
ალბუმინი არაგლიკოზირებული ცილაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად გვხვდება. ის 12-15 გრამის ოდენობით ღვიძლში არსებული პარენქიმიური უჯრედების მიერ სინთეზირდება და საერთო ცილის დაახლოებით 60%-ს შეადგენს.
ალბუმინი (ალბუნორმი) პლაზმაში ონკოზური წნევის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და თავისუფალი მჟავების, ჰორმონების, ბილირუბინის, ლითონის იონებისა თუ მედიკამენტების ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. ასევე, ცილის ერთგვარი რეზერვია. შესაბამისად, როცა ალბუმინი სისხლში დაბალი შემცველობითაა, წამლების მოქმედებას ხელი ეშლება.
ჩვეულებრივ, ალბუმინი შრატში 18-20-დღიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით ხასიათდება, რომელიც მძიმე ინფექციების, ქირურგიული ჩარევების, სისხლდენის, ცილების დაკარგვის ან კანის ფუნქციის დარღვევის დროს მცირდება.
ალბუმინი მომატებული შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობებისას, როგორიცაა გაუწყლოება, ინფექციური დაავადებები, დამწვრობა და სხვა. მაღალი ალბუმინი შარდში მარტივად ფიქსირდება, თუმცა დაბალი დონის მიმართ შარდის ტესტი ნაკლებად მგრძნობიარეა.
ალბუმინის ნორმა ქალებსა და კაცებში 33-55 გ/ლ-ა, ხოლო ბავშვებში — 32-*6გ/ლ.
იქიდან გამომდინარე, რომ ალბუმინი ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ცილაა, ის გადასასხმელი სახით ფლაკონებითაა ხელმისაწვდომი.
როგორია გადასასხმელი ალბუმინის ანოტაცია
ალბუმინი 100 მლ. და 50 მლ. ფლაკონშია ხელმისაწვდომი. მასში დანამატებია: ნატრიუმის კაპრილატი, N-აცეტილ-DL-ტრიპტოფანი, საინექციო წყალი და ნატრიუმის ქლორიდი, რომელიც ნატრიუმის იონის სახითაა წარმოდგენილი.
კოლოიდოოსმოსური ეფექტის მხრივ 20%-აინი ალბუმინი სისხლის პლაზმისას დაახლოებით ოთხჯერ აღემატება, ამიტომ მისი მიღებისას პაციენტის სათანადო ჰიდრატაციაა საჭირო (თავიდან უნდა ავიცილოთ ჰიპერჰიდრაცია). ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ხსნარში ელექტროლიტების შემცველობა შედარებით დაბალია, ვიდრე 4-5%-იანში, შესაბამისად ინფუზიის გამოყენებამდე ადამიანის სხეულში ელექტროლიტური ბალანსი უნდა შემოწმდეს, რათა ის ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს.
ალბუმინი არ უნდა გააზავოთ საინიექციო წყალთან, რადგან შესაძლებელია, ამან ჰემოლიზი გამოიწვიოს. დიდი მოცულობების ჩანაცვლების საჭიროებისას აუცილებელია კოაგულაციისა და ჰემატოკრიტის კონტროლი და სისხლის შემადგენელი სხვა კომპონენტების ჩანაცვლებაც.
ალბუმინის შიდავენური ინფუზია სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მათ შორისაა:
- ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა-შენარჩუნება მაშინ, როცა მისი დეფიციტი ფიქსირდება ან იმ შემთხვევაში, თუ კოლოიდის გამოყენებაა საჭირო;
- ჰიპოალბუმინემიისას, როცა ცილების დაკარგვა შეინიშნება, შემდგომში კი თირკმელებისა და ღვიძლის შეშუპება ვითარდება;
- ღვიძლის დაზიანების გამო ცილების შეფერხებით წარმოქმნისას;
- ექსტრავაზალური სითხიდან წყლის გამოდევნის საჭიროებისას, რაც შესაძლოა, ფილტვების ან ტვინის შეშუპების, დამწვრობისა და სხვა მსგავსი შემთხვევების დროს მოხდეს;
რა დოზებით და როგორ მიიღება პრეპარატი
ალბუმინი შიდავენური ინფუზიაა, ამიტომ მისი შეყვანა უშუალოდ ვენაშია რეკომენდებული. ასევე, შესაძლებელია, რომ ის იზოტონურ ხსნარში გაზავდეს, როგორიცაა 5% გლუკოზა ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი. დოზები და ინფუზიის სიჩქარე პაციენტის საჭიროებაზეა დამოკიდებული.
