რა არის ალერგიული რინიტი და როგორ გავუმკლავდეთ მას?

ალერგიული რინიტი, რომელსაც თივის ცხელებასაც (Hay fever) უწოდებენ, არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ეს არის ერთგვარი ალერგიული რეაქცია ჰაერის წვრილ ნაწილაკებზე, რომელსაც ალერგენები ეწოდება. ალერგენები შეიძლება იყოს: ყვავილის ან ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი და ა.შ. ალერგიული რინიტი იწვევს ცემინებას, შეშუპებას, ცხვირის ქავილს, თვალების ქავილს და ცრემლდენას. 

ალერგიული რინიტი შეიძლება იყოს სეზონური და ქრონიკული.

სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციით ჰაერში გადატანილი ობის ან ხეების სპორებით, ბალახის და სარეველების მტვრით და ა.შ.

რაც შეეხება ქრონიკულ ალერგიულ რინიტს,  ასეთ დროს ადამიანებს აღენიშნებათ სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში. ქრონიკული ალერგიული რინიტი ძირითადად გამოწვეულია მტვრის ნაწილაკებით, შინაური ცხოველების ბეწვით ან ქერტლით, ობის სპორებით და სხვა გამღიზიანებლებით. 

რამდენად ხშირია ეს ალერგიული რეაქცია და რა იწვევს მას?

ალერგიული რინიტი ძალიან გავრცელებული ალერგიული რეაქციაა. იგი გლობალურ გამოწვევად არის დასახელებული, რადგან გვხვდება ყველა ქვეყანასა და ეთნიკურ ჯგუფში, ასევე, ვლინდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში. 

ალერგიულ რინიტს იწვევს იმუნური სისტემის რეაგირება ალერგენზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის იმუნური სისტემა არის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმი, ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში იგი ისეთივე რეაგირებას ახდენს ალერგენებზეც, როგორც ვირუსებსა და ინფექციებზე. 

ალერგიული რინიტის გამომწვევი ყველაზე ხშირი ალერგენები არის:

  • ხის სპორები და მტვერი - ხეების მიერ გამოყოფილმა მტვრის უმცირესმა ნაწილაკებმა (დამტვერვის პროცესმა) შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ალერგიული რინიტი. 
  • მცენარეებისა და სარეველების მტვერი - მცენარეების დამტვერვაც არის ალერგიული რინიტის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
  • ობის სპორები - ობის სპორები ადამიანებში ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს.
  • შინაური ცხოველების ბეწვი და ქერტლი - ადამიანი შეიძლება ალერგიული იყოს ცხოველების ბეწვია და ქერტლის მიმართ. ალერგიული რინიტის ყველაზე ხშირი გამომწვევები არიან ძაღლები და კატები, თუმცა ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს სხვა ცხოველების ბეწვსა და ქერტლზე.
  • მტვრის ტკიპები - მტვრის ტკიპები არიან პატარა მწერები, რომლებიც ადამიანის მკვდარი კანით იკვებებიან. ისინი გვხვდებიან ლეიბებზე, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე, ბალიშებსა და საწოლზე.  
  • ტარაკნები - ტარაკნების ნერწყვი და ნარჩენები საცხოვრებელ გარემოში შეიძლება გახდეს ალერგიული რინიტის გამომწვევი. 
  • სხვა გამაღიზიანებლები, როგორებიცაა: სიგარეტის კვამლი, სუნამოს სუნი, გამონაბოლქვი და ა.შ.

როგორია ალერგიული რინიტის სიმპტომები

ალერგიულ რინიტს აქვს გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორებიცაა: ცემინება, სურდო, თვალებისა და ცხვირის წვა და ქავილი,  ცრემლდენა და ა.შ. 

ალერგიული რინიტის ზოგადი სიმპტომები მოიცავს:

  • ცხვირის შეშუპება (გაჭედვა), ცემინება და გამონადენი ცხვირიდან
  • ხიხინი, ხველა და სუნთქვის გაძნელება
  • ყურების დაგუბება 
  • ცხვირის, ყელის და თვალების წვა
  • ცხვირის და თვალების ქავილი
  • თვალების ჩაწითლება
  • ყნოსვის დაქვეითება
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა
  • შრომისუნარიანობის შემცირება
  • დეპრესია.

