რა არის ჰიდროკორტიზონი და რისთვის გამოიყენება იგი?

ჰიდროკორტიზონი (Hydrocortisone) არის 1%-იანი მალამო გარეგანი გამოყენებისათვის. ეს არის სინთეტიკური გლუკოკორტიკოსტეროიდული მალამო, რომელსაც ახასიათებს ანთების, შეშუპების, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. 

ჰიდროკორტიზონის 1%-იანი მალამო გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული არამიკრობული ეტიოლოგიის დაავადებების, ეგზემის, ალერგიული და კონტაქტური დერმატიტის, ნეიროდერმიტის ფსორიაზის, მწერების ნაკბენის დროს.

გარდა ამისა, ჰიდროკორტიზონის მალამოს იყენებენ თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის შემაერთებელი გარსის ანთებითი მდგომარეობების, თვალებისა და ქუთუთოების კიდეების ალერგიული დაავადებების, ტრავმის შემდგომი პერიოდის ან თვალის კაკალზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევის და ასეპტიკური დამწვრობის სამკურნალოდ.

როგორია ჰიდროკორტიზონის 1%-იანი მალამოს შედგენილობა და ფარმაკოლოგიური თვისებები 

ჰიდროკორტიზონი არის თეთრ-მოყვითალო შეფერილობის მალამო, რომლის შედგენილობაშიც შედის აქტიური ნივთიერება ჰიდროკორტიზონის აცეტატი (1გ) და დამხმარე ნივთიერებები - ვაზელინი, უწყლო ლანოლინი, პენტოლი, სტეარინის მჟავა, ნიპაგინი, ნიპაზოლი, 100 გ-მდე გასუფთავებული წყალი.

როგორც ვნახეთ, ჰიდროკორტიზონი მალამო შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს და გააჩნია ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ მექანიკური, ქიმიური ან იმუნოლოგიური გამღიზიანებლებით გამოწვეულ ანთებითი რეაქციების განვითარებას კანისა და თვალის ქსოვილებში.

ჰიდროკორტიზონის ანოტაცია — გამოყენების წესი და დოზირება 

ჰიდროკორტიზონის 1%-იანი მალამო თხელ ფენად უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბნებზე, დღის განმავლობაში 2-3-ჯერ.

მალამოთი მკურნალობის  ხანგრძლივობა, როგორც წესი, არის 6-14 დღე, თუმცა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი დაავადება რთულად მიმდინარეობს, მკურნალმა ექიმმა შეიძლება კურსის გააგრძელოს 20 დღემდე ვადით. შეზღუდულ კერებზე ეფექტის გასაძლიერებლად კი შეიძლება მიგითითოთ ოკლუზიური სახვევების გამოყენება. 

 

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი ამ მალამოს გამოყენებისას? 

ჰიდროკორტიზონის მალამოთი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: 

  • ჰიპერემია (სისხლის მოწოლა, დაგროვება სხეულის რომელიმე ნაწილში ან ორგანოში);
  • შეშუპება;
  • ქავილი;
  • კანის გათხელება;
  • სტრიები;
  • კანის განმეორებითი ინფექციური დაზიანებები (ხანგრძლივი გამოყენებისას);
  • ატროფიული ცვლილებები (ხანგრძლივი გამოყენებისას);
  • ჰიპერტრიქოზის განვითარება (ხანგრძლივი გამოყენებისას).

ასევე, თვალის მკურნალობის შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მალამოს ხანგრძლივად გამოყენებამ რქოვანას ეპითელის მთლიანობის დარღვევისას შეიძლება შეაფერხოს შეხორცება და განაპირობოს თვალის უფრო ღრმა ნაწილის ინფიცირება.

მალამოს ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის განვითარება. მრავალწლიანი განმეორებითი მკურნალობის შემთხვევაში კი შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება. 

როგორია ჰიდროკორტიზონის მალამოს უკუჩვენებები 

ჰიდროკორტიზონის მალამოს გამოყენება არ შეიძლება: 

  • თუ გაქვთ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მალამოს შემადგენელი ნივთიერებების მიმართ;
  • კანის ნაჭრილობევის, წყლულოვანი დაზიანებების, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დროს. 
  • თუ გაქვთ ვარდისფერი ფერისჭამელები, ჩვეულებრივი ფერისჭამელები;
  • პერიორალური დერმატიტისას;
  • დისკოიდური ფსორიაზის მონოთერაპიის დროს;
  • კანის პირველადი ვირუსული ინფექციების (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა) დროს;
  • კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციების დროს;
  • კანის პირველადი სოკოვანი დაზიანებების დროს;
  • თვალების ჩირქოვანი, ვირუსული, ტუბერკულოზური, სოკოვანი დაავადებები;
  • პირველადი გლაუკომა. რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები;
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები 

ჰიდროკორტიზონის მალამო ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმტეს +20°C ტემპერატურზე. მალამო ვარგისია წარმოებიდან 3 წლის განმავლობაში. 

გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.