დოზის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა ადამიანის წონას, არსებულ ტრავმას, დაავადების სიმძიმესა და ორგანიზმში ცილებისა და სითხის დაკარგვის მაჩვენებელს. სასურველია, რეგულარულად გაკონტროლდეს ჰემოდინამიკა. ეს მოიცავს როგორც არტერიული წნევისა და პულსის, ისე ცენტრალური ვენური და ფილტვის არტერიის წნევის შემოწმებას. ასევე, შარდის გამოკვლევასა და ელექტროლიტებისა თუ ჰემატოკრიტის/ჰემოგლობინის დონის განსაზღვრას.
მიღების მაქსიმალური სიჩქარე წუთში 1 მილიგრამია, რაც 20 წვეთის ეკვივალენტურია. ალბუმინის ხსნარი ვენაში ძალიან ნელა უნდა შეიყვანოთ, რადგან მას წყალთან შეკავშირების უნარი აქვს. შესაძლოა, ძალიან სწრაფად გაიზარდოს ცირკულაციაში არსებული სისხლის ოდენობაც, რასაც, პოტენციურად, სისხლის მიმოქცევის სისტემის გადატვირთვა შეუძლია.
მოზრდილებში დღის განმავლობაში სხეულში შეყვანილი ალბუმინის რაოდენობა 200-300 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, ბავშვებსა და ახალშობილებში ხსნარი უფრო მცირე რაოდენობით გამოიყენება.
ჭარბი დოზირებისა და ინფუზიის მაღალი სისწრაფის შემთხვევაში ჰიპერვოლემიის განვითარების რისკი იმატებს, რაც ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდას ნიშნავს. ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, როგორც კი სისხლის გადატვირთვის ნიშნები (თავის ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა და საუღლე ვენების დაცობა), არტერიული და ვენების წნევის მომატება ან ფილტვების შეშუპება გამოგივლინდებათ.
როგორია ალბუმინის ხსნარის უკუჩვენებები და არასასურველი ეფექტები
ალბუმინის ხსნარი უკუნაჩვენებია რამდენიმე შემთხვევაში. მათ შორისაა:
- ალბუმინის პრეპარატის ან ხსნარში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- მწვავე გაუწყლოება;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
- მაღალი წნევა;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა;
გასათვალისწინებელია, რომ სისხლის დიდი ოდენობით დაკარგვისას ან ტრავმული შოკის მკურნალობისას 20% ალბუმინის ნაცვლად 5%-იანის გამოყენებაა რეკომენდებული.
ასევე, 20%-იანმა ხსნარმა შესაძლოა, არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს, ამიტომ მწვავე ჰიპერტენზიის, გულის ან თირკმელების უკმარისობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
სიფრთხილე გმართებთ ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევაშიც (რაც ინფუზიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს) და ჰიპერვოლემიის ან ჰემოდილუციის რისკების დროს. ასეთ შემთხვევებად მოიაზრება:
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
- ჰიპერტენზია;
- ფილტვების შეშუპება;
- ეზოფაგური ვარიკოზი;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- თირკმელების დაავადება;
- პოსტრენული ანემია;
- მწვავე ანემია.
არასასურველ ეფექტებს შორისაა ზომიერი სიმძიმის რეაქციები, მაგალითად, გულისრევა და ჭინჭრის ციება. ჩვეულებრივ, ისინი ინფუზიის შეწყვეტისას ან სიჩქარის შენელებისას სწრაფად ქრება. იშვიათად ვლინდება მწვავე რეაქციები, შოკის სახით, რა დროსაც გადასხმა უნდა შეწყდეს და სათანადო თერაპია დაიწყოს.
ჯანმრთელ ადამიანების სხეულში შეყვანილი ალბუმინის ხსნარის 10%-ზე ნაკლები ინტრავასკულური (სისხლძარღვების შიდა) არეალიდან გამოიდევნება. ეს ინფუზიიდან 2 საათის შემდეგ ხდება.
პლაზმის მომატებაზე მისი გავლენა სხვადასხვაგვარია: პაციენტთა ნაწილში პლაზმის მოცულობა რამდენიმე საათის განმავლობაშია მომატებული; ზოგიერთ კრიტიკულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ალბუმინმა ვასკულურ სივრცეში მნიშვნელოვანი ოდენობითა და არაპროგნოზირებადი სიჩქარით გაჟონოს.
რაც შეეხება ორსულობას, კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მიხედვით, ამ დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არაა. ამის მიუხედავად, კლინიკური გამოცდილება მიანიშნებს, რომ ალბუმინის ხსნარს მავნე გავლენა არ აქვს არც ფეხმძიმე ქალზე და არც ნაყოფსა თუ ახალშობილზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account