იმის მიხედვით, თუ როგორი გავლენა აქვს ალერგიულ რინიტს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განარჩევენ მსუბუქ ან საშუალო/მძიმე ფორმებს. შესაბამისად, ალერგიული რინიტის დროს სიმპტომებთან ერთად მნიშვნელოვანია შეფასდეს დაავადების გავლენა ცხოვრების ხარისხზე.

საშუალო და მძიმე ალერგიულ რინიტს ახასიათებს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი გავლენები ცხოვრების ხარისხზე:

  • ძილის დარღვევები
  • დაქვეითებული კონცენტრაცია და ფოკუსირება
  • გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება
  • ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვა
  • გაღიზიანებადობა
  • ხელისა და თვალის კოორდინაციის დარღვევა
  • შრომითი/სასწავლო აქტივობების შეზღუდვა
  • შემაწუხებელი სიმპტომები
  • დაღლილობა
  • შეზღუდული მოძრობა და ფიზიკური აქტივობა.

დაავადების რისკ-ფაქტორები და გართულებები

ზოგადად, ალერგია მემკვიდრეობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენს მშობლებს აქვს/ჰქონდათ ალერგიული რინიტი, მაღალია ალბათობა, რომ იგი თქვენც გამოგივლინდებათ. გარდა გენეტიკისა, ალერგიული რინიტის რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს:

  • კლიმატური პირობები;
  • სქესი (მამრობითი სქესის ადამიანებში ალერგიული რინიტის მაჩვენებელი უფრო მაღალია);
  • ანტიბიოტიკების ადრეული გამოყენება;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მშობლის მიერ თამბაქოს მოხმარება პრენატალურ და ადრეულ პოსტნატალურ პერიოდებში;
  • მომატებული სპეციფიკური იმუნოგლობულინის დონე.

ალერგიული რინიტს შეიძლება ახლდეს ორ მნიშვნელობა გართულება: ცხვირის პოლიპები და სინუსიტი.

ცხვირის პოლიპები არის ცხვირის ლორწოვან გარსზე ან სინუსებში (ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებში) არსებული წანაზარდები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რინიტით.

რაც შეეხება სინუსიტს, იგი ამ ალერგიული რეაქციის ზოგადი გართულებაა. სინუსიტის დროს სინუსები შეშუპებული და ინფიცირებულია და მათში დაგროვილი ჭარბი ლორწო, როგორც წესი, ცხვირის ღრუდან ჩამოედინება, გამონადენის სახით.

როგორ ხდება ალერგიული რინიტის დიაგნოსტირება

ალერგიული რინიტის დიაგნოზი ისმება ანამნეზის (მათ შორის რისკ-ფაქტორების განსაზღვრის), გამოვლენილი სიმპტომების, ფიზიკური გამოკვლევისა და დიაგნოსტიკური ტესტების ერთობლიობის საფუძველზე.

ალერგიული რინიტის დიაგნოსტირებისთვის დიაგნოსტიკური ტესტებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული კანის ტესტები.

კანის ტესტის დროს მცირე რაოდენობით საეჭვო ალერგენები შეჰყავთ ადამიანის კანქვეშ ნემსის გამოყენებით. კანის ტესტები არის ალერგენების იდენტიფიცირების ყველაზე ეფექტური გზა, რადგან მათი მეშვეობით ვლინდება რომელ ალერგენებზეა მგრძნობიარე ადამიანი.

როგორ მკურნალობენ ალერგიულ რინიტს

ალერგიული რინიტის მკურნალობისთვის განსხვავებული მეთოდები გამოიყენება.

პირველი მიდგომა ალერგიული რინიტის სეზონური ან ქრონიკული ფორმების მკურნალობისთვის არის აცილება, რაც გულისხმობს, რომ საწყისი ეტაპიდანვე თავიდან ავიცილოთ ალერგენები (მაგალითად: მტვერი, ბეწვი და ა.შ), რომლებიც იწვევენ სიმპტომებს. 

