი მაშინა, როცა მას წესების დაცვით ვიღებთ.