რა არის პოდაგრა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

პოდაგრა (ასევე ცნობილია, როგორც ნიკრისის ქარი) არის ართრიტის ტიპი, რომელიც სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის გამო ვითარდება. პოდაგრის შეტევები შეიძლება უეცარი და მტკივნეული იყოს. ამასთან არსებობს წვის შეგრძნების, დაზიანებული სახსრის გამკვრივების და შესივების შესაძლებლობა.

 

დღეს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას პოდაგრის სიმპტომების, რისკ-ფაქტორების და მისი მკურნალობის შესახებ.

 

როგორია პოდაგრის სიმპტომები? 

 

პოდაგრის სიმპტომების სხვადასხვა სახეობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი ასიმპტომურია — ეს ნიშნავს, რომ მათ არ აღენიშნებათ სიმპტომები, თუმცა სისხლში შარდმჟავას ამაღლებული დონე აქვთ. ამ ადამიანებს მკურნალობა არ სჭირდებათ, თუმცა სხვა პაციენტებს აწუხებთ მწვავე ან ქრონიკული სიმპტომები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებს.

 

მწვავე სიმპტომები ჩნდება მოულოდნელად, შედარებით მოკლე დროით. ქრონიკული ნიშნები კი პოდაგრის განმეორებითი შეტევების შედეგია და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

 

მწვავე პოდაგრის სიმპტომები 

 

ტკივილი, სიწითლე და შეშუპება პოდაგრის შეტევის მთავარი სიმპტომებია. ასეთ დროს შეიძლება სახსრის მოხრა ან მასზე მსუბუქი შეხებაც კი მტანჯველი იყოს. შესაძლოა, ასევე გაგიჭირდეთ გადაადგილება. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ერთდროულად მხოლოდ ერთ სახსარში ვლინდება — ყველაზე ხშირად პოდაგრა ვითარდება ფეხზე, კონკრეტულად კი ცერა თითზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში სხვა სახსრებიც ზიანდება.

 

სიმპტომები ჩნდება მოულოდნელად და ყველაზე მწვავეა 12-დან 24 საათამდე პერიოდში, მაგრამ შეიძლება ისინი 10 დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

 

ქრონიკული პოდაგრის სიმპტომები  

 

პოდაგრის შეტევებთან დაკავშირებული ტკივილი და ანთება, როგორც წესი, მთლიანად ქრება შეტევებს შორის არსებულ პერიოდში. მაგრამ მწვავე პოდაგრის განმეორებითმა შეტევებმა შეიძლება უფრო განგრძობადი დაზიანება გამოიწვიოს.

 

სახსრების ტკივილთან, ანთებასთან, სიწითლესთან და შეშუპებასთან ერთად, შესაძლოა პოდაგრამ სახსრების მოძრაობის ფუნქცია გააუარესოს. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანი შეიძლება აიქერცლოს და ქავილი დაგეწყოთ.

 

შესაძლოა, პოდაგრამ გავლენა იქონიოს როგორც ფეხზე, ისე — ხელზე, დააზიანოს ამ კიდურების სახსრები:

 

  • კოჭები;
  • მუხლები;
  • ხელის თითები;
  • იდაყვი;
  • მაჯა;
  • ქუსლები;
  • უკანა ტერფი.

 

რა უნდა ვიცოდეთ პოდაგრის რისკ-ფაქტორების შესახებ?

 

საკვებისა და სასმელების მოხმარება, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით პურინებს, ხელს უწყობს პოდაგრის განვითარებას. მათ შორის არის: 

 

  • ალკოჰოლური სასმელები;
  • ბეკონი;
  • ინდაური;
  • წითელი ხორცი;
  • ღვიძლი;
  • თევზი;
  • ხმელი ლობიო;
  • სოკო და ა. შ.

 

გაითვალისწინეთ, რომ პოდაგრას დიეტა ვერ განკურნავს, თუმცა ის დაგეხმარებათ შემდეგ საკითხებში: 

 

  • მტკივნეული შეტევების განმეორებით აღმოცენებისა და შარდმჟავას დონის ზრდის რისკების შემცირება;
  • სახსრების პროგრესირებადი დაზიანების პროცესის შენელება.

 

აღსანიშნავია, რომ პურინები არის საკვების შემადგენელი ქიმიური ნაერთები და ისინი ბუნებრივად არსებობს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც პურინების დაშლისას შარდმჟავას გამოიმუშავებს. როგორც წესი, ეს უკანასკნელი სისხლის ნაკადს უერთდება, შემდეგ კი სხეულიდან შარდის მეშვეობით გამოდის. თუმცა ზოგჯერ შარდმჟავა სისხლში გროვდება, რაც პოდაგრის შეტევას იწვევს.

 

პოდაგრა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ მისი განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

 

  • პოდაგრის საოჯახო ისტორია;
  • ჭარბწონიანობა;
  • ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა), რომელსაც პაციენტმა სათანადოდ არ უმკურნალა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • კორონარული არტერიული დაავადებები;
  • თირკმელების ქრონიკული დაავადება;
  • ალკოჰოლის მაღალი მოხმარება;
  • პურინებით მდიდარი საკვების მაღალი მოხმარება;
  • გარკვეული მედიკამენტების მოხმარება;
  • ბოლო დროს გადატანილი ტრავმა ან ოპერაცია.

 

პოდაგრის განვითარების რისკი ასევე მაღალია, თუ მამაკაცი ხართ. შანსებს ტყვიის ზემოქმედებაც ზრდის.

 

როგორ უნდა ვუმკურნალოთ პოდაგრას? 

სანამ იმაზე დავიწყებთ ფიქრს, თუ როგორ გავიქროთ პოდაგრა, პირველ რიგში საჭიროა მისი დიაგნოსტიკა, რაშიც რენტგენოლოგიური და სახსრების ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება დაგეხმარებათ. 

 

უშუალოდ მკურნალობის კურსს კი ექიმი-რევმატოლოგი განსაზღვრავს. საჭიროა დიეტის დაცვა, კერძოდ კი კვების რაციონიდან პურინებით გაჯერებული საკვების ამოღება. აღსანიშნავია, რომ პოდაგრის მკურნალობის დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის, ასევე ტუტე/მინერალური სითხის დალევა. 

 

გარდა ამისა, სილიკონისგან დამზადებული ორთოპედიული საშუალებები, როგორიცაა ფეხის თითების გამყოფები და ფიქსატორები, გამოიყენება პოდაგრის შედეგად გამოწვეული დეფორმაციის დროს. ეს პროდუქტები ეხმარება ფეხის ცერა თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში, ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს, ასევე ხელს უშლის დეფორმაციის პროგრესირებას.

 

პოდაგრის მკურნალობაში ასევე შეიძლება სხვადასხვა წამალი დაგეხმაროთ, ერთ-ერთი ასეთია ინდომეტაცინი (Indometacin). მას გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი, პოდაგრასთან ერთად, სხვა დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება, როგორებიც არის, მაგალითად: ფსორიაზული ართრიტი, სახსრების მიმდებარე ქსოვილების დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი და ა. შ.

 

გაფრთხილება: ინდომეტაცინი თვითნებურად არ უნდა გამოიყენოთ, მისი ტაბლეტები მიიღეთ ზუსტად იმ წესით, როგორც მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ.


გაითვალისწინეთ: საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ ისეთი პროდუქტები, როგორებიც არის, მაგალითად, სოდა და თაფლი პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა მათი ეფექტიანობა სამედიცინო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.