მსუბუქი ალერგიული რინიტის დროს ცხვირის გამორეცხვა დაგეხმარებათ ცხვირიდან ლორწოს გამოტანაში. ამისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ მარილიანი ხსნარი აფთიაქში ან გააკეთოთ ის სახლში (1 ჭიქა (240 მილილიტრი) გამოხდილი ან ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი (3 გრამი) მარილი და მწიკვი სოდა).

მწვავე ალერგიული რინიტის მკურნალობისთვის იყენებენ მედიკამენტებს სხვადასხვა ფორმით - პერორალური ტაბლეტები, თხევადი წამლები, ცხვირის სპრეი და თვალის წვეთები. 

ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ტიპის მედიკამენტები:

  • ანტიჰისტამინები - ანტიჰისტამინური მედიკამენტები ახდენენ ჰისტამინის ბლოკირებას, რომელსაც სხეული გამოყოფს ალერგიული რეაქციის დროს. ანტჰისტამინია, მაგალითად: ლორანექსი
  • დეკონგესტანტები - ხსნიან შეშუპებას ცხვირსა და სინუსებში. დეკონგესტანტები ხშირად გვხვდება ცხვირის სპრეების სახით.
  • კორტიკოსტეროიდები - ცხვირის სპრეები ან ინჰალატორები, რომლებიც ამცირებს ანთებას და ხსნის ალერგიული რინიტის სიმპტომებს.  მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ცხვირის შეშუპება, ცემინება, ქავილი და სურდო. კორტიკოსტეროიდული სპრეები ზოგადად უსაფრთხოა ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.
  • ლეიკოტრიენის ინჰიბიტორები - ალერგიული რეაქციის დროს თქვენი სხეული გამოყოფს ლეიკოტრიენებს, ჰისტამინს და სხვა ქიმიკატებს, რომლებიც იწვევენ ანთებას და ალერგიული რინიტის სიმპტომებს. ლეიკოტრიენის ინჰიბიტორები  ბლოკავს ლეიკოტრიენს. მსგავსი ტიპის მედიკამენტები ხელმისაწვდომია მხოლოდ რეცეპტით. 

ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია იმუნოთერაპია. იმუნოთერაპია შეიძლება რეკომენდებული იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისთან მიმართებითაც მედიკამენტური მკურნალობა არ მუშაობს ან ეფექტიანი არაა. 

იმუნოთერაპიის ორი მნიშვნელოვანი ტიპი არსებობს: ალერგიის საწინააღმდეგო აცრები და სუბლინგვური (ენის ქვეშ დასადები) ტაბლეტები - ალერგიის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე პაციენტები ყოველდღიურად იყენებენ ენის ქვეშ დასადებ ტაბლეტებს ალერგიული რინიტის თავიდან ასაცილებლად და სიმპტომების სამართავად.

გაითვალისწინეთ, რომ ალერგიული რინიტის მკურნალობისთვის არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკების გამოყენება და ქირურგიული ჩარევა ცხვირზე.

როგორ შეგვიძლია დაავადების პრევენცია

ალერგიული რინიტის თავიდან აცილების მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების შემცირება, თუ გაითვალისწინებთ:

  • დახურეთ ფანჯრები დამტვერვის ან ჰაერის დაბინძურების პერიოდში. გამოიყენეთ კონდიციონერი სახლსა და მანქანაში. კონდიციონერში გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი ფილტრები, რათა შეამციროთ ჰაერში ალერგენების რაოდენობა.
  • მოარიდეთ შინაური ცხოველები საწოლებსა და რბილ ავეჯს. 
  • ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით შინაურ ცხოველებთან თამაშის შემდეგ.
  • ატარეთ ქუდი და სათვალე, რომ დაიცვათ თვალები მტვრისგან, როცა გარეთ ხართ. 
  • გამოიცვალეთ მტვრის ნაწილაკებით დაბინძურებული ტანსაცმელი, როგორც კი სახლში შეხვალთ.